პროექტი, სახელწოდებით PASTELS, საცხოვრებელ ბინას მოიცავს და ინტერიერის დიზაინ სტუდია Due-ს მორიგ დასრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს. სახლი, რომლის ფართობი 170 კვადრატული მეტრია, იპოდრომის მიმდრებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი მფლობელი ახალგაზრდა წყვილია ორი ბავშვით, ამიტომ დამკვეთის მთავარ მოთხოვნას – მყუდრო, ნათელი და კომფორტული ინტერიერის შექმნა წარმოადგენდა.
კონცეფციის შემუშავებისას, ოჯახის სურვილის გათვალისწინებით, დიზაინერები შეეცადნენ ბინაში მაქსიმალურად ჰარმონიული ატმოსფერო შეექმნათ, თუმცა გეგმარებიდან გამომდინარე, გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ – ვიტრაჟის განლაგება ბუნებრივი სინათლის შემოსვლას უშლიდა ხელს, დაბალი რიგელები კი მზის შუქს კიდევ უფრო ახშობდა. დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორებმა სივრცეს ნაზი და მსუბუქი, პასტელური ფერების პალიტრა შეურჩიეს, რამაც ბინას ნათელი და ჰარმონიული იერსახე შესძინა. რადგან რიგელების მძიმე ვიზუალი საერთო ესთეტიკას არღვევდა, ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინი დეკორატიული თაროების შეუმჩნეველ ნაწილად აქციეს.
სივრცეში გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულო ოთახს ვხვდებით, რომელშიც საოცრად თბილი და მყუდრო ატმოსფერო იგრძნობა. ოთახი მაქსიმალურად პრაქტიკულადაა დაგეგმარებული, ისე რომ მოცულობითი სივრცე გამოჩნდეს და ამავდროულად, მაცხოვრებლებისათვის ყველა საჭირო ნივთი თუ ავეჯი საჭიროებისამებრ სწორად განთავსდეს. ცენტრალურ ნაწილში არსებული მასიური, კრემისფერი დივანი გემოვნებიანად ეხამება ხისფერ იატაკსა და მის წინ მოთავსებულ საინტერესო დიზაინის მქონე პატარა, მრგვალ მაგიდას, რომელშიც ასევე ხის დეტალები სჭარბობს.
კედელზე გამოყვანილი ორიგინალური სათავსოები, ერთი მხრივ, სივრცის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ინტერეს ორიგინალურ და მომხიბვლელ იერსახეს ანიჭებს, რომლის ეფექტსაც მათზე დამონტაჟებული განათება კიდევ უფრო აძლიერებს. თაროებზე განთავსებული აქსესუარები კი იდეალურად ჯდება ბინის ხასიათში და ინდივიდუალურ შტრიხებს მატებს სივრცეს. ყურადღებას იქცევს გამწვანება, რომელიც ჰარმონიულად ინტეგრირდება საერთო დიზაინში.
ავეჯის დეტალებზე ნატურალური ხის ფაქტურა ჭარბობს, ჭერზე, უმეტესად, მინიმალისტური განათებებია გამოყენებული. ამ მხრივ გამოირჩევა მისაღები ოთახის Vibia-ს ბრენდის ჭერის სანათი, რომლის სადა, მაგრამ საინტერესო ფორმა იდეალურად ერწყმის ბინის საერთო ესთეტიკას.
რაც შეეხება სამზარეულოს, ის მისაღებთან არის გაერთიანებული, თუმცა მიუხედავად მყარი ტიხრების არარსებობისა, ზონირება საკმაოდ მკაფიოა. აქვე გვხვდება საკმაოდ დიდი ზომის კუნძული, რომელიც სამუშაო ზედაპირის გარდა, სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ითავსებს.
ამ ზონაშიც გვხვდება Vibia-ს პროდუქციის კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტი – ხასხასა, ტერაკოტას ტონალობის მქონე ჭაღი, რომელიც მონოქრომულ სივრცეში სახასიათო კონტრასტს ქმნის და ინტერიერს ერთგვარად აცოცხლებს.
