კარები ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტია. თანამედროვე მსოფლიოში ამ მხრივ საკმაოდ დიდი არჩევანი არსებობს. მაინც რომელი მათგანი შეეფერება ჩვენს ინტერიერს ყველაზე მეტად? სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.
კლასიკა
ბათქაში ჭერზე, ხის ტექსტურები, ავეჯი დეკორატიული ჩუქურთმებით, ანტიკვარიატი, სვეტები და ნახევარსვეტები — ეს ყველაფერი შეგიძლიათ კლასიკურ ინტერიერში იხილოთ. ძირითადი ფერთა პალიტრა მშვიდი და ჰარმონიულია — ყავისფერი, კრემისფერი, შინდისფერი ელფერები.
ინტერიერში ტენდენციები წარმავალია, თუმცა კლასიკური სტილი მომგებიანი ვარიანტია, რადგან მას მალე მოძველება არ ემუქრება.
კლასიკურ ინტერიერში ბუნებრივი ხის კარები ჰარმონიულად გამოიყურება. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თბილ ფერებს: კრემისფერი, ყავისფერი, კაკლისფერი და ა. შ. ასევე საკმაოდ აქტუალურია გლუვი ხაზები და კლასიკისთვის დამახასიათებელი სხვა დეკორატიული ელემენტები: მონოგრამები, ნიმუშები — ისინი ელეგანტურად გამოიყურება კარზე შუშის ჩანართით.
ნეოკლასიკა
ამ სტილმა კლასიკური მოტივების ელეგანტურობისა და თანამედროვე სტილის ლაკონიურობის შერწყმა შეძლო. ნეოკლასიკური ინტერიერისთვის შესაბამისია კარი მკაფიოდ გამოხატული გეომეტრიული პროპორციებითა და ლაკონიური ხაზებით, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე.
ღრმა, მდიდარი ელფერები ამ სტილის ინტერიერის შევსებაში და ხაზგასმაში დაგეხმარებათ. აქ ჭრელი, მოელვარე ფერის კარები მიუღებელია.
ნეოკლასიკურ ინტერიერში კარგად გამოიყურება კარები გლუვი, ტაქტილურად სასიამოვნო საფარით.
ეკო-სტილი
გარემოსდაცვითი საკითხები დღეს ძალიან აქტუალურია და ეს ინტერიერის დიზაინის ტენდენციებშიც აისახება.
ეკო-სტილი ხელს უწყობს ბუნებრივი მასალის გამოყენებას მოპირკეთებაში, ავეჯსა და დეკორში. ბუნებრივი ფერები და ტექსტურები ინტერიერს კომფორტითა და სითბოთი ავსებს.
ეკო-სტილში აქტუალურია ბუნებრივი ხის კარები. სასურველია მას ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა დეკორატიული საფარი, რომელიც მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს. რაც შეეხება დიზაინს, ზედმეტი დეტალები საჭირო არ არის, აქცენტი ხის ლამაზ ტექსტურაზე უნდა გაკეთდეს.
მინიმალიზმი
მინიმალისტურ ინტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანია უსარგებლო ობიექტების არარსებობა და სივრცის ფუნქციონალური გამოყენება.
კონტრასტების თამაში არის ტექნიკა, რომელიც მინიმალიზმში ხშირად გამოიყენება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თეთრი კარი შავი სახელურით.
კარები ფაქტურის გარეშე მოსაწყენი არ არის, ამას მინიმალიზმის სტილში გაფორმებული ბევრი ინტერიერი მოწმობს. ამ სტილში უპირატესობა ენიჭება თავშეკავებულ ტექსტურას. მთავარია, ნაკლები დეკორატიული ელემენტი ფიგურირებდეს.
სკანდინავიური სტილი
ამ სტილის ძირითადი მახასიათებლებია ღია ფერები, ბუნებრივი მასალები და მინიმალური რაოდენობის ავეჯი. სკანდინავიურ სტილს სიმყუდროვეს მატებს დეკორი: ქსოვილები, ოთახის მცენარეები, პოსტერები თბილი ატმოსფერული გამოსახულებებით და სხვადასხვა ფიგურებით.
სკანდინავიური სტილი გულისხმობს ღია ელფერების გამოყენებას, ამიტომ ამ შემთხვევაში შესაფერისია ღია ფერის კარები — თეთრი, ნაცრისფერი, პასტელური ელფერები. როგორც წესი, ამ სტილის მიხედვით, კარი შეესაბამება კედლების ფერს, რათა მათი ხილვადობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. სკანდინავიური დიზაინი ეფუძნება სიმარტივეს.
არტ-დეკო
არტ ნუვოს და ნეოკლასიციზმის მემკვიდრე — არტ-დეკო პრეტენზიულობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. მისი ძირითადი მახასიათებლებია: აბსტრაქტული ელემენტები დეკორში, სანახაობრივი თამაში ფერებით, იშვიათი მოსაპირკეთებელი მასალები, ორიგინალური ნიმუშები.
არტ-დეკოს სტილის ინტერიერს შეესაბამება კარები საინტერესო უჩვეულო ფერებში: მუქი ლურჯი, მწვანე, შინდისფერი ან თუნდაც მდოგვისფერი.
არტ-დეკო ხასიათდება სარკეებისა და მინების დიდი რაოდენობით, ამიტომ ამ ტიპის ინტერიერს იდეალურად ეხამება კარი მინის ან სარკის ჩანართებით.
აფრიკული სტილი
აფრიკული თამამი და უჩვეულო მოტივები მოიცავს პრინტებს ცხოველების გამოსახულებებით, აფრიკულ ნიღბებსა და ქანდაკებებს. სტილისთვის დამახასიათებელია თბილი ფერები — ქვიშისფერი, ყვითელი, ტერაკოტა, ყავისფერი.
აფრიკული სტილისთვის იდეალურია მუქი ფერის ხის კარები. ამ შემთხვევაში ასევე მისასალმებელია ძვირადღირებული და ელეგანტური დიზაინი მოხდენილი ხაზებით.
გრანჟი
გრანჟის სტილი უდავოდ გამოირჩევა სტანდარტული რემონტის ფონზე. ასეთ ინტერიერში იპოვით ხის ფიცრებს ჭერზე, ბეტონის ზედაპირებს, ქანდაკებებსა და პოსტერებს რეტრო სტილში.
გრანჟის სტილს იდეალურად ერგება კარები ბეტონის იერსახით. რაც შეეხება ფერთა პალიტრას, სასურველია ცივი ელფერები: ნაცრისფერი, თეთრი, შავი. მისაღებია სხვადასხვა ტონების შერწყმა და მათ შორის გლუვი გადასვლები. ასევე მისასალმებელია გეომეტრიული სურათები და საინტერესო ტექსტურები.
რუბრიკის წარმდგენია კარების კომპანია გაბილდი