შეღებილი ზედაპირები გამოყოფს ტოქსინებს, აბაზანაში საღებავი ტენიანობისგან აუცილებლად გაიბზარება, შესაღები კედლები იდეალურად თანაბარი უნდა იყოს, ელფერები უნდა შეირჩეს მხოლოდ მზიან დღეს – რამდენად მართალია ეს ყველაფერი? დღეს ინტერიერში საღებავის გამოყენებასთან დაკავშირებულ პოპულარულ მითებს დავამსხვრევთ.
მითი #1: შეღებილი კედლები “შიშველი” ჩანს
დღესდღეობით სულ უფრო პოპულარული ხდება სკანდინავიური სტილი, რომელიც ხელს უწყობს მინიმალიზმს და უპირატესობას ანიჭებს მსუბუქ საღებავს, როგორც ინტერიერის დეკორაციის მასალას.
შეღებვის ვარიანტებისა და საღებავების ბრენდების ფართო სპექტრის წყალობით, რომლებიც ყოველწლიურად ავრცელებს ახალ პალიტრებს მდიდარი ელფერებით, შეღებილი კედლები მოსაწყენი ნამდვილად არ ჩანს. მათთვის, ვისთვისაც მხოლოდ ფერი საკმარისი არ არის, მოდა გთავაზობთ შეღებვის არატრივიალურ გზებს, მაგალითად, ტრენდულ color-block-ს.
მითი #2: საღებავი აბაზანისთვის არ გამოდგება
მართალია, საღებავი გამძლეობის თვალსაზრისით, კერამუკულ ფილებს კონკურენციას ვერ გაუწევს გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა აბაზანის სწრაფად, ბიუჯეტურად და ლამაზად გასარემონტებლად, საღებავი იდეალური ვარიანტია.
აბაზანის კედლების შესაღებად შესაფერისია აკრილის, სილიკონის და პოლიურეთანის საღებავები. შესაძლოა რამდენიმე წელიწადში კედლების განახლება საჭირო გახდეს ხელახლა გადაღებვით, მაგრამ ამაში საშიში არაფერია.
გახსოვდეთ, არასწორი მეთოდით მომზადებული ზედაპირი, რომელიც დაფარული იქნება საღებავით, შესაძლოა შედარებით მალე დაზიანდეს. ამიტომ აბაზანის კედლები და ჭერი, პირველ რიგში, უნდა დამუშავდეს შესაბამისი მასალით, რომელიც უძლებს ტენიანობასა და ტემპერატურულ ცვალებადობას. ასეთ ტენიან სივრცეებში არსებული ზედაპირებისთვის რეკომენდირებულია ძლიერი გამჟღენთი გრუნტების გამოყენება (მისი დასველებისგან დასაცავად სამღებრო სამუშაოების ჩატარების წინ), ხოლო ბოლო ფენად გამოიყენება თანამედროვე დისპერსიული საღებავები, რომლებიც ტენიანობისადმი მედეგობას უზრუნველყოფენ.
ცნობილია, რომ ტენიან ადგილებში კედლებზე ხშირია სოკოსა და ობის გაჩენა. ისეთ სივრცეებში კი, სადაც კარგი ვენტილაციის სისტემაა, კედლები სწორი ტექნოლოგიით არის დამუშავებული და შემდგომ არის შეღებილი, სოკოსა და ობის გაჩენის რისკი რადიკალურად მცირდება. მითუმეტეს, თუ საღებავი სწორად არის შერჩეული და მისი შემადგნლობა არ წარმოადგენს სოკოსა და ობის მკვებავ წყაროს.
მითი #3: კედლები იდეალურად სწორი უნდა იყოს
ინტერიერის ყველა სტილი და საღებავის შემადგენლობა არ საჭიროებს კედლების იდეალურ სისწორეს. შეღებვისას უმნიშვნელო დაუდევრობა და არასრულყოფილება დიზაინის პროექტებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.
პრიალა საღებავი, მისი არეკვლის უნარის გამო, თითოეულ დეფექტს წარმოაჩენს. მქრქალი და ნახევრად მქრქალი ვარიანტები კი პირიქით, ზედაპირული ნაკლოვანებების დაფარვას უწყობს ხელს.
მითი #4: საღებავის ელფერი მზიან დღეს უნდა შეირჩეს
კედლებისთვის საღებავის შერჩევისას უფრო მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ იმუშავებს ის ხელოვნური განათების ფონზე. მზიან დღეებს კი ხშირად სამსახურში ვატარებთ და ჩვენს კედლებს ხელოვნური განათების თანხლებით ვხედავთ.
თუმცა თუ დრო გაქვთ, პირველ რიგში, საცდელი ვარიანტები შექმენით და დააკვირდით, თუ როგორ გამოიყურება თითოეული ელფერი ხელოვნური თუ ბუნებრივი განათების ფონზე, სხვადასხვა ამინდში და ა. შ.
მითი #5: შეღებილი ზედაპირები მომწამვლელია
დღესდღეობით საღებავების უსაფრთხოება დასტურდება სერტიფიკატებითა და შეფუთვაზე არსებული შესაბამისი მარკირებით. მწარმოებლები ცდილობენ, პროდუქციაში მავნე ორგანული ნაერთების შემცველობა მინიმუმამდე ან თუნდაც ნულამდე დაიყვანონ. თუმცა, მითი საღებავების ტოქსიკურობის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს.
დიზაინერებს უყვართ შეღებილი კედლები, რადგან მათი გადაღებვა ნებისმიერ დროს შეიძლება და ეს პროცედურა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი