დღეს ვისაუბრებთ კარის/ფანჯრის გადმოკიდების მექანიზმზე და მისი სპეციფიკის შესახებ, ამასთან აგიხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სისტემა როგორც სამზარეულოში, ასევე სხვა ოთახებში გამოიყენოთ.
გავრცელებულია არასწორი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გადმოკიდების სისტემა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება. გადმოკიდების მექანიზმის დაყენება ერთ კარზე დაახლოებით 150 ლარი ჯდება, თუმცა ფასები ცვალებადია და შეიძლება სხვადასხვა პერიოდში მცირედით განსხვავებული იყოს. გახსოვდეთ, გადმოკიდების სისტემაზე ფულის დაზოგვა არ ღირს იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მექანიზმმა დიდხანს გაგიძლოთ და ახლო მომავალში დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოგიწიოთ.
გარდა ამისა, თქვენი სახლის თითოეულ ოთახს განიავება სჭირდება. გადმოკიდების სისტემის არარსებობის შემთხვევაში კი ეს პროცესი გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. განიავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში, რადგან გაზის გაჟონვის შემთხვევაში, ამ დეტალმა, შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია გარემონტებულ ბინას ყიდის, აუცილებელია, რომ ეს სისტემა თავიდანვე იყოს დამონტაჟებული, რადგან ჩვეულებრივი გაღების მექანიზმის მქონე კარებს 4 ანჯამა აქვს, ხოლო გადმოკიდების სისტემის შემთხვევაში — 2. თუ ჩვეულებრივი მექანიზმი გადმოკიდების სისტემით იცვლება, გვიწევს შუა ორი ანჯამის ამოღება და რჩება ნახვრეტები, რაც ვიზუალურად ცუდად გამოიყურება. მათი სილიკონით ამოვსება შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ზედაპირი იდეალური მაინც არ იქნება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კარის/ფანჯრის გადმოკიდების სისტემის დაყენება არის გადაწყვეტა, რომელიც არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, გიქმნით კომფორტს და, ამასთან, პოტენციურად, თქვენს უსაფრთხოებაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.