სახლის მშენებლობა და რემონტი მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახალაშენებული ფართისა თუ უკვე არსებული სივრცის რეკონსტრუქციის შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს სიმტკიცე და ხანგრძლივად უზრუნველყოს მაცხოვრებლების კომფორტული და მყუდრო ცხოვრება.
იქიდან გამომდინარე, რომ საფუძვლიანი რემონტი საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, ეკონომიის მიზნით სხვადასხვა საშუალებას მიმართოს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილება ე.წ. ეკონომ კლასის რემონტია და შესაბამისად, მომხმარებლები ხშირად ირჩევენ ამ გზას.
რას ნიშნავს ეკონომ კლასის რემონტი?
ეკონომ კლასის რემონტი გულისხმობს სივრცის განახლებას ნაკლები ფინანსური დანახარჯით. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება შედარებით იაფფასიან პროდუქციას, შედეგად კი თანხის დაზოგვა ხდება. თუმცა, როგორც პროფესიონალები ამბობენ, არსებობს დეტალები, რომელზეც დაუშვებელია ეკონომია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, თუ რაზე შეიძლება ხარჯების შემცირება და რაზე არა. ამ საკითხებში უკეთ გასარკვევად, ჩვენ ინჟინერიის დოქტორს, სარემონტო კომპანიის დამფუძნებელს, ბლოგერსა და ეკო პროდუქტების მიმართულებით გამოცდილ პიროვნებას, გიორგი სამხარაძეს მივმართეთ.
გიორგი გვიხსნის, რომ ეკონომ კლასის რემონტს ძირითადად ისეთი სივრცეებში აკეთებენ, რომლებიც გასაქირავებლად, ან რემონტის შემდგომ გასაყიდად სჭირდებათ. „მთავარი ამ პროცესში ისაა, რომ ამ შემთხვევაში რემონტი ბევრად ეკონომიურია. დღესდღეობით ბაზარზე არაერთი მაღაზიაა, სადაც საჭირო პროდუქციას საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეიძენთ. ვიზუალური თვალსაზრისით (გემოვნებიდან გამომდინარე), ეკონომ კლასით მიღებული შედეგი ძალიან კარგი შეიძლება აღმოჩნდეს და ზოგიერთ შემთხვევაში, პრემიუმ კლასის რემონტსაც კი სჯობდეს. თუმცა, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ხარისხია. მნიშვნელოვანია, პროდუქტები არ იყოს მარტივად ცვეთადი, რათა რამდენიმე დღესა თუ თვეში გამოსაცვლელი არ გახდეს“. – აღნიშნავს გიორგი.
მაშასადამე, რაზე არ ღირს ეკონომია?
როგორც გიორგი სამხარაძე გვიამბობს, პირველ რიგში, ეკონომია არ უნდა გავაკეთოთ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არ ჩანს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გაყვანილობა იატაკის ქვეშ, კედლის მიღმა არსებული მასალები და ა.შ., რადგან მათი დაზიანების შემთხვევაში, შესაცვლელად კედლის გამონგრევა და იატაკის აყრა გახდება საჭირო.
ამას გარდა, ეკონომია არ შეიძლება გაკეთდეს ისეთ პროდუქტებსა და აქსესუარებზე, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, რათა თავიდან ავირიდოთ მათი სწრაფად დაზიანება. აქ იგულისხმება წყალგაყვანილობა, ელექტროენერგიის დაქსელვა, ონკანები, ჩამრთველები, როზეტები, სადენები და ა.შ. ისინი ცვეთადობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში უმჯობესია, აქცენტი ხარისხზე გაკეთდეს.
რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება?
ეკონომ კლასის რემონტის შემთხვევაში შესაძლებელია ფინანსები დავზოგოთ ფილების, ლამინირებული იატაკისა და საღებავის შემთხვევაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ეკონომიის გაკეთება შეიძლება, აუცილებელია ისინი სწორად ავარჩიოთ, რათა რამდენიმე დღეში არ დაზიანდეს. მაგალითად, ლამინირებული იატაკის გამოყენება ეკონომ კლასის რემონტისას ბევრად მომგებიანია. მისი ფასი ბაზარზე საშუალოდ 21-35 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ამ მასალის ცვეთის კოეფიციენტი მაღალია და მარტივად ზიანდება.
რაც შეეხება ფილებს, ის ნაკლებად პრობლემურია, განსაკუთრებით კედელზე არსებობის შემთხვევაში (თუ სპეციალურად არ დააზიანეთ, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სახე იცვალოს), თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ფილებს შორის დაშორების ამოსავსები მასალის შერჩევა, რადგან თუ ისიც ეკონომ კლასის პროდუქტს განეკუთვნება, შესაძლოა დროთა განმავლობაში სოკო გაუჩნდეს და არაჯანსაღი გარემო პირობები შექმნას საცხოვრებლად.
ასევე თანხების დაზოგვა შეგვიძლია ისეთ დეტალებზე, როგორიცაა სანათები, უნიტაზები და რადიატორები, მაგრამ გათბობის ქვაბი აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს.
გიორგი სამხარაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ნებისმიერი პროდუქტის არჩევისას აუცილებელია, ის იყო ეკოლოგიურად სუფთა, რათა მაცხოვრებლებს დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნათ.
„რემონტის მიმდინარეობისას მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მასალა შევარჩიოთ. უამრავი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის გარემო პირობები, რომელშიც დიდ დროს ვატარებთ, ჩვენს ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, თუ ეკო-მეგობრულ, ჯანსაღ პროდუქციაზე უარს ვიტყვით ფულის დაზოგვის მიზნით, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ისინი გამოიწვევს არაერთ ალერგიას, დააზიანებს ფილტვებს, სასიცოცხლო ორგანოებს და შედეგად, სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს“, – ამბობს გიორგი.
რა ჯდება ეკონომ კლასის რემონტი საქართველოში?
რაც შეეხება ხარჯებს, ჩვენი რესპონდენტის განმარტებით, ეკონომ კლასის რემონტის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 170-200 დოლარს შეადგენს (ამ თანხაში ხელობის საფასურიც იგულისხმება). როგორც გიორგი სამხარაძე აღნიშნავს, საქართველოში ხელოსნები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას პროდუქტის ღირებულებას და ერთ ფასად მუშაობენ განურჩევლად მასალის საფასურისა, სწორედ ამიტომ ხელობის თვალსაზრისით, ეკონომია ვერ მოხერხდება.
რომ შევაჯამოთ, თუ თქვენ ეკონომ კლასის რემონტზე შეაჩერებთ არჩევანს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით უნდა შეაფასოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების შემცირება შესაძლებელია, არსებობს დეტალები, რომლებზე ეკონომია არ არის გამართლებული და საფრთხეს უქმნის თქვენს მშვიდ და კომფორტულ ცხოვრებას.