NS Product-ის გამოფენა “სიყვარულით, NS…” 16-17 თებერვალს, N9 Gallery-ში გაიმართა. სტუდიის პირველი კოლექციის, “TAKE A SEAT, WE ARE STARTING” სკამები – “სან” და “ან” – ამ გამოფენაზე ახლებური იერსახით არის წარმოდგენილი. მათთან ერთად ღონისძიებაზე ახალი პროდუქტის სახით “საამბორო სკამის” პრეზენტაციაც შედგა, რომელიც თავისი მონუმენტური ფორმებითა და ხასიათით ექსპოზიციის კულმინაციურ ელემენტად იქცა.
“სიყვარულით, NS…” ორი ადამიანის ურთიერთობის ამსახველი 5 ეპიზოდისგან შედგება, რომელთაგან თითოეული სასიყვარულო თავგადასავლის სხვადასხვა ფაზას გამოსახავს. N9 Gallery-ის სამ სივრცეში განაწილებული ინსტალაციები თანმიმდევრულად ასახავს აღნიშნული ეტაპების მონაცვლეობას, რაც დამთვალიერებელს ექსპოზიციით გადმოცემული ისტორიის თანამონაწილეს ხდის.
NS Product-ის გუნდის მიერ შექმნილი თითოეული ინსტალაცია ინდივიდუალურ ამბავს გადმოგვცემს.
პირველი ეპიზოდი – “სად მივდივართ?”
პირველი ინსტალაცია გამოხატავს ურთიერთობის საწყის სტადიას, როდესაც ორი ადამიანის კავშირში არაფერია უთუო და გარანტირებული. როცა მორიდებული ინტერესითა და მშვიდი მღელვარებით შეპყრობილნი, შეპარვით, თითქოს გაუაზრებლად, რაღაც უფრო მასშტაბური გაგრძელებისთვის ემზადებიან. “ნეტა, მოვწონვარ? თუ არა?” – გონებაში გაელვებული კითხვები სიმბოლურად გვირილების ინსტალაციის სახითაა წარმოდგენილი. ბუნების მოტივების ამსახველი ფერადი ტექსტილი კი ხაზს უსვამს ამ ეპიზოდისა და მისი ქვეტექსტის სიწრფელეს, ბუნებრიობასა და სილამაზეს.
მეორე ეპიზოდი – “თქვენთვის წერილია”
აღნიშნული ეპიზოდი ეძღვნება ურთიერთობის შემდეგ, გარდამავალ ფაზას. ეს პერიოდი თითქოს უსასრულოდ იწელება და რაღაც დიდის მოლოდინითაა აღსავსე, ამასობაში კი საუბრის გაგრძელების უამრავი ვერსია იბადება, რაც თითქოს ამ დროში გაწელილ პროცესს კიდევ უფრო ემოციურსა და ამაღელვებელს ხდის. ამ დროს ხვდები, რომ გაინტერესებს სად არის, რას აკეთებს, რას უსმენს, როგორ ატარებს დროს… სწორედ ამ აუარებელი მიმოწერის გასაცოცხლებლად, კოლექციის მეორე ეპიზოდში ჰაერში გატყორცნილი ქაღალდის თვითმფრინავებია წარმოდგენილი.
მესამე ეპიზოდი – “ნისლი ჩამოწვა”
ამ ეპიზოდის სახელწოდებაში ნისლის ხსენება სიმბოლურია. რეალური ურთიერთობების მსგავსად, არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ნისლი, რამდენად ძლიერი იქნება, რა გარემოებებს შექმნის. ეს ეტაპიც, შესაბამისად, ბუნდოვანია, ცოტა პირქუში, გაუგებარი და ხანდახან ტკივილის მომტანიც. დაბრკოლებებით სავსე გზის გადალახვა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი, მოთმინებით, მოსმენითა და პატიებით. ინსტალაციაში გამოყენებული ფაქტურული ტექსტილის სკამები იძულებულნი არიან ერთმანეთის საპირისპირო მხარეები დაიკავონ, მათ შორის არსებული ბუნებრივი, უხეში მასალებით შექმნილი დაბრკოლების გათვალისწინებით. შავ ტონში გადაწყვეტილი ფონები კიდევ უფრო ამძაფრებს ეპიზოდის შინაარსსა და მის ქვეტექსტს.
მეოთხე ეპიზოდი – “ისევ მიყვარხარ…მეც”
სირთულეების ერთად გადალახვის, კომპრომისებზე წასვლისა და საერთო ენის ხელახლა გამოძებნის შემდეგ პირვანდელი გრძნობები კიდევ უფრო ძლიერდება და ურთიერთობაც ნელ-ნელა მყარდება. დაფიქრებისა და განვლილი ეპიზოდების გააზრების შედეგად ვხვდებით, რომ ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გაეცა. ურთიერთობის ამ ფაზაში აღარ ვართ ძიებაში, ახალი კითხვის ნიშნების დასმასა და ერთმანეთის განაწყენებაში. პირიქით, თითქოს ახალი ენერგიისა და სულის შთაბერვით ვაგრძელებთ გვირილებზე მკითხაობით დაწყებულ გზას. განვლილი სირთულეები მხიარულად, პოზიტიურად გვახსენდება, გვეღიმება და ვფიქრობთ, რომ ეს კრიზისი თითქოს სულ ახლახან დავამარცხეთ. ცისა და მზის ფერებში გადაწყვეტილი სკამები უკვე გვერდიგვერდ, ერთად დგანან და კვლავ იმ რაღაც მასშტაბურისკენ აგრძელებენ სვლას.
მეხუთე ეპიზოდი – “სიყვარულით, NS”
კოლექციის ბოლო, გამაერთიანებელი ელემენტის სახით სიმბოლური კონფიგურაციისა და შინაარსის მატარებელი “საამბორო სკამი” შეიქმნა. NS Product-ის პირველ კოლექციაში წარმოდგენილი ორი “სან” სკამის გაერთიანებით მიღებულია მონუმენტური ხასიათის მქონე ფორმა, რომელიც თემატურად წითელ ფერშია გადაწყვეტილი. შინაარსობრივად ეს ეტაპი ფინალურია – ვსხედვართ და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. ყველაფერს უხმოდ, უსიტყვოდ ვხვდებით, გვესმის და ვსაუბრობთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინც გვიყვარს, აქ არის, სხვას კი არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ეს ეპიზოდი ჩვენზეა. მათზე, ვინც დანარჩენი ოთხი ფაზა გამოიარა, გაიაზრა და დააფასა. ეს ერთდროულად, თითქოს დასასრულიცაა და დასაწყისიც – სრულდება ეტაპები და იწყება სიყვარული.
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე; გიორგი გრძელიშვილი