თბილისის არქიტექტურა მრავალფეროვნებით, ეკლექტიკით, მიმზიდველობითა და საინტერესო იერსახით გამოირჩევა. არაერთი საინტერესო შენობა-ნაგებობის გარდა, მრავლად გვხვდება ფასადებს მიღმა დამალული, შთამბეჭდავი, კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ძეგლები. ერთ-ერთი მათგანია თბილისური სადარბაზო, რომელიც, როგორც არქიტექტორული ელემენტი, ახალი ტიპის ევროპულ სახლებთან ერთად XIX საუკუნეში ჩნდება და ისეთი ორიგინალურობითა და მომხიბვლელობით ხასიათდება, რომ დღემდე მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.
როგორც მიხვდით, დღეს ძველი თბილისის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობაზე – სადარბაზოებზე მოგითხრობთ. მათი არქიტექტურისა და ინტერიერის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძე გვესაუბრება.
სადარბაზოების გამოჩენა თბილისში
სადარბაზოები თბილისში 1850-60-იანი წლებიდან ჩნდება, როდესაც ევროპიდან შემოსული ახალი სტილი, წეს-ჩვეულებები, ნორმები და გემოვნება მკვიდრდება და არქიტექტურაც უფრო დახვეწილი, მდიდრული და დეკორაციებით დატვირთული ხდება. შედეგად, ფეხს იკიდებს ახალი ფორმები და ტენდენციები; შეძლებული მოქალაქეების ახალაშენებული სახლები სადარბაზოსთან ერთად იხატება და ირთვება. მანამდე თბილისური სახლების უმეტეს ნაწილს შესასვლელი აივნიდან ჰქონდა, კიბე გარედან ედგმებოდა, ან აივანსა და შუშაბანდის ფარგლებში ერთი გრძელი, უწყვეტი მარშის სახით იჭრებოდა.
„მაღალი წრის ადამიანთა სახლებზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ სადარბაზო ქნიდა. იგი ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ფასადი განსაკუთრებულად ირთვებოდა, ვესტიბიულები საგანგებოდ ფორმდებოდა, შიდა სივრცე იხატებოდა და დეკორატიული ნაძერწებით, მოზაიკით, ცხაურებითა და ვიტრაჟებით მშვენდებოდა. იატაკზე წარწერილი „SALVE“ სტუმარს შიგნით ეპატიჟებოდა. უხვად მორთულმა სადარბაზო-ვესტიბიულმა საზეიმო იერი შეჰმატა თბილისურ სახლსა და არქიტექტურას“, – აღნიშნავს ცისია კილაძე ჩვენთან საუბრისას.
სადარბაზოების იერსახე და გეგმარება
სადარბაზო გამოიყენებოდა ერთ ან რამდენიმე ბინაში შესასვლელად. ზოგჯერ სახლს ორი სადარბაზო ჰქონოდა, რომელთაგან ერთი – პირველ, მეორე კი ზედა სართულებს უკავშირდებოდა. ტიპური ბინა ექვსი ან შვიდი მთავარი ოთახისა და სათავსოებისგან შედგებოდა. სახლის კედლებსა და ჭერს, სადარბაზოების მსგავსად, დეკორით, მხატვრობითა და შპალერით რთავდნენ. შედეგად, შენობის თითოეული ელემენტი საინტერესოდ იყო გაფორმებული.
ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, რომ სადარბაზოების დეკორს საზეიმო ხასიათი ჰქონდა. შესასვლელში მასიური, ჩუქურთმებით გაფორმებული ხის კარი იყო ჩასმული, რომლის ზედა, შემინული ნაწილი ლითონის ჭედური ან სხმული ორნამენტული ცხაურით იფარებოდა. კარის თავზე გვხვდებოდა ფრამუგაც (სარკმლის, მინის კარის ზედა საგდული). ხშირად კარს წინფრაც ამშვენებდა, მაქმანისებრი და გამჭვირვალე ორნამენტებით.
ცისია კილაძე გვიყვება: „კარის შეღების შემდეგ მნახველი ნათელ, ფერად სივრცეში ხვდებოდა. ვესტიბიულები მორთული იყო ზეთის საღებავებით შესრულებული ფერწერით, რომელსაც რელიეფური ელემენტები ამდიდრებდა. კედლები პილიასტრებით იყოფოდა. ჰოლის სიღრმეში, კიბის პირველ საფეხურთან, მაღალი, საგანგებოდ გაფორმებული კანდელაბრი იდგა, რომელიც ნათდებოდა. დღისით სადარბაზოებში ბუნებრივი განათება კარის ღიობიდან, შემინული ფრამუგიდან და შუქფარნიდან აღწევდა. ჭერი მდიდრულად იხატებოდა და რელიეფებით ფორმდებოდა, საიდანაც მასიური ჭაღი იყო ჩამოშვებული. კიბის უჯრებზე, უმეტესად, ქაღალდზე შესრულებული მხატვრობა გვხვდებოდა. ბოლო სართულზე განთავსებული იყო შუქფრანი, რომელიც ხშირად ვიტრაჟით იმკობოდა. აქედან შემოსული მზის შუქი ინტერიერს საოცარ მომხიბვლელობას და ფერადოვნებას სძენდა. მხატვრობაში იკვეთებოდა სასიამოვნო, დადებითი განწყობის მომგვრელი ორნამენტები, პეიზაჟები, ჭრელი, მხიარული ფერებით მოხატული ანგელოზები, ჩითები, ყვავილები. თბილისში ამგვარი ფუფუნებით მოწყობილი სადარბაზოები ძირითადად სოლოლაკში, ჩუღურეთში, მთაწმინდასა და ვერაზე იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი სახეშეცვლილი და გადაღებილია, რამდენიმეს დღემდე უცვლელად შეუნარჩუნებია პირვანდელი სახე“.
მხატვრული თემატიკა
იქიდან გამომდინარე, რომ მოქალაქეები ევროპული ცხოვრების წესისკენ მიისწრაფვოდნენ, ამიტომ დასავლურ თემატიკას ჭარბად ვხვდებით სადარბაზოების დეკორშიც. ინტერიერის მორთულობას განაპირობებდა გარკვეული სტანდარტი, ტენდენცია, რომელსაც ხელოვანები მიჰყვებოდნენ. კომპოზიციები ამა თუ იმ ცნობილი მოხატულობით, ფერწერული ტილოებითა და ქანდაკებებით იყო შთაგონებული. ამავდროულად, მხატვრები ევროპულ სპეციალურ გამოცემებს, ილუსტრირებულ ჟურნალებსა და გრავიურებს იყენებდნენ, მათით ხელმძღვანელობდნენ. ტილოზე ძირითადად ზეთით ან ტემპერით ხატავდნენ. შედარებით მარტივი, განმეორებადი ორნამენტებისთვის იყენებდნენ ტრაფარეტებს. ამ ნამუშევრებში საერთაშორისო მოტივები, ევროპული და ადგილობრივი ტრადიცია ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. კოსმოპოლიტური სტილისა და ლოკალური ელემენტების სინთეზი მხატვრობაშიც გამოვლინდა. ევროპულის გარდა, მრავლად გვხვდება აზიური თემებიც. მათი გაერთიანებით (ევროპული, აზიური, ქართული) შეიქმნა თვითმყოფადი, ინდივიდუალური, ორგანული სტილი. მაგალითად, კედლის მხატვრობაში ასახულია ხმელთაშუაზღვის ხედები, იტალიის პეიზაჟები, გედები, რომელთა გვერდითაც თავს იჩენს ეროვნული მოტივები – კავკასიის ლანდშაფტები, ფრაგმენტები „ვეფხისტყაოსნიდან“ და სხვა.
ნამუშევრების ავტორები, მხატვრები…
ცისია კილაძის თქმით, „სადარბაზოებისა და სახლის შექმნაში უდიდესი წვლილი ამქრებსა და ხელოსნებს მიუძღვით. არსებობდა მხატვარ-მღებავთა ამქარი, რომელიც აერთიანებდა ფერმწერებს, მღებავებსა და მონათესავე პროფესიის ადამიანებს. მათ ჰქონდათ საკუთარი დროშაც, რომელზეც მაცხოვარი და ანგელოზები (მედალიონებში) იყვნენ გამოსახულნი. მათ ხელში ეპყრათ პალიტრა, ფუნჯები და საღებავები. აქვე ვხვდებით ფარგლის, სამკუთხედისა და გრაგნილის გამოსახულებებს. ხელოსნები მუშაობდნენ ერთად, მთავარი მხატვრის ხელმძღვანელობით. რადგან სადარბაზოების მორთვა-მოხატვა ამქრის საერთო ნაწარმად მიიჩნეოდა, მხატვარი ძალზე იშვიათად აწერდა მასზე ხელს“.
