დღეს მოგიყვებით საბურთალოს უბანში მდებარე სახლზე, რომელიც ინდივიდუალური სტილითა და მიმზიდველი ინტერიერით გამოირჩევა. მეპატრონეებმა ის შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინეს, გეგმარება ტიხრებით შეცვალეს, დიზაინზე კი, პროფესიონალის დახმარების გარეშე, თავად იზრუნეს.
„თავდაპირველად არ ვიცოდით, როგორი პროექტი გვინდოდა, უბრალოდ, გვსურდა, კომფორტული საცხოვრებელი მოგვეწყო. დიზაინერებთან თანამშრომლობა ორჯერ ვცადეთ, თუმცა, მათი იდეები სრულად მისაღები არ აღმოჩნდა ჩვენთვის, შესაბამისად, მხოლოდ ცალკეული ელემენტები დავტოვეთ და თავად შევქმენით ჩვენზე მორგებული, მოსახერხებელი სივრცე. დიდი ფართობის მიუხედავად, თითოეული ნაწილი ავითვისეთ და სასურველ მიზანსაც მივაღწიეთ“, – აღნიშნავს Homeis.ge-სთან საუბრისას ჩვენი რესპონდენტი.
სახლის უპირატესობა ადგილმდებარეობაა: ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოსაა და, ამავდროულად, შესანიშნავი ხედებით ხიბლავს მაცხოვრებლებს. როგორც თავად გვიყვებიან, სახლი სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი განცხადების მეშვეობით აღმოაჩინეს: „ვფიქრობდით, საცხოვრებელი ქალაქგარეთ აგვეშენებინა და ამ დროს, სრულიად შემთხვევით, განცხადება ვნახეთ. არც კი ვიცოდით ამ ქუჩის არსებობის შესახებ, თუმცა, ადგილმდებარეობა იმდენად მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომ ბევრი აღარ გვიფიქრია: სულ რაღაც სამ წუთში შეგიძლია, ცენტრში მოხვდე, ამავდროულად კი, ქალაქისგან აბსოლუტურად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობ და ლამაზი ლანდშაფტითაც ტკბები“.
მობინადრეთათვის მნიშვნელოვანი იყო, სახლს მათი ხასიათი გამოეხატა და თითოეულ ოჯახის წევრს პირადი სივრცე ჰქონოდა. ამის მისაღწევად საგანგებოდ დაპროექტდა დიდი სამზარეულო, იზოლირებულ მესამე სართულზე მოეწყო საინტერესო ზონა, სადაც სრულ სიმშვიდეში მუსიკის მოსმენა და წიგნის კითხვაა შესაძლებელი, ეზო კი ძაღლისა და კატისთვის კომფორტულ საცხოვრებლად იქცა.
სახლში შესვლისას გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო სივრცეში ვხვდებით. კედელსა და ფარდებზე კონტრასტის შესაქმნელად გამოყენებული მწვანე ფერი პირველ შთაბეჭდილებას ქმნის და გარემოში დახვეწილი შტრიხები შეაქვს; დიზაინს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს მოლდინგები, რომლებიც ინტერიერს კლასიკური სტილის ელემენტებით ამდიდრებს.
თეთრ კედლებს მუქი ფერის პარკეტი აბალანსებს. სამზარეულო ფილებითაა გამოყოფილი, რაც მას ინტერიერის დანარჩენი ნაწილებისაგან გამოყოფს. ოთახის გამორჩეული ატრიბუტის, ჭურჭლის სათავსოს, ვიზუალის კიდევ უფრო გამოსაკვეთად, მასში განათებაა დამონტაჟებული.
ბავშვის საძინებელი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ოთახის ხასიათს ქმნის ფერადოვნება, ვარდისფრის სიჭარბე, სათამაშოები და აქსესუარები, ყველაფერი ერთად კი საოცრად დადებით ატმოსფეროს განაპირობებს. ერთ-ერთ კედელზე განთავსებული მცენარის ორნამენტებიანი შპალერი ოთახს აცოცხლებს და ახალისებს.
მთავარი საძინებელი სისადავითა და მინიმალიზმით გამოირჩევა. ღია ცისფერში გადაწყვეტილი ინტერიერი მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნის. აქ არ ვხვდებით აქსესუარებსა და დიზაინ-ობიექტებს, მაგრამ ოთახი ისეა მოწყობილი, რომ მაცხოვრებლებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.
მესამე სართულზე დაპროექტებულ მოსასვენებელ სივრცეში მრავალფეროვნება იგრძნობა. ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია ორიგინალური დიზაინის შავი მაგიდა, რომელიც მნახველის ყურადღებას დანახვისთანავე იპყრობს. ეს ადგილი იდეალურია განსატვირთად, მუსიკის მოსასმენად და საკითხავად, რის გამოც შესანიშნავად ერგება მობინადრეების მოთხოვნებსა და ინტერესებს.
ინტერიერის ინდივიდუალურ, სახასიათო სტილს საინტერესო აქსესუარები და ნივთები ქმნის. როგორც მეპატრონეები გვიამბობენ, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მათთვის.
ნათელი, სადა, კომფორტული, მყუდრო, მცენარეებითა და საინტერესო აქსესუარებით სავსე საცხოვრებელი კარგად გამოხატავს მეპატრონეების გემოვნებას, მისწრაფებებს, ხასიათს და სრულად აკმაყოფილებს მათ თავდაპირველ მოთხოვნებს. სასიამოვნო განწყობა აქ ნებისმიერ კუთხეში იგრძნობა, რაც დადებითი ემოციებით ავსებს მნახველსაც.
ამ ეტაპზე აღნიშნული სახლი გასაყიდად არის გამოტანილი. ქონების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უძრავი ქონების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის