ორი ფერის მქონე კედლები მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა საინტერესო აქცენტების შესაქმნელად. ერთ კედელზე ორი განსხვავებული ფერის შერწყმით შეგიძლიათ თქვენს სახლში საინტერესო ატმოსფერო შექმნათ.
ორფერიანი კედლები ღია და მუქი ელფერების შეხამებით იქმნება. ეს ტექნიკა ჭერის სიმაღლის ვიზუალურად გასაზრდელად ან სახლის გარკვეული ზონის ხაზგასასმელად გამოიყენება.
დღეს სწორედ ორფერიანი კედლის შექმნაზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ ყველა დეტალს, რაც ამ ტექნიკის პრაქტიკაში განსახორციელებლად უნდა იცოდეთ.
ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური?
ვერტიკალური ორფერიანი კედელი კარგი იდეაა, თუ მრავალფუნქციური ოთახი გაქვთ და გსურთ აქცენტი კონკრეტულ ზონაზე გააკეთოთ. კედლის ასე გაფორმების კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ჭერი უფრო მაღალი გამოჩნდება. მაგალითად, თუ დიდი მისაღები ოთახი გაქვთ და სასადილო ზონის ხაზგასმა გსურთ, შეგიძლიათ ეს ტექნიკა წარმატებით გამოიყენოთ.
ყველაზე გავრცელებული იდეა ჰორიზონტალური ვარიანტია. მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ოპტიკური ილუზია, რის შედეგადაც თქვენი ოთახი უფრო გრძელი გამოჩნდება და ამასთან, კედლის ზედა ნახევრისთვის ღია ტონის გამოყენებისას, ჭერის სიმაღლეც ვიზუალურად გაიზრდება.
ღია და მუქი ფერების პოზიცია
ადამიანების უმეტესობა კედლის ქვედა ნახევრისთვის უფრო მუქ ელფერს იყენებს, ხოლო ზედა ნაწილისთვის — ღიას. ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თქვენი ოთახის ჭერის სიმაღლე ვიზუალურად გაიზრდება.
თუმცა, შეგიძლიათ ღია და მუქი ელფერები პირიქით გადაანაწილოთ. თუ სახლში მაღალი ჭერი გაქვთ, ეს ნამდვილად შესანიშნავი ვარიანტია, რომელიც სიმყუდროვის ეფექტის შექმნაში დაგეხმარებათ.
სად უნდა განთავსდეს გამყოფი ხაზი?
კედლის 50/50-ზე გაყოფა საჭირო არ არის. ზოგადად, გამყოფი ხაზი, როგორც წესი, იატაკიდან 120სმ-ით არის დაშორებული. თუმცა შეგიძლიათ გამყოფი ხაზი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას განათავსოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სივრცის რომელ წერტილზე გსურთ ყურადღების გამახვილება.
ფერების შერჩევა
ორფერიანი კედლის შესაქმნელად ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეგიძლიათ შეარჩიოთ ფერის რამდენიმე კომბინაცია, თქვენი ინტერიერის სტილიდან ან საყვარელი ფერიდან გამომდინარე.
როდესაც ორ ნეიტრალურ ელფერს იყენებთ, შესაძლებლობა გეძლევათ ოთახში დახვეწილი ატმოსფერო შექმნათ. პოპულარული ნეიტრალური ელფერებია: ნაცრისფერი, კრემისფერი და შავი. თუმცა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ვარდისფერი ტონი.
“Ton sur Ton” თქვენს ინტერიერში ერთი ფერის ორი სხვადასხვა ტონის გამოყენებას ნიშნავს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ორფერიანი კედლის შესაქმნელად, მაგალითად, მწვანის ღია და მუქი ელფერები გამოიყენოთ.
თუ ნეიტრალური ფერები და “Ton sur Ton” თქვენთვის ზედმეტად მოსაწყენია, შეგიძლიათ ფერების უფრო თამამი კომბინაცია შეარჩიოთ, ბუნებრივი ელფერი მკვეთრ ტონს შეუხამოთ ან ორი ენერგიული ფერი გამოიყენოთ.
როგორ შევქმნათ კედელი ორ ფერში? ამისთვის მიჰყევით შემდეგ გეგმას:
- კედელი გაზომეთ
პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ, თუ სად შეხვდება კედელზე ორი ფერი ერთმანეთს. გამოიყენეთ საზომი ლენტი და ფანქარი, რათა გამყოფი წერტილი მონიშნოთ.
- დაამატეთ ღია ფერი თქვენს კედელს
ახლა შეგიძლიათ თქვენი კედელი ღია ფერით გააფორმოთ. შეღებეთ გამყოფი ხაზის ოდნავ მაღლა და შემდეგ საღებავი გააშრეთ.
- გამყოფი ხაზის მოსანიშნად ცარცი გამოიყენეთ
ღია და მუქ ტონებს შორის სწორი ხაზის გასავლებად საუკეთესო გზა ზონრის ცარცით დაფარვაა. მოათავსეთ ზონარი კედელზე და ადრე მონიშნული წერტილები შეაერთეთ. ბოლოები წებოვანი ლენტის საშუალებით დაამაგრეთ. მას შემდეგ, რაც ზონარი კედელზე ცარცის კვალს დატოვებს, შეგიძლიათ ის ზედაპირს მოაშოროთ.
- გამოიყენეთ წებოვანი ლენტი
როდესაც ღია ფერის საღებავი სრულიად გაშრება, შეგიძლიათ ცარცით მონიშნულ ხაზზე ზედაპირს წებოვანი ლენტი დააკრათ.
- კედელს მუქი ფერი დაამატეთ
მეოთხე საფეხურის დასრულების შემდეგ, კედლის მეორე ნახევარი მუქ ფერში შეღებეთ. წებოვან ლენტთან ახლოს, უმჯობესია გამოიყენოთ ფუნჯი, რათა შემთხვევით კედლის ღია ნაწილი არ შეღებოთ.
- საბოლოო შტრიხი
და ბოლოს, მოაშორეთ წებოვანი ლენტი მანამ, სანამ საღებავი ჯერ კიდევ სველია — ეს დეტალი მნიშვნელოვანია.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი