in

თანამედროვე ინტერიერი კლასიკური შტრიხებით შატბერაშვილის ქუჩაზე- სტუდია Abigroup-ის ნამუშევარი

შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის ფართობი 140 კვადრატულ მეტრს შეადგენს, არქიტექტორ გიორგი შანშიაშვილისა და ნინი ლაფაურის ნამუშევარს წარმოადგენს. საპროექტო დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო თანამედროვე ინტერიერი კლასიკური ელემენტებით.

პროექტის ავტორების თანახმად, გეგმარებაზე მუშაობის მთავარ გამოწვევას, ბინის სიძველის გამო დასახული კონცეფციის არსებულ სისტემებზე მორგება წარმოადგენდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო კლასიკური სტილის დოზირებულად გამოყენება, რათა ყოველი დეტალი ფუნქციური და დამკვეთის ცხოვრების წესზე მორგებული ყოფილიყო.

საცხოვრებელ სივრცეში განთავსებულია სამი საძინებელი, გაერთიანებული მისაღები და სასადილო ოთახი, სამზარეულო, ორი სველი წერტილი და სამრეცხაო. ბინის ორივე მხარეს კი აივნები გვხვდება.

ინტერიერში წამყვან როლს დომინანტური თეთრი ფერი ასრულებს, რომელიც ფრანგული წყობის მუხის პარკეტს ეხამება, კლასიკური ელფერის მისაცემად კი მოლდინგებია გამოყენებული. სივრცეში აქცენტების სახით თითბერის სანათები და სარკეებია შემოტანილი. საინტერესო, ფერადოვანი შპალერითა და ტექსტილით მყუდრო გარემო მიიღება, პასტელური ფერის ფარდები კი ოთახის ხასიათს ქმნის.

ბინაში შესვლისთანავე იგრძნობა თბილი და პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც მთელს სახლში ვრცელდება. შესასვლელ სივრცეში ყურადღებას იპყრობს დახვეწილი სტილის, მინიმალისტური ოქროსფერი კონსოლი, რომელიც ორიგინალური ფორმის სარკეს იდეალურად ეხამება. მის გვერდით არსებულ ნაზ და მსუბუქ ვარდისფერ სავარძელთან კომბინაციით კი საოცრად ელეგანტური და კლასიკური შტრიხები იქმნება. აქვე ვხვდებით დიდ სარკეს, რომელიც სამრეცხაოს კარის ფუნქციას ასრულებს და ბინის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია.

სახლის განსაკუთრებულ სივრცეს გაერთიანებული მისაღები და სასადილო ზონა წარმოადგენს. მნახველის თვალს იპყრობს ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული დიდი ზომის, საოცრად ნაზი და ჰაეროვანი ნაცრისფერი დივანი, რომელსაც ღია იასამნისფერი ბალიშები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ოთახის განწყობასა და ინდივიდუალურ ხასიათს სივრცეში განთავსებული მცირე ზომის ფორტეპიანო, ორიგინალური დიზაინ ობიექტები და კედელზე არსებული მრავალფეროვანი ნამუშევრები ქმნის.

სასადილო ზონაში სკამები ტახტის ფერს, ფარდები კი ბალიშის ტონს იმეორებს და ინტერიერის ერთიანობას უზრუნველყოფს. შავი ფერის ვინტაჟური კარადა და მასზე არსებული შანდლები კი სიძველის ეფექტს ბადებს.

სამზარეულო, მცირე ფართობის მიუხედავად, კომპაქტურობით ხასიათდება. სხვა სივრცეებისგან განსხვავებით, აქ შედარებით მუქი ტონალობა სჭარბობს. კონტრასტის შესაქმნელად ერთი კედელი მუქ ნაცრისფერშია გადაწყვეტილი, რაც საერთო ინტერიერს იდეალურად ეხამება.

