დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერ კახაბერ იმედაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც საკუთარი თავი ბავშვობიდანვე ხელოვნების სფეროში იპოვა. ხატვითა და ქანდაკების შესწავლით დაწყებული პროფესია ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესში გადაიზარდა და მოგვიანებით მის ძირითად საქმიანობად ჩამოყალიბდა.
კახაბერი პატარა ასაკიდანვე მუსიკით იყო გატაცებული და მის ცხოვრებაში ხელოვნების ამ დარგს დღემდე უდიდესი ადგილი უჭირავს. მუსიკა ამჟამინდელ პროფესიაშიც ეხმარება და ის მისთვის შთაგონების მთავარ წყაროს წარმოადგენს. საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასა და სამუშაო პროცესზე კახაბერ იმედაშვილი დღეს თავად გვიამბობს და საინტერესო გამოცდილებას გვიზიარებს.
გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორ დაახასიათებდით ამ პერიოდს?
დავიბადე 1967 წელს, ძველ თბილისურ ეზოში, სადაც საკმაოდ ბევრი ოჯახი ცხოვრობდა. ამიტომ ბავშვობიდანვე უამრავი ადამიანის გარემოცვაში ვიზრდებოდი. ისინი პატარა ასაკიდანვე მეფერებოდნენ და მანებივრებდნენ, ამ ყოველივემ კი ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია. ძალიან მიყვარს და ვაფასებ მეგობრებს და ადამიანებს, ნებისმიერ მათგანთან შემიძლია გამოვნახო საერთო ენა და უცხო პიროვნებასთან კომუნიკაცია დავამყარო. ვფიქრობ, ეს სწორედ იმ გარემოს დამსახურებაა, რომელშიც ვიზრდებოდი.
ხატვისა და სიმღერის მიმართ ბავშვობიდან მქონდა სწრაფვა. მახსოვს, 2 წლის ასაკში პლასტილინისგან ბეღურა გამოვძერწე, რომელიც დღემდე შენახული მაქვს, რაც დედაჩემის გმირობის დამსახურებაა. ის 32 წლის განმავლობაში იცავდა ჩემს პირველ ნამუშევარს სიცხისა და სიცივისგან. როცა ამ ფიგურას ახლა ვუყურებ, გული სიხარულით მევსება.
ცოტა რომ წამოვიზარდე, “პიონერთა სასახლის” ქანდაკების წრეზე მიმიყვანეს, სადაც ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში იყო არაერთი საინტერესო გამოფენა, შეხვედრა და რაც მთავარია, მზადება სამხატვრო აკადემიისთვის. იმ დროისთვის პარალელურად მუსიკაზეც დავდიოდი და ორ მიმართულებას შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი – სამხატვრო აკადემია ან კონსერვატორია. საბოლოოდ მაინც მხატვრობამ გადაწონა და ამ სფეროს გავყევი.
როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება შემდეგ? როგორ მოხვდით ინტერიერის დიზაინის სამყაროში მხარვრობიდან?
სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქანდაკების განხრით. აკადემიის დასრულების შემდეგ კი მუშაობა დავიწყე, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პერიოდი, 90-იანი წლები დაემთხვა ამ ყველაფერს და ამის გამო ქვეყნის დატოვება მომიწია. დროებით უცხოეთში განვაგრძე ჩემი პროფესიით მოღვაწეობა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გადავწყვიტე, სახვითი ხელოვნებიდან გამოყენებით ხელოვნებაზე გადავსულიყავი და ინტერიერის დიზაინით დავინტერესდი. როგორც მოგეხსენებათ, ქანდაკება ფორმის დინამიკას გულისხმობს, სრულ განზომილებას სივრცეში… ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურაც ფორმას მოიცავს, ამიტომ ეს დარგი ძალიან ახლოსაა ქანდაკებასთან. შესაბამისად, გარკვეულწილად, ეს ორი პროფესია ერთმანეთს ჰგავს.
კარიერა ინტერიერის დიზაინის სფეროში მოკრძალებული შეკვეთებით დავიწყე. თავდაპირველად პროექტებს ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებდი, რაშიც დიდ შრომასა და მონდომებას ვდებდი. მოგვიანებით მე და ჩემმა დამ, მარიკა იმედაშვილმა, რომელმაც სამხატვრო აკადემია დიზაინის მიმართულებით დაამთავრა, ერთობლივად შევქმენით ერთ-ერთი ოფისის ძალიან საინტერესო დიზაინი. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება ჩემი, როგორ ინტერიერის დიზაინერის დახვეწა და განვითარება.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ვარ, უამრავი ახალი მასალისა და ცოდნის შეძენა დამჭირდა, რასაც დღემდე ვაგრძელებ. 2D და 3D პროგრამების შესწავლამ, ძალიან გამიადვილა საკუთარი ემოციებისა და აზრების ვირტუალურად გადმოცემა და შემდგომში მათი განხორციელება რეალურ ცხოვრებაში. ეს ყოველივე კი ჩემთვის საოცრად სასიამოვნო, შრომატევადი და საინტერესო პროცესია.
გვესაუბრეთ შემოქმედებით პროცესზე, რა არის თქვენი შთაგონების მთავარი წყარო და როგორ დაახასიათებდით თქვენი მუშაობის ფილოსოფიას?
ყველაზე მთავარი ისევ მუსიკაა. ის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მხოლოდ მუსიკა მაძლევს შთაგონებას. რა თქმა უნდა, ამას პროფესიის სიყვარულიც ემატება, თუმცა ძირითად ინსპირაციას სწორედ მუსიკიდან ვიღებ. მუშაობის პროცესში მთლიანად სხვა სამყაროში ვარ და კონცენტრაციას მხოლოდ შემოქმედებით საქმიანობაზე ვახდენ. ჩემზე დიდი გავლენა აქვს ასევე იმ ინფორმაციასაც, რასაც ყოველდღიურად ვიღებ. შემოქმედებითი თვალსაზრისით, უფრო თავისუფალი მხატვრობაში ვარ, ინტერიერის დიზაინში კი ძირითადად დამკვეთზე მორგება მიწევს. რასაკვირველია, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც სრულ თავისუფლებას გაძლევენ, მაგრამ ყოველთვის გიწევს მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება. სრულად საკუთარ თავის გამოხატვა და თავისუფალი კომპოზიციის შექმნა უპირატესად, მაინც, სახვით ხელოვნებაში შემიძლია.
მუშაობის პროცესში ერთ-ერთი რთული ნაწილი დამკვეთთან შეხვედრა, მისი მოსმენა და ნდობის მოპოვებაა. ამაში ჩემი ბავშვობის დროინდელი გამოცდილება მეხმარება და მარტივად ვამყარებ კომუნიკაციას სრულიად უცხო ადამიანებთან. ალბათ ესაა ჩემი მთავარი ფილოსოფიაც… ამის მერე მოსმენილი კარგად უნდა აკინძო, შენი მხატვრული აზროვნება გამოიყენო, შემოქმედებითი და ვიზუალური ნამუშევრებით მოახდინო მასზე შთაბეჭდილება, შემდგომ კი ყველაზე საინტერესო და გრძელი გზა იწყება – პროექტის დასრულება და საბოლოო სახის მიცემა.
საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ქართული არქიტექტურისა და დიზაინის მიმართ, როგორ შეაფასებდით ამ სფეროს?
მე საკმაოდ მაღალ შეფასებას მივანიჭებ ქართულ არქიტექტურასა და დიზაინს. ვფიქრობ, ქართულ გენში გენეტიკურად დევს ხუროთმოძღვრება. ამას უდიდესი ისტორია და კულტურული ტრადიცია უდევს საფუძვლად, რომელიც ეტაპობრივად, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მგონია, რომ ქართული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ნიმუშები არცერთი განვითარებული ქვეყანის ძეგლებს არ ჩამოუვარდება. ამ ეპოქამ საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი მოგვიტანა, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე მეტყველებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იყო დრო, როდესაც უსუსური შენობა-ნაგებობები ქალაქს იერს უკარგავდა და მის ზოგად სახეს ამახინჯებდა.
რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, მათ შორის არის საცხოვრებელი სივრცე, სასტუმრო და კვების ობიექტები. გეგმები, როგორც შემოქმედ ადამიანსა და იდეალისტს, ბევრი მაქვს, მაგრამ მთავარი, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ, ის არის, რომ არ ჩამოვრჩე ეპოქასა და დროს, შევინარჩუნო მუდმივად განვითარების დინამიკა.
და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინით არიან დაინტერესებულები?
მათ ვურჩევდი ქართული ხელოვნების კარგად შესწავლას, ფანქრის ხელში დაკავებასა და კომპოზიციის კარგად დაუფლებას. მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტონ შემეცნების პროცესი და გაეცნონ მსოფლიო ხელოვნებას. საბედნიეროდ, დღეს უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი როგორც ფიზიკურად, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. ამასთანავე, ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, იშრომონ დაუღალავად პროფესიულ საქმიანობაში და უყვარდეთ საკუთარი ქვეყანა.