in

თანამედროვე სახლი წავკისში მინის ხიდით – Tria Group-ის პროექტი

წავკისში მდებარე სახლი Tria Group-ის პროექტია. მისი საერთო ფართობი 361 კვ. მ-ია და სამ საძინებელს, ოთხ სველ წერტილს და ორ დამხმარე ოთახს მოიცავს.  სივრცე სამი ბლოკისგან შედგება. ბლოკები მიწის ნაკვეთზე ფუნქციურად და კომპოზიციურად  ისეა გადანაწილებული, რომ რელიეფის ქანობი მაქსიმალურად ათვისებული და გამოყენებული იყოს. გეგმარება ეზოს სხვადასხვა ზონად ყოფს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის საცხოვრებელ ფართს და ერთ მთლიანობას ქმნის.

სახლში შესვლისას გამანაწილებელ ზონაში ვხვდებით, რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ კი ხიდით იზოლირებულ საძინებელს ვუკავშირდებით. დაბლა ჩასვლისას გაერთიანებულ სამზარეულო/საერთო სივრცეში აღმოვჩნდებით, რომელსაც ვერანდაზე და მწვანე ეზოში გავყავართ.

საკმაოდ დიდი გაერთიანებული ზონა მინიმალისტური, ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ოთახის მთავარი ელემენტი ცენტრალურ ნაწილში მოთავსებული ღია ბუხარია. მის გარშემო მდგარ თეთრ, კომფორტულ დივანსა და სავარძლებს მყუდროება და სითბო შემოაქვს ინტერიერში. სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის მცენარეებიც, რომლებიც ბუნებრიობასა და სიჯანსაღეს სძენს გარემოს. მისაღების გასახალისებლად და საინტერესო აქცენტების შემოსატანად სივრცე დიზაინ-ობიექტებითა და აქსესუარებითაა დატვირთული, რაც დადებით განწყობას უზრუნველყოფს.

სამზარეულოს ავეჯში გამოყენებული ფერადი დეტალები კონტრასტს ქმნის მოსასვენებელ ოთახთან. მუქი მწვანე სამზარეულო ბეტონის იატაკს ეხამება, შავი ელემენტების გაჩენა კი ოთახს ამდიდრებს. გამორჩეული დეტალია ღვინის სათავსო, რომელიც, პრაქტიკული დანიშნულების გარდა, სივრცეს ესთეტიკურ ღირებულებას სძენს.

კედლების მთელ სიგრძეზე განლაგებული ფანჯრები ოთახში ბუნებრივი სინათლის წყაროა. ამის გარდა, სხვადასხვა წერტილში დამონტაჟებული სანათები სახლს კიდევ უფრო ნათელსა და მოცულობითს ხდის. ხის მასალის გამოყენება კიბეზე, ავეჯსა და იატაკის ზოგიერთ ნაწილში, ბეტონის კონსტრუქციასა და თეთრ კედლებს რბილ, მსუბუქ, თბილ იერს ანიჭებს.

პროექტის თავდაპირველი მიზანი იყო, მაქსიმალურად წაშლილიყო ზღვარი გარე და შიდა სივრცეებს შორის, რის გამოც  ექსტერიერის  დეტალები  ინტერიერში ხშირად მეორდება და პირიქით – ღია ზონაში ვხვდებით ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა ბუხარი და ბუნებრივი ქვის მასალები. სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტია დიდი, ხსნადი ვიტრაჟი, რომელიც საერთო სივრცეს აუზიან ვერანდასთან აკავშირებს. კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედი და მინის ხიდია. კიბის დიზაინი ინტერიერს მიმზიდველი შუქ-ჩრდილებით ამდიდრებს.

განსაკუთრებული ყურადღება მთავარ საძინებელს დაეთმო. ის სახლის ზოგად კონცეფციას იმეორებს, რაც მინიმალისტური სტილის შენარჩუნებით ვლინდება.  ოთახში მაქსიმალური კომფორტისა და სიმყუდროვის მისაღწევად დამონტაჟდა აბაზანა და ბუხარი, რომლებსაც სივრცეში ინდივიდუალური, გამორჩეული შტრიხები შეაქვს და დიზაინის ორიგინალურობას უსვამს ხაზს.

მეტალის კონსტრუქციაში ჩასმული ბუხარი ბეტონის იატაკს კარგად ეხამება. ამ ერთგვარ „სიმკაცრესა“ და „სიცივეს“ აქსესუარები, ავეჯი და კომფორტული საწოლი აბალანსებს. საძინებელთან დაპროექტებულია პატარა საგარდერობოც, რომელიც დამატებითი სათავსოა და ადგილს გადატვირთვისგან იცავს. ამ ზონაშიც სახლისთვის დამახასიათებელი სიმყუდროვე და სასიამოვნო აურა სუფევს.

ნათელ, მინიმალისტურ ინტერიერში გამოყენებული ხისა და ქვის ბუნებრივი მასალები, ალუმინის ვიტრაჟები, თეთრი კედლები და თბილი ტონალობის ავეჯის მონაცვლეობა მიმზიდველ კონტრასტს ქმნის, რაც სახლში მრავალფეროვან, სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს. სწორად დაგეგმარებული ეზო, რომელიც  სახლის ორიგინალურ არქიტექტურას ჰარმონიულად ერწყმის, საცხოვრებლის განსაკუთრებული ნაწილია და ნებისმიერი მნახველის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს. ესაა სივრცე, რომელიც დასასვენებლად, განსატვირთად და სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად იდეალური ადგილია.

პროექტის ავტორი: Tria Group

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

როგორ დავმალო ტელევიზორი მისაღებ ოთახში — რამდენიმე ჭკვიანური იდეა

10 ნივთი შინ ყოფნის ბედნიერებისთვის – VELI.store