მდიდრული იერსახის მიღწევა სულაც არ არის ფასის საკითხი. არსებობს უამრავი გზა, რომ სახლს ძვირადღირებული ელფერი შესძინოთ ბანკიდან სესხის აღების ან კაპიტალური რემონტის გარეშე. თუ მხოლოდ მცირე განახლების ხასიათზე ხართ, სახლის განლაგებისა და სტილის ცვლილებას შეიძლება უზარმაზარი შედეგები მოჰყვეს. სწორედ აქ გამოდგება ინტერიერის დიზაინერის ინტუიცია და გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ სტილი ხშირად პირადი გემოვნების საკითხია, ინტერიერის დიზაინერებს ნამდვილად შეუძლიათ გვასწავლონ, თუ როგორ გამოვიყენოთ სივრცე მაქსიმალურად რამდენიმე მარტივი ხრიკის გამოყენებით.
დღევანდელ სტატიაში კი ვისაუბრებთ 11 შეცდომაზე, რომელიც თქვენს სახლს იაფფასიან იერს სძენს და შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც ამ შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
- ავეჯის მოსაწყენი განლაგება
ერთფეროვანმა გარეგნობამ და ავეჯის შეზღუდულმა ვარიანტებმა შეიძლება სივრცე ზედმეტად ჩვეულებრივად აქციოს. კედლების გასწვრივ ჩაშენებულმა დივნებმა ან სკამებმა შესაძლოა შეცვალოს მისაღები ოთახის პროპორციები, გახადოს ის უფრო გამორჩეული და უნიკალური ვიდრე ავეჯის ტრადიციული წყობის შემთხვევაში.
- ზედმეტი შეხამება
ნივთების უჩვეულო განლაგებამ შეიძლება თქვენი სახლი უფრო მშვენიერი და მიმზიდველი გახადოს. მაგალითად, საძინებელში ორი ერთმანეთთან შეხამებული სკამიდან, ერთ-ერთი შეგიძლიათ პატარა მაგიდით შეცვალოთ. ავეჯის ახალი დანიშნულებით გამოყენების ნუ შეგეშინდებათ.
- ხალიჩის არასწორი განლაგება
ავეჯი განთავსებული უნდა იყოს ხალიჩაზე და არა მის გარშემო. ეცადეთ, შეარჩიოთ ხალიჩა, რომელიც დივანზე განიერია. საძინებელში კი საწოლის სიდიდით იხელმძღვანელეთ.
- ვინტაჟურის ახლით ჩანაცვლება
ახალი ხალიჩები, რომლებიც ძველი სამყაროს ნიმუშებს ბაძავს, სივრცეს ხშირად იაფფასიან იერს სძენს. სცადეთ ანტიკვარული ხალიჩების გამოყენება. თქმა უნდა, მათზე წვდომა ყველას არ აქვს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ისინი იდეალურ ფორმაში იყოს. ვინტაჟური ხალიჩის შეძენა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი სივრცის იერსახის გასაუმჯობესებლად.
- ერთფეროვანი ნივთები
საუკეთესო სტილის სახლებში ხშირად ნახავთ დეკორატიული და სენტიმენტალური ნივთების ნაზავს. მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი ნივთები სახლს ერთგანზომილებიანს ხდის. ვინტაჟური, უნიკალური და ტენდენციებზე დაფუძნებული ელემენტების ნაზავის დამატება თქვენს საცხოვრებელ სივრცეს საინტერესო ატმოსფეროთი უზრუნველყოფს.
- არასწორი ონკანი
გაპრიალებული სპილენძის ონკანი უხეშად გამოიყურება ისეთ ორგანულ ზედაპირებთან, როგორიც არის ქვა ან თაბაშირი. დაუმუშავებელი სპილენძის ელემენტების დამატება სამზარეულოს სწრაფად განაახლებს — მათ შეუძლია „დაათბოს“ სივრცე და მას სრულიად ახალი ელფერი შესძინოს.
- ზედმეტად თვალისმომჭრელი განათება
ჰკითხეთ ნებისმიერ მსახიობს, ფოტოგრაფს ან მოდელს და ისინიც იმავეს გეტყვიან: განათება ყველაფერია. არავინ გამოიყურება კარგად ზედმეტად თვალისმომჭრელი განათების პირობებში. აუცილებელი არ არის, ოთახში ყოველთვის მთავარი განათება გქონდეთ ჩართული, სხვადასხვა სიმაღლეზე მაგიდის ან იატაკის სანათების დამატებას საოცარი ეფექტი ექნება.
- განათება, რომელიც სასიამოვნო არ არის
ასევე ყურადღება მიაქციეთ შუქის ტიპს. თბილი განათება ოთახს ბზინვარებას და სიღრმეს ანიჭებს, მას უფრო მშვიდს ხდის, ხოლო ცივმა განათებამ, შესაძლოა, სივრცეში სტერილური ატმოსფერო შექმნას.
- არასწორად განთავსებული ხელოვნების ნიმუში
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ხელოვნების ნიმუშის არასწორად განთავსებაა, თუმცა, საბედნიეროდ, ამის გამოსწორება ძალიან მარტივია. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, ნახატი კედელზე ზედმეტად მაღლაა ჩამოკიდებული. ნივთების დაბლა დაკიდება ნუ შეგაშინებთ, განსაკუთრებით აქცენტის სკამების მახლობლად. ამასთან, ფრთხილად შეარჩიეთ ჩარჩო, რადგან ამ მხრივ არასწორი არჩევანი ფასს დაუკარგავს იმას, რასაც მასში მოათავსებთ.
- არასწორი ჭურჭელი
რაც არ უნდა ლამაზი იყოს ყვავილების თაიგული, იაფფასიანი გამჭვირვალე მინის ლარნაკი მას ყოველგვარ ეფექტს დაუკარგავს. ჭურჭელიც ისეთივე საინტერესო უნდა იყოს, როგორც თავად ყვავილები. მაგალითად, სცადეთ ფრანგული კერამიკისგან დამზადებული ლარნაკი.
- სივრცის ფერებით გადატვირთვა
მიუხედავად იმისა, რომ ფერს ინტერიერში საოცარი ეფექტების შექმნა შეუძლია, აუცილებელია, დაიცვათ ზღვარი. მნიშვნელოვანია, რომ სივრცე ფერებით არ გადატვირთოთ, რათა სახლში, ქაოსის ნაცვლად, მშვიდი ატმოსფერო შექმნათ.