სივრცეების ტრანსფორმირება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რიტმისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენ სწრაფი ცვლილებებისა და უსაზღვრო ინფორმაციული ნაკადის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც ცხოვრების სტილზეც მოქმედებს. სეზონების ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩვენი ხასიათი, საჭიროებები, მოთხოვნები და გემოვნება. შესაბამისად, ხშირად გვიჩნდება სურვილი, საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე ისე მოვაწყოთ, რომ ბოლომდე კმაყოფილები ვიყოთ და განწყობაც აგვიმაღლდეს. ინტერიერის დიზაინის სტუდია „ატმოსფერო“ საინტერესო რჩევებს გვიზიარებს, რომლებიც სეზონის გათვალისწინებით სივრცის გადახალისებაში დაგვეხმარება.
„საცხოვრებელი სივრცის სეზონურ ცვლილებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, თუ რაოდენ უსაზღვრო შემოქმედებითი თავისუფლება ეძლევა დამკვეთს, როდესაც არქიტექტორი წინასწარ ითვალისწინებს ამგვარი გარდაქმნის საჭიროებას და პროექტში საამისო შესაძლებლობებს ტოვებს“, – ამბობენ დიზაინერები.
მათი თქმით, პროექტირებისას კლიმატურ პირობებზე, ლანდშაფტის თავისებურებაზე, ხე-ნარგავების სტილისტიკასა და მდებარეობაზე, რეგულირებად ფასადსა და მარტივად გარდაქმნად სივრცეებზე ფიქრი ბუნებრივია და მომავალ მობინადრეს თვითგამოხატვის უკიდეგანო შესაძლებლობას აძლევს. ასეთი პროექტის მაგალითია ზამთრის ბაღად მარტივად გარდაქმნადი ტერასა, რომელიც ზამთარში ათბობს, ზაფხულის ცხელ დღეებში კი წყლით გაგრილების სისტემით უზრუნველყოფს სივრცეს.
აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია განწყობის ცვალებადობაც, რომელიც დღის განმავლობაში სინათლის ინტენსივობაზე, ამინდზე, ტემპერატურასა და, ზოგადად, სეზონის შესაფერის ატმოსფეროზეა დამოკიდებული.
სეზონის განწყობის ასახვა ინტერიერში
სტუდია „ატმოსფერო“ გვირჩევს, რომ გამოდარებასა და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, შევეცადოთ, ხალისიანი განწყობა ინტერიერშიც შევიტანოთ და იგი ექსტერიერის გათვალისწინებით მოვაწყოთ: „ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იკარგება ზღვარი ინტერიერსა და ექსტერიერს შორის, ცხოვრება სულ უფრო მეტად მიისწრაფვის სხივების ნაკადისკენ – ვითვისებთ აივნებს, ტერასებს, ეზოებს… ადგილს იცვლიან ოთახის მცენარეებიც, რომელთა ადგილასაც უკვე თხელი და მსუბუქი ფარდები ქმნიან მოფარდაგებულ კომპოზიციებს. განსაკუთრებულ განწყობას ის სივრცეები ქმნის, რომლებიც ინტერიერიდან ექსტერიერში გადადის და, ერთი შეხედვით, დახურული სივრცისთვის დამახასიათებელ აქტივობას ზღურბლის მიღმა აფართოებს“.
სინათლის გათვალისწინება სივრცის კეთილმოწყობისას
ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით კი დედაქალაქის, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რეკომენდებულია, საცხოვრებელი ზონები ზაფხულში სინათლის გრადაციის მიხედვით მოაწყოთ. თუ დილით ყავას მზით განათებულ ტერასაზე/აივანზე მიირთმევთ, მალე სიცხე შიგნით დაბრუნებისკენ გიბიძგებთ და დღის ბოლოს იდეალური გამოსავალი ყველაზე გრილი და ჩაბნელებული საძინებელი აღმოჩნდება. ამიტომ, სახლის გეგმარებისა და ფუნქციური ზონების მოწყობისას გასათვალისწინებელია, საიდან და როგორ ნაწილდება განათება.