ყურადღებას იქცევს კრემისფერი სამზარეულოს ავეჯიც, რომელიც აქ განთავსებულ სკამების ტონალობასთან ერთად, საერთო ხასიათს წარმოშობს და ბინას სიმშვიდითა და დადებითი აურით ავსებს.
საერთო სივრცისთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი ნარჩუნდება ბავშვების საძინებელშიც. თუმცა დიზაინერების გადაწყვეტილებით, აქ განსხვავებული დეტალებიც იჩენს თავს, როგორიცაა ხალისიანი ფერებისა და ფუმფულა საწოლების დამატება. ბიჭის ოთახი ნაზ მწვანე ტონალობაშია გადაწყვეტილი, გოგოსი კი ლიმონისფრისა და ვარდისფრის სასიამოვნო კომბინაციითაა შექმნილი. ბავშვების კომფორტისთვის მათ ოთახებში გასართობი და სამეცადინო კუთხეებიც მოეწყო.
ბიჭის საძინებელში საკმაოდ კომფორტულ, ღია ყავისფერ საწოლს ვხვდებით, რომელიც დივნის ფუნქციასაც ასრულებს. ორიგინალურად ჩართული მწვანე ფერი ოთახის ღია ტონალობას ჰარმონიულად ეხამება და სივრცეში განსხვავებულ, ხალისიან აქცენტებს ქმნის. ოთახში განსაკუთრებულ ადგილს სამეცადინო და გასართობი/სავარჯიშო ზონა იკავებს, რომელიც საძინებელს უფრო ფუნქციურსა და პრაქტიკულს ხდის.
გოგოს საძინებელში საწოლისა და სამეცადინო კუთხის დიზაინი მეორდება, თუმცა საინტერესო შტრიხებია დამატებული კედელში გამოყვანილი თაღოვანი დასაჯდომისა და ორიგინალური, ბუშტების ფორმის სანათის სახით. ეს დეტალი ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლსა და მიმზიდველობას სძენს და ოთახში სახასიათო, დასამახსოვრებელ სურათს ქმნის.
მთავარი საძინებელი შედარებით მუქი ტონებით ხასიათდება. სიცივისა და სიმკაცრის დასაბალანსებლად კი განათებაა გამოყენებული, რაც ამ ზონას ინტიმურობასა და სიმყუდროვეს ანიჭებს. საკმაოდ საინტერესო ხასიათს ქმნის კედელზე განთავსებული ორიგინალური დეკორატიული სარკეც, რომელიც განათების დამატებით კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება.
მთავარი საძინებლის გარდერობი დაბურული შუშის გასაგორებელი მინის ტიხრებითაა შემოსაზღვრული. ამ ტექნიკის საშუალებით პროექტის ავტორებმა შესაძლებელი გახადეს ოთახში სივრცის შეგრძნების მაქსიმალურად შენარჩუნება და ამავდროულად, სრულფასოვანი, ტევადი საგარდერობო ზონის შექმნა.
მოცემული პროექტი ზომიერებითა და ნეიტრალური ტონალობით ხასიათდება. სივრცე მაქსიმალურად პრაქტიკულად და სწორადაა ათვისებული, რაც საშუალებას იძლევა, ის ვიზუალურად უფრო მოცულობითი და ნათელი წარმოჩნდეს. ინტერიერში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს განათება, რომელიც საინტერესო იერს ანიჭებს სახლს, სანათების დიზაინი კი სივრცეს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებითDue–ს გუნდმა შეძლო ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა საკუთარი დამკვეთისთვის, რომელიც არა მხოლოდ დახვეწილობისა და ელეგანტურობის სინთეზით ხასიათდება, არამედ მაცხოვრებლებისთვის კომფორტისა და სიმყუდროვის მთავარ წყაროს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, მას წარმატებულ დიზაინ პროექტად აქცევს.
დიზაინ სტუდია: Due
გამოყენებული ბრენდები: Vibia; Bonaldo; Calligaris; Kartell; Flos; Zava.