რაც შეეხება სამზარეულოს ავეჯს, აქ ყავისფრისა და შავის კომბინაციას ვხვდებით. მცირე დეტალების მეშვეობით ამ ზონაშიც კლასიკური და ელეგანტური სტილია შენარჩუნებული. სამზარეულოდან აივანზე გავდივართ, სადაც კომფორტული სავარძლებია მოთავსებული და სუფთა ჰაერზე ყოფნის, განტვირთვისა და დასვენების შესაძლებლობა იქმნება.

განსხვავებული განწყობა იგრძნობა საძინებელ ოთახებში, რაც ფერების თამაშით, კედლის გაფორმებითა და სახასიათო დიზაინ ობიექტების გამოყენებით მიიღწევა. მთავარ საძინებელში ხაკისფერი დეტალები სჭარბობს და სადა, ნეიტრალური კლასიკური სტილი იქმნება, რომელიც არ არის გადატვირთული და მინიმალიზმით ხასიათდება.

დანარჩენი საძინებლები უფრო ფერადი და ცოცხალია. ერთ-ერთ მათგანში ღია ვარდისფერი და იასამნისფერი ტონალობა დომინირებს. ოთახი სამ ძირითად ზონად იყოფა – დასაძინებელი, სამუშაო/სამეცადინო და მოსაწესრიგებელი სივრცე, აქვე ვხვდებით კომფორტულ და ტევად საგარდერობოსაც. ინტერიერის იერსახის შექმნაში განსაკუთრებულ როლს ერთ კედელზე გაკრული ფერადი შპალერი ასრულებს.

მსგავსი დიზაინი მეორდება მესამე საძინებელშიც, სადაც მთავარ ფერს ლურჯი თამაშობს. აქაც ყურადღებას აქცენტირებული ფერადი კედელი იქცევს, რომელიც ინდივიდუალურ ხასიათსა და სასიამოვნო განწყობას ქმნის.

სველ წერტილებში ერთმანეთისგან იზოლირებულია საშხაპე და ჰიგიენური კუთხეები. მიუხედავად ფართის სიმცირისა, აქაც საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელი გარემოა შექმნილი. რაც შეეხება ფერთა გამას, ძირითადად თეთრი ფერია გამოყენებული, აქცენტის სახით კი შავი ტონალობა გვხვდება.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, მათთვის გამორჩეული ელემენტს შესასვლელი რკინის კარი წარმოადგენს, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. ის გათანამედროვებული ფორმებით, ძველებური კარის დეტალების მიხედვითაა დამუშავებული.

საინტერესოა ასევე დეკორატიული გათბობის რადიატორები და იატაკის გამათბობელი (კონვექტორები), რომლებიც ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად, ვიზუალურადაც მომგებიანია და ინტერიერს უფრო მრავალფეროვანსა და მიმზიდველს ხდის.

სახლში განსაკუთრებულ როლს ბუნებრივი განათება თამაშობს, რასაც ხელს უწყობს ბინაში არსებულ ორი აივანი. ორიგინალური და განსხვავებულ ფორმის სანათებით კი შესაბამისი განწყობა და სახასიათო სტილი იქმნება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბინის ინტერიერი 3 წლის წინ განხორციელდა, ის დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მიმზიდველ, ელეგანტურ სივრცედ აღიქმება. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო კლასიკური დეტალებისა და თანამედროვე მასალების შერწყმაზე მუშაობა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ დამკვეთს,” – ნინი ლაფაური და გიორგი შანშიაშვილი

 

დიზაინ სტუდია: Abigroup

პროექტის ავტორები: ნინი ლაფაური, გიორგი შანშიაშვილი

სამზარეულოს ავეჯი: “ორბელი”

აბაზანის ფილები Fiandre, Ariostea – Belle Maison

შემრევები: Paffoni

კედლის მოპირკეთება: Caparol, Interio

განათება: “ნათია დალაქიშვილის განათება”

განათება სასადილო მაგიდის თავზე: Archidea

სარკე: Archidea

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ინტერიერი ჯანმრთელობის სადარაჯოზე — 7 სასარგებლო გადაწყვეტა

ნაძვისებური წყობის ლამინატის დაგება — რა უნდა გავითვალისწინოთ