ბორცვები და მდელოები, ტყე, მდინარის წყალში არეკლილი ხეები, ყვავილობა გაზაფხულზე — ასეთ სასიამოვნო ასოციაციებს ინტერიერში მწვანე ფერი განაპირობებს. დღეს კი ჩვენ მოგიყვებით, თუ რომელ ელფერებთან უნდა დააკავშიროთ მწვანე, რათა ინტერიერში თქვენთვის სასურველი ატმოსფერო შექმნათ.
მწვანე + “Very Peri”
Pantone Color Institute-ის 2022 წლის ფერი — “Very Peri” ჰარმონიულ წყვილს ქმნის მწვანესთან. მწვანესთან შესახამებლად შეგიძლიათ აირჩიოთ არა მხოლოდ “Very Peri”, არამედ იასამნისფრის სხვა ელფერი. მწვანისა და იასამნისფრის დომინანტური წყვილის შემთხვევაში სივრცეში დანარჩენი ტონები ნეიტრალური უნდა იყოს.
მწვანე + ცისფერი
ინტერიერში მწვანე ფერი უზრუნველგვყოფს უსაფრთხოების განცდითა და სიმშვიდით, გვმუხტავს ოპტიმიზმით. ღია ცისფერი ტონები იმავე ანტისტრესულ ეფექტს იწვევს. ასეთ ფერთა ტანდემი ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს და მზიან დღეებში ბუნებაში სეირნობის ასოციაციას ქმნის.
მწვანე + ყვითელი
ვინაიდან მზე ვახსენეთ, ოპტიმისტური ყვითელი ელფერები გავიხსენოთ. ყვითელი შეიძლება წინა წყვილს აქცენტის სახით დაემატოს. ის, ისევე როგორც მზის სხივი იმპრესიონისტების ნახატებში, გაათბობს ინტერიერის „პეიზაჟს“ და ოთახში პოზიტიურ ატმოსფეროს შექმნის.
ყვითელი ფერი ამ წყვილში შეიძლება იყოს არა მხოლოდ აქცენტი, ხოლო მწვანე — არა მხოლოდ ფონი, არამედ, ერთმანეთის დაბალანსების უნარის გამო, ისინი, შესაძლოა, თანაბარ კონტრასტულ პარტნიორებად იქცნენ.
მწვანე + ვარდისფერი
ვარდისფერი პალიტრა მდიდარია ელფერებით. ყველა მათგანი მეგობრობს ლურჯ-მწვანესთან, პიტნის ტონებთან და სალბის მტვრიან ელფერთან.
მწვანე შესანიშნავად ანეიტრალებს ინტერიერში ვარდისფრის თანდაყოლილ ინფანტილურობას და ასოციაციები ბარბის სახლიდან ვარდის აყვავებულ ბუჩქებამდე და ბაღის საზაფხულო სიმშვიდემდე გადააქვს.
მწვანე + წითელი
წითელი ცნობილია თავისი მასტიმულირებელი ეფექტით. ამის გამო მას ინტერიერში ნაკლებად იყენებენ, თუმცა სწორი დოზა მნიშვნელოვანია. წითელი აქცენტები დამამშვიდებელ მწვანე ფონზე ხელს შეუწყობს ატმოსფეროს გამხიარულებას და ფსიქიკაზე ზეწოლას არ იქონიებს. ხოლო მდუმარე, თეთრით განზავებულმა წითელმა ელფერებმა შეიძლება ფონის ფუნქციაც შეასრულოს.
მწვანე + თეთრი
თეთრის სისუფთავე და მწვანის სიახლის ეფექტი ქმნის გამამხნევებელ ტანდემს, რომელიც შეიძლება სპილენძისა და ხის აქცენტებით შეივსოს.
მწვანე + ნეიტრალური ელფერები
მცენარეთა სამყაროს ელფერები მარტივად ეხამება ნეიტრალურ ნაცრისფერ და კრემისფერ ტონებს, ისევე როგორც ყველა სახის ხეს.
კონტრასტული ოპონენტის გარეშე ინტერიერში მწვანე ფერი აბსოლუტურად მშვიდად გამოიყურება.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი