არქიტექტორმა და დიზაინ სტუდია „აუკის“ თანადამფუძნებელმა – დავით ხიდურელმა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა საკუთარი საცხოვრებლის მოწყობა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საინტერესო პროექტის შესახებ გიამბობთ.
ბინა ვაკეში, მზიურის პარკში არსებულ კორპუსში მდებარეობს, რომლის საერთო ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. როგორც დავითი გვიამბობს, ამ სივრცის შეძენისას მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მისი ადგილმდებარეობა აღმოჩნდა, რამაც დანახვისთანავე მოხიბლა იგი.
„ბინის ძებნის დროს, პოსტ პანდემიურ პერიოდში, შემთხვევით გადავაწყდი ამ სივრცეს, რომლის ხედით პირველივე ნახვისას “მოვიწამლე”. ბინა იყო პირდაპირ მზიურის პარკში მდებარე კორპუსში, საოცრად ნათელი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული. მისი შეძენის გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე. ერთადერთი უარყოფითი მხარე ბინის პატარა კვადრატულობა აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი ამოცანა და სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ შემექმნა ისეთი ინტერიერი, სადაც კვადრატულობის მიუხედავად, თავს კომფორტულად და მშვიდად ვიგრძნობდი.”
დავითმა ბინის არსებული გეგმარება მაქსიმალურად შეინარჩუნა. იგი შეეცადა, პროექტის დადებითი მხარეებისთვის გაესვა ხაზი და ნათელი სივრცე არ დაეკარგა. მინიმალური ცვლილების შეტანის შედეგად, მოსასვენებელმა სივრცემ აივნისკენ გადაიწია, რათა ხედი უფრო აღქმადი გამხდარიყო და სასადილო ზონას ლანდშაფტი არ დაეფარა.
დასახული მიზნის მისაღწევად, სახლის ფონურ ტონალობად თეთრი ფერი შეირჩა, სითბოს შემოსატანად კი ბუნებრივი მასალები – ხე, ჭილოფი და კერამიკა იქნა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ დავითი არ მიჰყვებოდა ერთ კონკრეტულ შაბლონურ სტილს, საბოლოოდ, სივრცემ, მისი აზრით, იაპონური და სკანდინავიური სტილების ელემენტებით მდიდარი საცხოვრებლის სახე მიიღო, რომელიც მეტწილად, ბინაში არსებულმა ბუნებრივი მასალების სიუხვემ განაპირობა.
სახლში ვხვდებით გაერთიანებულ მისაღებ, სასადილო და სამზარეულო სივრცეს. მიუხედავად ადგილის სიმცირისა, თითოეული ზონა ერთმანეთისგან გამიჯნულია და საკმაოდ კომფორტულ, ორიგინალურ და საინტერესო ინტერიერს ქმნის. აქ ყველა ელემენტი დიდი სიფრთხილითა და გემოვნებითაა შერჩეული და დეტალებზე აქცენტირებით, ბინა მისთვის დამახასიათებელ, ინდივიდუალურ ხასიათსა და სახეს იღებს. ინტერიერის ღია, თბილ თეთრ ფერთა გამას, კონტრასტის სახით, მუქი იატაკი აბალანსებს და მას მეტ მრავალფეროვნებას ანიჭებს.
სივრცეში წამყვან ელემენტად ჭილოფი და ხის მასალები გვევლინება. ჭილოფი გამოყენებულია სკამებისა და სავარძლების, ჭაღისა და სხვადასხვა დიზაინ ობიექტების გასაფორმებლად, რომელთაც კონტრასტის სახით, ნაზი ტონალობის მქონე ტუმბოები და აგურისფერი სარკე ეხამება. თითოეული დიზაინ ობიექტი ორიგინალურ, ინდივიდუალურ ხასიათს ქმნის და ბუნების სიახლოვის განცდას ამძაფრებს. მზის ფორმის საათი, მცენარეები და აქსესუარები კი სივრცეში პოზიტიურ განწყობას წარმოშობს.
სამზარეულო, ადგილის სიმცირის მიუხედავად, საკმაოდ კომფორტულ და მოსახერხებელ სივრცეს წარმოადგენს, რომელშიც ბინისთვის დამახასიათებელი განწყობა და ატმოსფერო იგრძნობა, რაც ხის ელემენტებითა და რძისფერი ტონალობის გამოყენებით მიიღწევა.
საძინებელი ოთახი მყუდრო და მშვიდ განცდას ბადებს და მაცხოვრებელს თავს სასიამოვნოდ აგრძნობინებს. ყურადღებას იქცევს ჭილოფის ელემენტებით გაფორმებული საკმაოდ ტევადი და მოცულობითი გარდერობი, რომელიც ორიგინალური დიზაინითაც გამოირჩევა. ოქროსფერი მაგიდის სანათი კი იდეალურად ერწყმის ინტერიერისთვის დამახასიათებელ დომინანტურ ხის მასალას და ერთიან, ჰარმონიულ სურათს ქმნის.
როგორც დავითი გვიამბობს, ფართის სიმცირის გამო, მის ბინაში ყველა ნივთს განსაკუთრებული დატვირთვა და ფუნქცია ენიჭება, რადგან თითოეული მათგანი ხანგრძლივი ფიქრისა და ძიების შედეგად შეირჩა და ისინი ზუსტად ესადაგება სივრცეს. პროექტის ავტორისთვის გამორჩეულად ძვირფას ნივთებს საკუთარი ხელითა და გემოვნებით შექმნილი ელემენტები წარმოადგენს: ლოგინი, მის თავზე არსებული ხის ინსტალაცია, თაროები და მისივე დიზაინით დამზადებული ტახტი.
ხის მასალის სიუხვითა და ბინაში არსებული ბუნებრივი გამწვანების საშუალებით, გარეთ არსებული ულამაზესი ხედი ინტერიერშიც შემოდის და ბუნებასთან კავშირის განცდას აძლიერებს, რაც ძალიან სასიამოვნო და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის.
„მთავარი გამოწვევა ჩემთვის და ალბათ ყველა არქიტექტორისთვის, საკუთარი ბინის დიზაინზე მუშაობისას ისაა, რომ პატარა სივრცის შემთხვევაში, ძნელია შენი უსაზღვრო შესაძლებლობების და თავის ბოლომდე გამოხატვა, ამიტომ ძალიან რთულია არჩევანი ერთ კონკრეტულ სტილსა თუ დიზაინ ელემენტზე შეაჩერო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ, ზუსტად ის შედეგი მივიღე, რისი მიღწევაც მსურდა: ბინა არის ნათელი, კომფორტული, ფუნქციური და საკმაოდ კომპაქტური“, – დავით ხიდურელი.
დიზაინ სტუდია: Auki
სამზარეულოს ავეჯი: Swan
აბაზანის ფილები: Vitra
შემრევები: Vitra
განათება: Buster and Punch და ხელნაკეთი ჭილოფები
ავეჯი: სავარძლები – Hkliving, სარკე – Azurite
სარემონტო ჯგუფი: Auki
აქსესუარები: JYSK, bang & olufsen
ფოტოგრაფი: Yaroslav Lukiyanchenko