არცთუ იშვიათი ამბავია: ლონდონელი წყვილი ქალაქის ცხოვრებისგან დასასვენებლად ყიდულობს აგარაკს, როდესაც მათი შვილები პატარები არიან. ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას აქ ატარებენ, მაგრამ შემდეგ პატარები თინეიჯერები ხდებიან და მათ ქალაქურ ცხოვრებაზე მეტად კონცენტრირება სურთ. მომდევნო რამდენიმე წლით კოტეჯი მიტოვებულია, მაგრამ ბავშვები საბოლოოდ იზრდებიან და შემდეგ…
როგორც ეს დასავლეთ ლონდონელი წყვილი განმარტავს, მათ საცხოვრებლის საბოლოოდ გაყიდვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ — ქმარს აგარაკის შენარჩუნება სურდა, ცოლს — არა. საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ სახლი შეენარჩუნებინათ, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებისთვის ადაპტირებული გაეხადათ.
მეპატრონეებმა, როგორც თავად უწოდებენ, „საოცნებო გუნდი“ შეკრიბეს — მათ მოიწვიეს ინტერიერის დიზაინერი — სარა დელანი, არქიტექტორი — ბარნაბი გუნინგი და ბაღის დიზაინერი — ბატერ უეიკფილდი. შედეგი კი ეს შესანიშნავი კოტეჯია.
„ჩვენ საკმაოდ მჭიდრო ბიუჯეტით მოგვიწია მუშაობა“ — განმარტავს სარა. „ასე რომ, ხელახლა გამოვიყენე ბევრი ნივთი, რომელიც სახლის მეპატრონეებს უკვე ჰქონდათ“. დივნებს მასალა ხელახლა გადააკრეს, სურათებს ჩარჩოები შეუცვალეს და ა. შ.
ამასობაში ბარნაბიმ შენობის სტრუქტურაზე მუშაობა დაიწყო. კოტეჯი, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება, ოქსფორდშირის სოფლის კიდეზეა განთავსებული. შენობა ჯერ 50-იან წლებში, შემდეგ კი 80-იან წლებში გაფართოვდა. თუმცა ბარნაბი განმარტავს, რომ 50-იანებში შესრულებული განახლება ხარისხიანი არ იყო, ამიტომ მისი სრული აღდგენა გახდა საჭირო.
80-იანი წლების უხერხული კიბეების ჩანაცვლებამ სპირალური კიბეებით (შეიმუშავა დურგალმა ბრაიან ჯონსმა) დაზოგა ფართობი და ასევე გაიხსნა სივრცე, რომელიც პირველ სართულზე განთავსებულ საძინებლებს აკავშირებს.
წინა კარი პირდაპირ მისაღები ოთახში შედიოდა, მაგრამ სარას გაუჩნდა იდეა, რომ ცალკე დერეფნის შესაქმნელად წიგნების თაროების კედელი გამოეყენებინა. მისაღები ოთახი თეთრი კედლებითა და ღია ნაცრისფრად შეღებილი ხის იატაკით წარმოადგენს მსუბუქ, კომფორტულ სივრცეს გირლანდების მსგავსი განათებით. მის მიღმა გვხვდება პატარა საძინებელი, რომელიც თეთრ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი. ზედა სართულზე კი დამატებით სამი საძინებელი და ორი სველი წერტილია განთავსებული.
სამზარეულოს ბოლოში აქვს ნაზი, თაღოვანი ჭერი, რომელიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის. კარადები და კუნძული მოპირკეთებულია აღდგენილი მუხის ფიცრებით, რომლებიც ხის უხეშ სასადილო მაგიდას ეხმიანება. მინის გასაგორებელი კარები გადის ტერასაზე, რომელიც ბატერ უეიკფილდმა გააფორმა. „ჩემი მიზანი იყო, სიმარტივე შემენარჩუნებინა — შემექმნა ბაღი, რომელიც კოტეჯთან შესაბამისი იქნებოდა“ — განმარტავს ბატერი.