გარდა იმისა, რომ მხატვრები ზოგად სტანდარტს, შაბლონს მისდევდნენ, დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებსაც ითვალისწინებდნენ. მაგალითად, ზოგიერთი გამოსახულება თუ ალეგორიული დეტალი მესაკუთრეების განათლებას, პროფესიას გვამცნობს და მათი წინაპრების ისტორიას ასახავს. ასეთ მხატვრობას ვხვდებით წინამძღვრიშვილის N39-ში.
აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი რამდენიმე ქართველი მხატვარი, რომლებიც სახლებისა და სადარბაზოების მოხატვაზე მუშაობდნენ, დღესაც ცნობილია. ერთ-ერთი მათგანია ივანე ვეფხვაძე, რომელიც თავის მოგონებებში არაერთ თბილისელ ხელოვანს ასახელებს. ისინი ინტერიერს ხატავდნენ და საკუთარი სახელოსნოებიც ჰქონდათ. კიდევ ერთი შემოქმედი, რომლის სახელიც შემოგვრჩა, გიგო ზაზიაშვილია. მისი ნამუშევრები ქეთევან წამებულის N20-შია წარმოდგენილი (სადარბაზო ამჟამად კერძო პირის კუთვნილებაა). ცისია კილაძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გიგო ზაზიაშვილი ფიროსმანის თანამედროვე იყო: ისინი გარკვეული პერიოდი ერთადაც მუშაობდნენ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფიროსმანს სადმე კედლის მხატვრობაც შეესრულებინა, თუმცა ამის შესახებ არაფერია ცნობილი და შემორჩენილი.
რამდენიმე თბილისურ სადარბაზოზე ვხვდებით უცხოელი მხატვრების ხელმოწერებსაც. მაგალითად, დავით აღმაშენებლის N93-ში ბ. ტელინგატერისა და დე მარცოს ნამუშევრებია შემონახული, მ. წინამძღვრიშვილის N39-ში – პოზნანის, კ. მარჯანიშვილის N18-ში კი (ეს სახლი აღარ არსებობს) – რ. კერგერის.
ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა, მასვე ეკუთვნის სეილანოვების სახლი გ. ტაბიძის N18-ში. აღმაშენებლის N93-ისა და ტაბიძის N18-ის ნაგებობების სადარბაზოები სიუჟეტებითა და დეკორატიული მოტივებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ვესტიბიულში გვხვდება ევროპული ქვეყნების ალეგორიული გამოსახულებები, კიბის უჯრედში კი – დეკორატიული ორნამენტები, კლასიციზმისა და ბაროკოს ელემენტები, რომანტიკული პეიზაჟები. დეკორში გამოყენებულია ე. წ. trompe d`oeil-ის მეთოდი, რომელიც სიბრტყეზე ილუზიის შექმნას გულისხმობს. ტექნიკა ძველი პომპეის ფრესკებიდან იღებს სათავეს. ასეთ ნამუშევრებში სივრცის უსაზღვროდ გაგრძელების ილუზია იქმნება. მაგალითად, კედელზე მოხატული ოთახი ან სადარბაზოებში გამოსახული ფერწერული ჩარჩოები ნამდვილობის ეფექტს ქმნის. ამგვარი მხატვრობა იმდროინდელი მოდის კუთვნილება იყო, რაც თბილისურ სახლებზეც აისახა.
სადარბაზოთა სტილი
ცისია კილაძე გვიამბობს: „სადარბაზოებში ჰარმონიულად თანაარსებობს ფსევდორენესანსის, ფსევდობაროკოს, ფსევდოკლასიციზმისა და მოდერნის ნიშნები, ამიტომ, სტილის თვალსაზრისით, ძირითადად ორი ტიპის სადარბაზოებს ვხვდებით: ერთში კლასიციზმის ელემენტები ჭარბობს, მეორეში კი მოდერნის სტილია დომინანტური. პირველი ტიპის სადარბაზოებში გამოყენებულია ფსევდოროკოკოს, ფსევდობაროკოს, ფსევდორენესანსის მახასიათებლები. ამგვარი ინტერიერი ეკლექტიკითა და მდიდრულობით ხასიათდება, კედლები დახუნძლულია მრავალფეროვანი სიუჟეტებით და რელიეფური ელემენტებით – პილასტრებითაა მორთული“.
