აღმოსავლეთ დულვიჩში, ლონდონში მდებარე ამ ვიქტორიანულ შენობას 95 წლის განმავლობაში ფლობდა ოჯახი, რომელიც მას საათების შეკეთების სახელოსნოდ იყენებდა. ამჟამინდელმა მფლობელებმა ეს ისტორიული სივრცე გადააკეთეს თბილ საოჯახო სახლად, სადაც აქცენტი მდგრადობაზე და არატოქსიკური მასალების გამოყენებაზე კეთდება.
პროექტის ფარგლებში ბევრი ვიქტორიანული მახასიათებელია შენარჩუნებული, მაგალითად, მინის ფასადი, ვიქტორიანული ბუხრები და თაბაშირის ნაკეთობები.
ოთახები კარგად არის დაკომპლექტებული ანტიკური, აღდგენილი და ახალი ნივთების ნაზავით. რაც მთავარია, ინტერიერი თბილი და მიმზიდველია. თუ ეს საკმარისი არ არის, ღია ცის ქვეშ მშვენიერი ბაღია ტერასით და დიდი ვაშლის ხეებით.
სახლში მაღაზიის შესასვლელიდან, პირდაპირ სამზარეულოსა და სასადილო ოთახში ვხვდებით. მუხისგან დამზადებული, მუქ მწვანე ელფერში შეღებილი სამზარეულოს კარადები ოთახის ორივე მხარეს არის დამონტაჟებული, ცენტრში კი სასადილო მაგიდაა მოთავსებული. კარადების ტონი ფასადის ფერს შეესაბამება. მაღაზიის ულამაზესი ვიტრინები არა მარტო ბუნებრივი სინათლით ავსებს ინტერიერს, არამედ სამზარეულოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
სამზარეულოს უკან განთავსებულია შესანიშნავი თბილი მისაღები ოთახი ბუხრით და ბაღში გასასვლელით. ოთახი საინტერესო ფერშია გადაწყვეტილი, რაც სივრცეს ვინტაჟურ იერს მატებს. რაც შეეხება კომფორტულ თეთრ დივნებს, ისინი სასიამოვნო კონტრასტს ქმნიან ოთახის მუქ ტონალობასთან მიმართებაში.
პირველ სართულზე ასევე განთავსებულია ორი ოთახი, რომლებიც ახლა დამატებით მოსასვენებელ სივრცეებს წარმოადგენს.
ზედა სართულზე ორი საძინებელია. მთავარ საძინებელში, სახლის ისტორიის საჩვენებლად, თაბაშირის ვიქტორიანული ნამუშევრების ნაწილებია წარმოჩენილი. დანარჩენი კედლები კი თეთრად არის შეღებილი. მეორე საძინებელი ამჟამად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და მის გასაფორმებლად გამოყენებულია მიმზიდველი ჟოლოსფერი.
სააბაზანო მოპირკეთებულია მაროკოული Tadelakt-ის თაბაშირით, რომელსაც ტექსტურირებული საფარი გააჩნია და წყალგაუმტარია.
ბაღი კი უბრალოდ ულამაზესია. აქ ტერასა შესანიშნავ გარემოს ქმნის ოჯახური შეკრებებისთვის, განტვირთვისა და გართობისთვის.