ისტორიული შვედური კორპუსის მეოთხე სართულზე განთავსებულია შესანიშნავი ბინა, რომელიც გაფორმებულია ანტიკვარული ავეჯით. საცხოვრებელი სტოკჰოლმში, პოპულარულ სოდერმალმის რაიონში მდებარეობს და 1913 წლით თარიღდება.
ლამაზი ისტორიული მახასიათებლები, ხის იატაკი, რბილი კრემისფერი ტონები, შპალერი და ყველა ოთახში განთავსებული ანტიკვარული ავეჯი სახლში თბილ ატმოსფეროს ქმნის.
სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. სივრცე მრავალმხრივია, რადგან ოთახები დაყოფილია ორმაგი კარებით, ასე რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დიდი სოციალური სივრცე ან ორი კერძო ოთახი.
მთელი სახლი, ხის მასალებთან ერთად, კრემისფერ და თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი. თუმცა, მისაღებ ოთახში აქცენტის სახით გვხვდება ღია ვარდისფერი სავარძლები, რომელთაც სივრცეში დახვეწილი ელფერი შემოაქვთ.
ულამაზესი სამზარეულოს ხის ავეჯი კრემისფერ ტონშია შეღებილი, შერწყმულია კირქვის ზედაპირთან და Lacanche-ის ექსკლუზიურ გაზქურასთან. ექვსადგილიანი ხის მაგიდა კი სამზარეულოს მშვენიერ სოციალურ სივრცედ აქცევს.
მთავარ საძინებელს ამშვენებს ერკერი და დახვეწილი, ზოლებიანი შპალერი. ეს სივრცე საკმაოდ პატარა, მაგრამ მყუდრო და კომფორტულია.
ორ-ოთახიან ბინას აქვს ლამაზი საბავშვო საძინებელი, რომელიც მინის გასაგორებელი კარის საშუალებით ორ ნაწილად არის დაყოფილი — ძილისთვის განკუთვნილ სივრცედ და სათამაშო ზონად.