in

10 გზა საძინებლისთვის მდიდრული ელფერის შესაძენად

დიზაინისა და დეკორაციის თვალსაზრისით, საძინებელი ხშირად შეუმჩნეველი რჩება უფრო დიდ, თვალშისაცემ და საერთო მოხმარების ოთახებთან შედარებით, როგორიც არის სამზარეულო და მისაღები. თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, რომელიც თქვენს განმარტოებას, ძილსა და რელაქსაციას უზრუნველყოფს.

თუ გსურთ თქვენი საძინებლის მდიდრულ სივრცედ გარდაქმნა, მაშინ ყურადღება მიაქციეთ პატარა დეტალებს. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონალურობასა და კომფორტს შორის ბალანსი მოცემულია ნებისმიერ პირად სივრცეში, მაქსიმალური ეფექტისთვის ყურადღება მიაქციეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბუნებრივი განათება, ფერთა პალიტრა და ავეჯი. თქვენი სივრცის ტრანსფორმაციისთვის ხშირად საკმარისია რამდენიმე ძირითადი ელემენტი და გარკვეული ხედვა. დღეს კი შემოგთავაზებთ 10 საუკეთესო რჩევას, რომლებიც თქვენი საძინებლის ძვირადღირებულ სივრცედ გარდაქმნაში დაგეხმარებათ.

თეთრეული

ლამაზი თეთრეული არის ჭკვიანური ინვესტიცია, რომელიც არა მხოლოდ სასიამოვნოდ გამოიყურება, არამედ უკეთესი ძილითაც უზრუნველგყოფთ. კონცენტრირდით ჰაერგამტარ ქსოვილებზე, როგორიცაა მაგალითდ, ბამბა და ბამბუკი, ამასთან გამოიყენეთ ნეიტრალურ ფერთა პალიტრა: თეთრი, კრემისფერი, რუჯისფერი ან თუნდაც ზეთისხილისფერი და ნაცრისფერი.

ბალიშები

იმისთვის, რომ საძინებელი მდიდრულ სასტუმროს დაამსგავსოთ, საწოლზე დალაგებული ბალიშები იდეალური ვარიანტია. ხრიკი საწოლის თითოეულ მხარეს მინიმუმ ორი ფუმფულა ბალიშის მოთავსებაში მდგომარეობს.

სიმეტრია

ფენშუის კანონები სიმეტრიას კარგი მიზეზის გამო უსვამს ხაზს. ორი საწოლის მაგიდა ორი სანათით და ბალიშების ორი კომპლექტით იზიდავს ენერგიის დადებით, ჯანსაღ ნაკადს ჰარმონიული ურთიერთობისთვის. ამასთან, ასეთი განლაგება შესანიშნავად გამოიყურება. თუ უფრო ეკლექტიკური, თანამედროვე გარეგნობისკენ ისწრაფვით, აუცილებელი არ არის, რომ საწოლის მაგიდები და სანათები იდენტური იყოს, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ისინი ორ-ორია.

ფარდები

სწორად შერჩეული ფარდები გააუმჯობესებს ნებისმიერ საძინებელ ოთახს, ამასთან კედლებისა და ჭერის სიცარიელის შევსებაშიც დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, არჩევანს ფარდაზე შეაჩერებთ, თუ ჟალუზზე, თითოეულის ზომა სწორად უნდა შეირჩეს. ფარდებისთვის 1-2 მეტრით მეტი სიგანე გაითვალისწინეთ, რათა გადაწევისას ისინი უკეთ გამოიყურებოდეს.

განათება

იმისათვის, რომ ხანგრძლივი და უწყვეტი ძილი გაგიადვილდეთ, იდეალურ შემთხვევაში, უნდა შეგეძლოთ საძინებლის განათების დონის დაწევა ან მთავარი განათების ნაცვლად საწოლთან არსებული სანათების გამოყენება, რათა დაძინებამდე მყუდრო ატმოსფერო შეიქმნათ. ეს უკანასკნელი ვარიანტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ძილის წინ კითხვა გიყვართ — არაფერი არღვევს ძილს იმაზე სწრაფად, ვიდრე შუქის ჩასაქრობად ადგომა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკიდი განათება, რომელიც, პრაქტიკულობასთან ერთად, თქვენს საძინებელს უფრო ძვირადღირებულ იერსახეს შესძენს.

ხალიჩები

განურჩევლად იმისა, თუ რით გაქვთ იატაკი მოპირკეთებული, მატყლის ან სიზალის სტილის ხალიჩა ნებისმიერ საძინებელს ტექსტურასა და კომფორტს შემატებს. შეგიძლიათ აირჩიოთ რაიმე კლასიკური, მაგალითად, სპარსული ან მაროკოული სტილი ან უფრო თანამედროვე დიზაინი. ხალიჩას ასევე შეუძლია მინიმალისტურ ან თეთრ საძინებელს ფერის ან ტექსტურის დამატებითი შტრიხი შესძინოს.

შესასვლელი

გაითვალისწინეთ სასტუმროს ლობის მნიშვნელობა — სწორად შექმნილი შესასვლელი თავიდანვე სტუმართმოყვარე და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. საძინებლის შესასვლელმაც იგივე შეგრძნებები უნდა გამოიწვიოს. შეეცადეთ დადგეთ კარებთან და დააფიქსიროთ ის, რასაც პირველად ხედავთ. დარწმუნდით, რომ ზედაპირები გადატვირთული არ არის და როგორც დეკორატიული, ასევე პრაქტიკული საგნები აკურატულადაა განლაგებული. ამასთან, სათანადოდ შეაფასეთ საწოლის ზემოთ ჩამოკიდებული ულამაზესი ხელოვნების ნიმუშის გავლენა.

საწოლის მიღმა

თუ საკმარისი სივრცე გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ კომფორტული სავარძელი ან სკამი ნებისმიერ საძინებელს უფრო განსაკუთრებულად აქცევს. შეარჩიეთ რაიმე ელეგანტური, მაგრამ მყუდრო დეტალი, რაც, მაგალითად, წიგნების კითხვისას კომფორტს შეგიქმნით. თუ ჩაშენებული კარადები არ გაქვთ, შეგიძლიათ ლამაზი კომოდის შეძენაზე ან თაროების დამონტაჟებაზე იფიქროთ.

მცენარეები

ყვავილები და გამწვანება მხოლოდ მისაღები და სასადილო ოთახებისთვის არ არის განკუთვნილი. ორქიდეა ან ლამაზი ვარდების პატარა თაიგული თქვენს საძინებელს გაალამაზებს, ახალ სიცოცხლეს შესძენს და დახვეწილი სურნელით გაამდიდრებს.

ფერები

ფერის ნებისმიერი ფსიქოლოგი ან ექსპერტი დაადასტურებს, რომ ფერს აქვს ძალა, მყისიერად აღძრას განწყობა და ემოცია. სწორედ ამიტომ საძინებლისთვის ფერთა პალიტრა ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ლურჯი თუ ვარდისფერი? — ეს მხოლოდ გემოვნების საკითხი არ არის, საძინებელში გამოყენებულმა ელფერმა შეიძლება გავლენა იქონიოს ყველაფერზე, დაწყებული იმით, თუ რამდენად სწრაფად იძინებთ და დამთავრებული იმით, თუ როგორ ხასიათზე იღვიძებთ. მოიძიეთ რელაქსაციისთვის იდეალური დამამშვიდებელი ფერები, როგორიც არის მწვანე, ლურჯი, ნაზი ვარდისფერი და შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ რაიმე ზედმეტად მასტიმულირებელი, მაგალითად, წითელი, ნათელი იასამნისფერი და მუქი ნაცრისფერი. ნათელი, მსუბუქი და ნეიტრალური ფერები არის პოპულარული არჩევანი მაღალი კლასის სასტუმროების საძინებლებისთვის, ასეთი ფერთა პალიტრა მაშინვე მშვიდ ატმოსფეროს შექმნის.

პატარა იდეითა და დიდი სურვილით დაწყებული საქმე – „ვუდსბრო ინტერიერის“ ისტორია

რას ნიშნავს მდგრადი განვითარება, მსოფლიოს დიდი დიზაინერების აზრით?