თბილისში მეტად გავრცელებულ, კლასიციზმის სტილში გადაწყვეტილ სადარბაზოებს ზომიერი პროპორციის სწორკუთხა ვესტიბიული და ცალკე გამოყოფილი კიბის უჯრედი ახასიათებს. დერეფნის კედლები და პლაფონი (მოხატული ან რელიეფით შემკული ჭერი) დანაწევრებულია სტუკოს (დეკორაციული ბათქაში) დეკორატიული მოჩარჩოებით, პილასტრებითა და მედალიონებით. კედლები და კიბის უჯრედის არეები სრულად დაფარულია დატვირთული მხატვრული სიუჟეტებით, კომპოზიციები კი ძირითადად ოპტიკური ილუზიის ეფექტზე, ე. წ. trompe d`oeil-ის ტექნიკაზეა აგებული. პირველი სტილის სადარბაზოებს ვხვდებით აღმაშენებლის N93-სა და N36-ში, ტაბიძის N18-სა და წინამძღვრიშვილის 39 ნომერში.
„მეორე ტიპის, ანუ მოდერნის სტილის სივრცეები გაცილებით მსუბუქი და ჰაეროვანია – იგრძნობა დინამიკურობა და ნათელი ფერები. ასეთ ინტერიერებში ორნამენტები გამოსახულებაზე მეტადაა გამოკვეთილი, კედლები კი უფრო სადაა: არ გვხვდება პლასტიკური დანაწევრება და პროფილირებული მოჩარჩოება, მხატვრობა თავისუფლად, დანაყოფების გარეშე ნაწილდება კედლებზე, სტილიზებულ ორნამენტულ მოტივებს რეალისტურად დაწერილი პეიზაჟებიც ერთვის. ამგვარი სადარბაზოები XX საუკუნის პირველ ათწლეულს მიეკუთვნება და დღეს ვასილ ბარნოვის N16-შია შემორჩენილი“, – გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.
თბილისში არსებობდა აღმოსავლურ სტილში გადაწყვეტილი სადარბაზოებიც. ესაა ფსევდომავრიტანული, სპარსული მოტივებით შექმნილი სივრცეები, რომლებიც გაფორმებული იყო ხალიჩისებრი ხასიათის ნაირგვარი, პოლიქრომული ორნამენტით. იატაკი ფერადი მოზაიკით ირთვებოდა, სივრცე კი კერამიკული ბუხრებით თბებოდა. აღმოსავლური სტილის სახლს განეკუთვნება ივანე მაჩაბლის N17-ის პომპეზური სადარბაზო, რომელიც ზღაპრული, უხვად შემკული დეკორითაა მორთული და მდიდრულ სასახლეს მოგვაგონებს.
ცისია კილაძე ამბობს, რომ სადარბაზოები ძველი თბილისის კოლორიტის ერთ-ერთი განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. საოცარ ემოციებსა და აღმაფრენასთან ერთად, დღეს ეს სადარბაზოები სევდასაც იწვევს, რადგან უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია: კედლები – დაბზარული, დეკორი კი ძლიერ დაზიანებულია, დაკარგულია ქანდაკებები და ფილები; კიბის მოაჯირები – მორყეული, შუქფარები – ჩამსხვრეული, ვიტრაჟები – გამქრალი, მხატვრობა კი ნახევრად გადაღებილია, რაც საბჭოთა პერიოდის „სიკეთეებსაც“ უნდა მივაწეროთ: იმ დროს აქტიურად იღებებოდა კედლები, რის გამოც ხელოვნების არაერთი ნიმუში განადგურდა.
ამ სადარბაზოების გაფრთხილება და მათი რესტავრაცია ჩვენი ეპოქის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. უნდა ითქვას, რომ პირველი პუბლიკაცია თბილისურ სადარბაზოებთან დაკავშირებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს ეკუთვნის, წიგნის ერთ-ერთი ავტორი კი ჩვენი რესპონდენტი, ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძეა.
ფოტო: მირიან კილაძე, ცისია კილაძე
ავტორი: მეკო მეტრეველი
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი