ხელოვნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ინტერიერის დიზაინერ თეიკო თოფურიასთვის ბავშვობიდან იღებს სათავეს, როდესაც ის ხელნაკეთი ნივთებით საკუთარი თავის გამოხატვასა და ფანტაზიის რეალიზებას ცდილობდა. ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი, რომელმაც მისი კარიერული გზა განსაზღვრა, ამ შემოქმედებითობისა და სამუშაო პროცესის სიყვარულია, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ახალი ენერგიით ავსებს. თეიკოს გამოცდილება არაერთ საერთაშორისო პროექტს მოიცავს, რომლებზეც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებისას იმუშავა, ამ ყოველივემ კი უდიდესი გავლენა იქონია მის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ინტერიერის დიზაინერი დღეს ჩვენს მკითხველს სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებს და საკუთარი პროფესიის სიყვარულზე გვესაუბრება…
გვიამბეთ იმ გარემოზე, რომელშიც იზრდებოდით, რამდენად განსაზღვრა მან თქვენი პროფესიული არჩევანი?
ჩემი ოჯახის წევრების უმეტესობა მეცნიერები გახლავთ, თუმცა ჩვენთვის ხელოვნება ყოველთვის აქტუალური იყო და მეც ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა ეს სფერო. პატარაობიდან ვძერწავდი ყველაფერს, რასაც გარშემო ვხედავდი – ადამიანებს, ცხოველებს, ქალაქებს… ვიყენებდი ქაღალდს, თიხას, პლასტელინს – ყველა იმ მასალას, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. ვცდილობდი ის სცენები და გამოსახულებები, რომლებიც ჩემს წარმოდგენებში მქონდა, რეალობაში გადმომეტანა.
ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, 2008-2010 წლებში, ხატვის და ხაზვის შესწავლა დავიწყე. განსაკუთრებით გამოვარჩევდი იმ პერიოდს, როდესაც თამაზ და გია ხუციშვილების სახელოსნოში ვსწავლობდი გრაფიკასა და ფერწერას. მახსოვს, ვერც კი ვხვდებოდი მუშაობის პროცესში დრო როგორ გადიოდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა სწავლა და პროფესიული საქმიანობა.
როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით და როგორი იყო თქვენი საგანმანათლებლო გზა?
ჩემი ინტერიერის დიზაინით დაინტერესება პირდაპირ დაკავშირებულია იმ გამორჩეულ წლებთან, რომლებიც ჩემს საყვარელ ქვეყანაში, იტალიაში გავატარე, სადაც თითქმის 7 წელი ვიცხოვრე. ვისწავლე ფლორენციაში, Academia Italiana-ში Interior and product design-ის საბაკალავრო პროგრამაზე და მილანში, NABA-ს უნივერსიტეტში, Master of arts in interior design-ის ფაკულტეტზე, რამაც ძალიან დიდი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება შემმატა.
სწავლის პროცესი ძალიან მრავალფეროვანი იყო. გავეცანი ბევრ საინტერესო საგანს, როგორებიცაა: პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინი, ფოტოგრაფია, საგამოფენო სივრცეების დიზაინი, ფერწერა, ხაზვა და ხელოვნების ისტორია, რამაც ტექნიკური უნარები შემძინა, გამიღრმავა კრეატიული აზროვნება და გუნდთან ერთად მუშაობა მასწავლა. სტუდენტებს ურთიერთობა გვქონდა ცნობილ და წარმატებულ დიზაინერებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდნენ და მნიშვნელოვან რჩევებს გვაძლევდნენ დიზაინის სფეროში თავის დამკვიდრების შესახებ. მახსოვს, ძალიან აღტაცებული ვიყავი მათი სიღრმისეული მიდგომით და საქმისადმი სიყვარულით. იქ ვისწავლე, რომ ყველა პროდუქტის უკან დგას კარგად მოფიქრებული და აწონ-დაწონილი იდეა, რომლის გარშემოც მოქმედებ. ასევე, გავიაზრე, რომ უპირველესი სივრცის ფუნქციური დანიშნულებაა. ამ გამოცდილებამ პიროვნულად ძალიან გამზარდა და დამანახა, რომ საკუთარი საქმის სიყვარული მეტად თავდაჯერებულს, გამბედავს და თავისუფალს გხდის.
გვიამბეთ თქვენს მნიშვნელოვან კარიერულ ეტაპებზე, რომლებმაც თქვენი დღევანდელი სტატუსი განსაზღვრა
ჩემი კარიერული გზა ჯერ კიდევ სწავლის პარალელურად დაიწყო. უამრავი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ მილანში, ტურინში, კატანიაში და პარიზში. განსაკუთრებით პირველი მათგანი დამამახსოვრდა, რომლის წყალობით მე და ჩემმა მეგობარმა კონკურსში გავიმარჯვეთ და სიცილიაში გავემგზავრეთ მის განსახორციელებლად. ეს იყო საოცრად შემოქმედებითი პროცესი, როდესაც საგამოფენო სივრცეებს, ინსტალაციებსა და სხვადასხვა პროექტის მაკეტებს საკუთარი ხელებით ვაწყობდით და ვრწმუნდებოდით იმაში, რომ ჩვენი ოცნებების რეალიზება შესაძლებელია.
სწავლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი მილანში, არქიტექტურულ კომპანია Archilab Milano-ში დიზაინერად, რამაც საცხოვრებელ სახლებზე მუშაობის სპეციფიკა მასწავლა და პრაქტიკული ცოდნა გამიღრმავა. შემდეგ იყო ორწლიანი სამუშაო პერიოდი რუსეთში, სასტუმროების განხრით. იტალიურ და ესპანურ კომპანიებთან ვთანამშრომლობდით, რამაც საინტერესო საერთაშორისო გამოცდილება მომიტანა. მოგვიანებით გარკვეული დრო ამერიკაში გავატარე, გავხდი დედა, ცოტა ხნის წინ კი საქართველოში დავბრუნდი. აქ ბევრი საინტერესო პროექტი და განსხვავებული გარემო დამხვდა და მეც აქტიურად შევუდექი საქმიანობას. გამიმართლა და ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ამასთანავე, საშუალებას მაძლევს მსოფლიოს მასშტაბით განვახორციელო სხვადასხვა პროექტი.
დიდი ხანი არაა, რაც სამშობლოში დაბრუნდით, როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს?
12 წლის წინ, როდესაც საქართველოდან წავედი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ პროფესიით აქ დავბრუნდებოდი და ვიმუშავებდი. მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა ეს სფერო. თუმცა დღეს ბევრი კარგი კომპანიაა არქიტექტურისა და დიზაინის განხრით, რომლებიც ამ ინდუსტრიის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობენ. მასალების კუთხითაც უკეთესი წვდომაა და საზოგადოებაც მეტად გახსნილი და მიმნდობი გახდა.
გვიამბეთ სამუშაო პროცესზე, რა არის თქვენი მთავარი შთაგონების წყარო ამ დროს?
ყველაზე დიდ შთაგონებას მოგზაურობიდან და ახალი ადამიანების გაცნობიდან ვიღებ. ძალიან გამიმართლა, რომ რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მომეცა, დიდი გამოცდილება მივიღე და ადამიანებიც სხვანაირად შევიყვარე. ჩემი გარემო ძალიან მრავალფეროვანია – გარშემო სხვადასხვა კულტურის, რელიგიის, ინტერესის და ორიენტაციის ადამიანები მყავს, რომლებიც მეხმარებიან ვიყო უფრო ღია, გამგები და გულწრფელი. პროექტებსაც ასე ვუდგები. მიყვარს თითოეული მათგანი და ყოველთვის ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გაკეთებულ სივრცეებში იცხოვრებენ ან დროს გაატარებენ. ახალი იდეები უშუალოდ მუშაობის პროცესში მოდის. პროექტს ყოველთვის ინფორმაციის მოძიებით, ბევრი კითხვით და დამკვეთის მოთხოვნების მოსმენით ვიწყებ. მიყვარს ობიექტზე დიდი დროის გატარება, გარემოს დათვალიერება და იმ შენობის არქიტექტურის შესწავლა, სადაც ეს სივრცე მდებარეობს.
თქვენს რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით, ამჟამად რა მიმდინარე და სამომავლო გეგმები გაქვთ?
ჩემი ნამუშევრებიდან კერძო სახლის აუზის პროექტს გამოვარჩევდი, რომელიც დამკვეთის თავდაპირველი მოთხოვნის მიხედვით, სრულიად განსხვავებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბუნებამ, არქიტექტურამ და ზოგადად გარემომ საერთოდ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა. შედეგი ძალიან კარგი გამოვიდა, დამკვეთი ბოლომდე გამომყვა ყველა იდეის განხორციელებაში და საბოლოოდ თავადაც კმაყოფილი დარჩა.
ამჟამად რამდენიმე საცხოვრებელი ბინის პროექტზე ვმუშაობ, რომლებიც თბილისის ისტორიულ უბნებში მდებარეობს. ერთი მათგანი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მხატვრის ძველ სახელოსნოს წარმოადგენს და ძალიან თბილი, სასიამოვნო აურა იგრძნობა. მაქსიმალურად ვინარჩუნებთ მის ავთენტურობასა და სიძველეს, ამავდროულად კი სივრცეს ახალ სიცოცხლეს ვძენთ. ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საქართველოში მოღვაწეობაა, სამომავლოდ კი ისევ ვგეგმავ საერთაშორისო პროექტებში ჩართვას.
და ბოლოს, რას ურჩევთ ამ სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ კარიერას ახლა იწყებენ?
ზოგადად, პროფესიის არჩევა ძალიან საფრთხილოა. ძნელია 18 წლის ასაკში აირჩიო გზა, რომელსაც საკუთარ თავსა და ცხოვრებას მიუძღვნი, ამიტომ ვფიქრობ, სჯობს ნებისმიერ ასაკში პროფესიის შეცვლა, ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე იმის კეთება, რაც არ გაინტერესებს. ამ სფეროს არჩევისას, ყველას ვურჩევ, რომ პირველ რიგში, საკუთარი საქმე შეიყვარონ და დაუღალავი შრომისთვის მოემზადონ, რაც საბოლოოდ დიდ სიამოვნებას მოუტანთ. ეს არ არის მხოლოდ სივრცის ავეჯითა და სანათებით მოწყობა, არამედ ბევრად ღრმა და კომპლექსური საქმეა, რომელიც ბევრ კითხვას, მუდმივად სიახლის ძიებასა და ადამიანების კარგად გაცნობას მოითხოვს.