რეიმონდ ისიდორს არ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ არტისტი გამხდარიყო, განსაკუთრებით კი სკულპტორი, რომელიც თავისი სახლის ყველა ზედაპირს მოზაიკის ქვებით დაფარავდა. მაგრამ 1938 წელს საბედისწერო გასეირნებისას მისი ყურადღება გატეხილი ჭურჭლის ნამსხვრევებმა მიიპყრო და სწორედ ეს გახდა ინსპირაცია ერთერთი ყველაზე უნიკალური სახლი შეექმნა მსოფლიოში.
რეიმონდი 1900 წელს დაიბადა შარტრში, საფრანგეთში ერთ ჩვეულებრივ, ფრანგულ ოჯახში. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც სასაფლაოს მოვლას მიჰყო ხელი, თავისზე 10 წლით უფროს ქალზე იქორწინა და შარტრის კათედრალთან ახლოს მიწაც იყიდა. ამ მიწაზე მოგვიანებით მოკრძალებული კოტეჯი დადგა, სწორედ ეს სახლი – La Maison Picassiette დაფარა მან მოზაიკით და დღეს მისი დათვალიერება, როგორც ღირსშესანიშნაობის, უკვე ყველას შეუძლია.
ამ ყველაფრის განხორციელებამდე ისიდორმა ჭურჭლის ნამსხვრევების შეგროვება დაიწყო. ის მათ პოულობდა ქუჩებში, ეზოში ან ნაგვის საცავებში თავის სახლთან. როგორც თავად ამბობდა, ადამიანის გადაგდებულ ნივთებს კიდევ შეუძლია სიკეთის მოტანა. თავიდან მათი შეგროვება კონკრეტული მიზნის გარეშე დაიწყო, ერთ საღამოს კი ეს იდეა მოუვიდა. შედეგი უფრო საინტერესო გამოვიდა ვიდრე ეს შემქმნელს წარმოედგინა. “მე, რომელსაც ხატვაც კი არასდროს გამომდიოდა, ასეთი რამ შევძელი”- ამბობდა იგი.
ისიდორმა თავიდან სახლის ინტერიერის კედლებზე დაიწყო მუშაობა, მოზაიკისგან ქმნიდა ყვავილების და ჩიტების ფორმებს. როდესაც კედლები დაასრულა, შემდეგ ჭერზე გადავიდა, შემდეგ იატაკზე და საბოლოოდ ავეჯზეც კი. სამზარეულოს მაგიდა, საწოლი და საკერავის მანქანის სკამიც კი მოზაიკით იყო დაფარული. როდესაც ინტერიერი მთლიანად ამოიწურა, ამის შემდეგ ის უკვე სახლის ფასადზე გადავიდა. 1960 წელს სახლმა უკვე სახელი გაითქვა და მასზე სტატიებიც იწერებოდა, ამ შემოქმედებამ მესაფლავეც ცნობილი გახადა და მას როგორც არტისტს, ისეც მოიხსენიებდნენ. მოზაიკამ სახლის გარდა ეზო და ბაღიც მოიცვა. რეიმონდმა რამდენიმე დამატებითი ნაგებობაც ააშენა – სამლოცველო და “ზაფხულის სახლი”.
1964 წლის მიწურულს რეიმონდ ისიდორს ახალი ზედმეტსახელი ჰქონდა – პიკასო ასიტე (Picasso Assiette). სახლს თავად პაბლო პიკასოც ეწვია 1954 წელს, მაგრამ ეს ზედმეტსახელი ალბათ უფრო მის უსაზღვრო, დაუოკებელ შემოქმედებითობას უკავშირდება.