“ყვავილების მაღაზია ამელი“, რომელიც ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს, თავის ერთგულ მომხმარებელს მუდმივად სიახლეებსა და მრავალფეროვნებას სთავაზობს. 8 წლიანი გამოცდილების შედეგად, „ამელიმ“ ბაზარზე არსებული განსხვავებული საჭიროებები დაინახა და ქართველ მომხმარებელს მათზე მორგებული მომსახურება შესთავაზა. როგორც მაშინ აღმოჩნდა, ადამიანებს სურდათ თაიგულების გაგზავნა არა მხოლოდ სადღესასწაულოდ, არამედ სამწუხარო/სამგლოვიარო თარიღების დროსაც, რათა ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმით გამოეხატათ. ამავდროულად, დიდი მოთხოვნა გაჩნდა სხვადასხვა ღონისძიების გაფორმებასა და მოწყობაზე.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს “ამელის” ბრენდი, გარდა ყვავილების მაღაზიისა, სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს – ფლორისტიკის სკოლა (კომპანია იყო პირველი, რომელმაც მსგავსი ტიპის სასწავლო დაწესებულება შექმნა); პლატფორმა Gvirgvini.ge, რომელიც მალე მომხმარებელს სარიტუალო თაიგულებს შესთავაზებს და “ამელი ჰოუმი” (ameliehome.ge), ყვავილების გამოწერის ავტომატური სერვისი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყვავილებს ხშირად ყიდულობენ არა საჩუქრად, არამედ საკუთარი თავისა და სახლისთვის. Ameliehome.ge სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და მისი კონცეფციის შესახებ დღეს ბრენდის თანადამფუძნებელი, ნუკა ბარბარე ჩოხელი გვიამბობს.
ნუკა, პირველ რიგში, გვიამბეთ როგორ შეიქმნა „ამელი“?
მე და ბრენდის თანადამფუძნებელი, სალი წილოსანი, „ამელის“ შექმნის დღიდან შთაგონებულები ვართ იმით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჩამოუყალიბდეს ყვავილების ყიდვის ჩვევა და ამით სიხარული მიანიჭონ როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავსაც. ჩვენც ყოველთვის გვქონდა და გვაქვს სახლში ყვავილი. სწორედ ამან განაპირობა „ამელის“ შექმნაც. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, რომლებმაც ყვავილების მიტანის შესაძლებლობა შევთავაზეთ მომხმარებლებს და მუდმივად ვცდილობთ, დავნერგოთ სიახლე ამ სფეროში. Ameliehome.ge-ც ერთ-ერთი მათგანია, სადაც ადამიანებს ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ ყვავილების გამოწერა, რაც საოცრად კომფორტულს ხდის მათი შეძენის პროცესს.
კონკრეტულად რას გულისხმობს “ამელი ჰოუმი” და რა მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებელს?
Ameliehome.ge არის საქართველოში პირველი ყვავილების (და არა თაიგულების) გამოწერისა და სახლში მიტანის ავტომატური სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სასურველი დროისა და ინტერვალის პერიოდში მრავალფეროვანი ყვავილების მიწოდებას. მომხმარებელი ვებგვერდზე ავსებს ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას – რა სახეობები არ მოსწონს, არ უყვარს, როგორი ფერები იზიდავს. ასევე, არსებობს დამატებითი ველი კომენტარისთვის, თუკი რაიმეს მითითება გსურთ. ჩვენ კი მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინებით, ვქმნით ყვავილების განსხვავებულ ნაკრებებს, მათ კი სასურველ დროს ამანათი სახლში მიეწოდებათ, რათა სივრცეში მუდმივად ჰქონდეთ ახალი, ცოცხალი ყვავილები ჰოლანდიიდან, რომელიც სეზონების მიხედვით იცვლება.
საიდან გაჩნდა “ამელი ჰოუმის” შექმნის იდეა?
იდეა ხუთი წლის წინ, ერთ-ერთ ტრენინგზე გამიჩნდა, რომელიც სერვისების გამარტივებას შეეხებოდა, თუ როგორ გამხდარიყო სამომხმარებლოდ უფრო ადვილი გამოსაყენებელი სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებები. იმის გამო, რომ „ყვავილების მაღაზია ამელის“ დიდი ხანია ჰყავს ისეთი მომხმარებელი, რომელიც საკუთარი თავისთვის და სახლისთვის სისტემატურად ყიდულობს ყვავილებს (ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა მათ ერთიანად გადაუხდიათ თანხა, რათა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაზღვრული რაოდენობის თაიგულები მიგვეწოდებინა), ვფიქრობდით, როგორ გაგვემარტივებინა ყვავილების შეძენის პროცესი, რათა ის მაქსიმალურად კომფორტული გაგვეხადა და ადამიანებს თავი აერიდებინათ ზედმეტი ფიქრის, დროისა და ენერგიის დანახარჯისგან. ასე დაიბადა და შემდეგ უკვე განხორციელდა “ამელი ჰოუმის” კონცეფცია. პირობითად, რომ შეიძლებოდეს პურის ან წყლის ყოველდღიური გამოწერა სახლში მიტანის სერვისით და ეს ყველაფერი ლოჯისტიკურად დალაგებული და გამართული იყოს, ადამიანები დიდ დროს დაზოგავდნენ და ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდიდნენ. მართალია, სამწუხაროდ, ყვავილებზე არ არის ასეთი მოთხოვნა, მაგრამ გვინდოდა მათი ყიდვის პროცესი მაქსიმალურად ადვილი და მოსახერხებელი გაგვეხადა. ვებგვერდის სტრუქტურაც სიმარტივით გამოირჩევა, სულ სამი პაკეტია განთავსებული და სასურველის არჩევის შემთხვევაში, სახლში მუდმივად ახალმოჭრილი, ულამაზესი ყვავილები გაქვთ. გვინდოდა ეს პლატფორმა თავდაპირველი ჩანაფიქრის ანალოგი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი ველოდით მის განხორციელებას, გვიხარია, რომ ამ მიმართულებითაც პირველები ვართ და “ამელის” ნოვატორული ხელწერა ამ კუთხითაც შენარჩუნებულია.
რა იყო ყველაზე რთული სერვისის შექმნის პროცესში?
როგორც უკვე აღვნიშნე, ameliehome.ge-ზე მომხმარებელს სამი სხვადასხვა პაკეტის გამოწერის შესაძლებლობა აქვს – სტანდარტული, განსაკუთრებული და პრემიუმ პაკეტები, რომლებიც ყვავილების ხარისხითა და მოცულობით განსხვავდება და შესაბამისად, ფასიც ცვალებადია. პაკეტის გამოწერა შეგიძლიათ ერთჯერადად, ერთი თვის, სამი თვის ან ერთი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთჯერადი შეძენისგან განსხვავებით, დანარჩენ სერვისებზე გარკვეული ფასდაკლებაც მოქმედებს, მომხმარებელი კი სასურველი პაკეტის ღირებულების ამანათს იღებს. ყველაზე რთული სერვისის შექმნის პროცესში სწორედ ეს იყო, – პაკეტების ღირებულება ზუსტად განგვესაზღვრა, ისე, რომ ეს მომხმარებლისთვისაც ხელსაყრელი ყოფილიყო და კომერციულადაც საინტერესო. ბაზარი ძალიან ცვალებადია და ყვავილები, სეზონიდან გამომდინარე, მუდმივად ახლდება. ჩვენ არ გვსურდა, აღნიშნულ პაკეტებს ყოველთვიურად განსხვავებული ღირებულება ჰქონოდათ. მნიშვნელოვანი იყო მოსალოდნელი რისკების გათვალისწინება – ყვავილების ჩამოტანის ღირებულების გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებელი არ უნდა დაზარალებულიყო და არც თავდაპირველი შეკვეთისგან განსხვავებული, შედარებით დაბალი ხარისხის პროდუქცია უნდა მიეღო. სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებოდით ამ დროის განმავლობაში და მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს სერვისი მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე მოგვერგო ისე, რომ ფასის სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.
გარდა იმისა, რომ ameliehome.ge საქართველოში პირველი ყვავილების გამოწერის ავტომატური სერვისია, კიდევ რას სთავაზობს მომხმარებელს?
ჩვენ მომხმარებელს ჰოლანდიიდან ტრანსპორტირებულ ყვავილების ნაკრებს ვთავაზობთ. ისინი, განსხვავებით გარეთ ნაყიდი ყვავილებისგან უფრო დიდხანს ძლებენ და არჩევანის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ ისეთ სახეობას გავეცანით, რომლებიც აქამდე არ გვენახა. “ამელი ჰოუმის” განსაკუთრებულობა ისიცაა, რომ ყოველ ახალ ამანათში მომხმარებლები აღმოაჩენენ ისეთ სახეობას, რომლებსაც საქართველოში ჯერ არ იცნობენ. მაგალითად, ახლა ასეთ ნაკრებში იყო ფორსიტია – დიდი აყვავებული ყვითელი ტოტი, რომელიც ლარნაკში ჩადების შემდეგ იშლება. ჰოლანდიიდან იმპორტირებული ყვავილები მინიმუმ ერთი კვირა – ათი დღე თავისუფლად ძლებს. ასევე, ყუთში მოთავსებულია დამატებითი საკვები მცენარეებისთვის და შეგიძლიათ ის ლარნაკში მოათავსოთ, რომ ყვავილებმა უფრო დიდხანს იცოცხლონ. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით ვმუშაობთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყვავილები სპეციალურ შეფუთვაშია და განსაკუთრებული საჭიროების მცენარეებს წყლის კაფსულებიც აქვთ, შესაძლებელია მიწოდების არეალი გავაფართოოთ და რეგიონებიც მოვიცვათ. გარდა ამისა, იქმნება “ამელი ჰოუმის” გამომწერთა საზოგადოება. ყველა ამანათს მოჰყვება შენახვის ინსტრუქცია და QR კოდი. Ameliehome.ge-ს ინსტაგრამ გვერდზე კი მუდმივად განახლებადი ინფორმაციის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ყვავილის მოვლისა და შენახვის წესებს, სადაც ჩვენ მათ ვასწავლით ყვავილის ზრუნვისა და გაფორმების ხერხებს.
როგორი ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი ameliehome.ge?
პირველ რიგში, ეს სერვისი არის ჩვენი ერთგული და ლოიალური მომხმარებლისთვის, ვინც აქამდეც აქტიურად ყიდულობდა „ამელიში“ ყვავილებს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, იშვიათად არიან სახლში და ცდილობენ, ეს დისტანცია რამენაირად შეავსონ და საყვარელი ადამიანებისადმი ყურადღება ამ ფორმით გამოხატონ. ამავდროულად, “ამელი ჰოუმი” დღის განმავლობაში ძალიან დაკავებული ადამიანებისთვისაა, რომლებსაც დრო აღარ რჩებათ ზედმეტი კომუნიკაციისთვის ყვავილების მაღაზიასთან შეკვეთის გასაფორმებლად, ან საქმეებიდან გამომდინარე, ხშირად ავიწყდებათ, რომ ყვავილების მეშვეობით შესაძლებელია მუდმივი დღესასწაულის მოწყობა. ჩვენი ერთგვარი გზავნილია შემდეგი: „თუ თქვენ ხართ Netflix-ის გამომწერი, რატომ არ უნდა გამოიწეროთ ამელი ჰოუმი?!“ ამით იმის თქმა გვინდა, რომ შესაძლოა Netflix-ს არ უყურებდეთ ყოველ საღამოს, მაგრამ როცა ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, იცით, რომ გაქვთ წვდომა უამრავ კარგ ფილმსა თუ სერიალზე. ზუსტად ასეა “ამელი ჰოუმის” შემთხვევაშიც, შეიძლება არ გქონდეთ ყვავილების ასარჩევად და საყიდლად დრო, მაგრამ სახლში მისული აღმოაჩენთ მრავალფეროვან ნაკრებს, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას ქმნის და თქვენს სივრცეს ალამაზებს.
და ბოლოს, ზოგადად როგორ შეაფასებდით ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულებას ყვავილების შეძენასთან მიმართებით?
8 წლის წინ, როდესაც ჩვენ ამ საქმეს ვიწყებდით, მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. დღეს კი სრულიად განსხვავებული სურათია, რაშიც, ვფიქრობთ, “ამელის“ დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ჩვენ ადამიანებს ჩვევად დავუნერგეთ დაბადების დღეებსა თუ მნიშვნელოვან თარიღებზე თაიგულისა და ყვავილების გაგზავნის საჭიროებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ameliehome.ge-ს მეშვეობით სახლში ყვავილის ქონის ჩვევასაც ხელს შევუწყობთ, რათა ადამიანებმა მუდმივად შეინარჩუნონ პოზიტიური განწყობა საცხოვრებელ სივრცეში.
ვიდეოს ავტორი: George Van de Kamp