ფერების გამოყენება სეზონების მიხედვით
ფერი ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც სივრცის ატმოსფეროს განსაზღვრავს და მთავარ როლს ასრულებს ხასიათისა და განწყობის ჩამოყალიბებაში. ჩვენი რესპონდენტები გვირჩევენ: „გაზაფხული ყველაზე ნაზი სეზონია. ამ დროს ბუნება იღვიძებს, სინათლის ინტენსივობა იმატებს, მზის შუქს თბილი ტონები ემატება, ჩრდილები უფრო გრძელი ხდება, ანარეკლები კი – ხშირი, ამიტომ ასეთ დროს ინტერიერში გარდამავალი ფერების – ღია მწვანისა და ყვითლის – ტონების გამოყენება ბუნებრივად ესადაგება საგაზაფხულო განწყობასა და ექსტერიერს.
ზაფხული გამოირჩევა ამაღლებული განწყობითა და ენერგიის მოჭარბებით, ამიტომ ჯობია, საცხოვრებელ სივრცეში მკვეთი ფერები შემოვიტანოთ, მაგალითად: ვარდისფერი, წითელი, ცისფერი და მჭახე, თვალშისაცემი ტონები“.
ვინაიდან წვიმის სურნელითა და ფერადი ფოთლებით სავსე შემოდგომა უფრო მინორულია, პროფესიონალები გვირჩევენ, ამ სეზონზე ინტერიერში ბუნებრივი დეკორი გამოვიყენოთ. ფერადოვნება, ზაფხულის მსგავსად, ამ პერიოდშიც აქტუალურია, შესაბამისად, უპირატესობა თბილ ტონალობას – მკვეთრ ყვითელს, შინდისფერსა და ყავისფერს ენიჭება.
ზამთრის სეზონის მთავარი გამოწვევა ინტერიერში სითბოს შენარჩუნება, სივრცეში კი ბუნებრივი სინათლის შემოტანაა. ამ დროს ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი, უდავოდ, კარგი არჩევანია. ზამთარში თეთრიდან ნაცრისფრისკენ გარდამავალი ფერები საუკეთესო ბაზაა საახალწლო განწყობის შესაქმნელად და სივრცეში დღის სინათლის თანაბრად გასანაწილებლად.
ინტერიერში განწყობის შექმნის ცვლადი ელემენტები
სტუდია „ატმოსფეროს“ გუნდი გვისახელებს რამდენიმე ელემენტს, რომლებიც სეზონის მიხედვით ყველაზე მარტივად იცვლება და საშუალებას გვაძლევს, ინტერიერი გადავახალისოთ. ესენია:
- ფარდები
- ბალიშები
- თეთრეული
- ხალიჩები და გადასაფარებლები
- ნახატები
- დეკორი, მცენარეები
- ტექსტურები
თითოეული მათგანის დახმარებით, შესაძლებელია სივრცის იერსახე გარდავქმნათ და ფერებისა თუ მასალის კომბინაციით სახლი განვაახლოთ.
ინდივიდუალური ხასიათისა და სტილის გათვალისწინება
ინტერიერი ადამიანის ბუნებას, ხასიათსა და გემოვნებას გამოხატავს, ამიტომ არ არსებობს წინასწარ დადგენილი ნორმები თუ სტანდარტები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გამოადგება და ყველას საჭიროებებს სრულად გაითვალისწინებს. შესაბამისად, სასურველია, ნებისმიერ სივრცეში ინდივიდუალური ხასიათი შევინარჩუნოთ. „ისევე, როგორც ფერებისა და სეზონებისადმი დამოკიდებულება, ჩვენი განწყობაც ძალიან ინდივიდუალურია. სწორი პროექტირებითა და დიზაინის შემუშავებით შესაძლებელია საცხოვრებელი გარემოს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება და ტრანსფორმაციის ისეთი შესაძლებლობის შექმნა, რომ მობინადრეებმა თავად დაამჩნიონ კვალი საკუთარ სახლს და ერთად განაგრძონ განვითარება“, – ამბობენ „ატმოსფეროში“.
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი