ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვათ. სწორედ ასეა! დღეს მოგიყვებით ქალზე, რომელმაც წლების შემდეგ საკუთარი თავი და პროფესია იპოვა.
ჩვენი დღევანდელი ამბის გმირი ინტერიერის დიზაინერი ნათია კარიაულია, რომელიც ამჟამად საკუთარი კომპანიის მფლობელი და არაერთი პროექტის ავტორია. ნათია განვლილ ცხოვრებაზე, საკუთარ გამოცდილებასა და შემოქმედებით პროცესზე Homeis.ge-სთან საუბრობს.
ნათია, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე.
ძალიან მხიარული და საინტერესო ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების რთულ პერიოდში ვცხოვრობდი, მაინც კარგად ვატარებდი დროს ვაკის საცურაო აუზის დიდ ეზოში. კარგად მახსოვს, მეგობრებთან ერთად როგორ ვთამაშობდი, ვცეკვავდი, ვხატავდი. სპექტაკლებსაც ვდგამდით და უამრავ გასართობსაც ვიგონებდით. ბიძაჩემი, გივი მარსაგიშვილი, არქიტექტორია. მახსოვს, ხშირად დავყვებოდი სახელოსნოში. ძალიან მომწონდა იქ ყოფნა (მაშინ ყველაზე დიდ, დღევანდელი „ლიბერთი ბანკის“ შენობაში). არქიტექტორები გამუდმებით რაღაცას ხაზავდნენ, პატარა მუყაოს მაკეტებს აკეთებდნენ და საინტერესო ატრიბუტებს იყენებდნენ. მეც პატარაობიდან ვისწავლე ნახაზების კითხვა, ძერწვა, ხატვა და მალევე დავინტერესდი ამ საქმიანობით.
როგორც აღნიშნეთ, ბავშვობიდან არქიტექტორთა გარემოცვაში იზრდებოდით. საინტერესოა, როგორ განაგრძეთ პროფესიული გზა?
სკოლის დასრულების შემდეგ ბიძაჩემს უნდოდა, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ მე „კოკო შანელობა“ ავირჩიე და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის მოდელირების მიმართულებით განვაგრძე სწავლა. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, შემოქმედებითი მრავალფეროვნება და თავისუფლება მქონდა. შემდეგ სტაჟირებაზე მაკა ასათიანის მაღაზიაში მოვხვდი და თითქოს ახალ სამყაროში შევაბიჯე: ისეთ მასალაზე ვმუშაობდი, რომელსაც საქართველოში იშვიათად ნახავდით. ამას ემატებოდა ისიც, რომ მაკა საშუალებას გვაძლევდა, თავად შეგვექმნა კოლექცია. ეს იყო უაღრესად საინტერესო პროცესი.
მოგვიანებით ოჯახი შევქმენი. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, მოულოდნელად, ინტერიერის დიზაინით დავინტერესდი. ბიძაჩემსა და მის მეგობრებთან, სახელოსნოში დავიწყე სიარული. მათი დახმარებით შევისწავლე პროგრამები, ვასრულებდი დავალებებს და ნელ-ნელა ვითვისებდი ახალ სფეროს, რომელიც ძალიან მომწონდა. ახალი დარგის შემეცნების პროცესში გამიმართლა და კომპანია „არსში“ გავიარე სტაჟირება, სადაც დამკვეთებთან ურთიერთობასა და შიდა სამზარეულოს გავეცანი. ამის შემდეგ ინდივიდუალური პროექტების განხორციელება დავიწყე და დიდი გამოცდილებაც დავაგროვე.
როგორ წარიმართა თქვენი კარიერა?
პირველი პროექტი, რომელმაც სახელი გამითქვა, „TWO SIDE PARTY CLUB“-ი იყო. 2008 წელს ჟურნალ „სტილის“ კონკურსში ამ ნამუშევრისთვის პრიზიც მივიღე „საუკეთესო საზოგადო ინტერიერის“ ნომინაციაში. შემდეგ მოვხვდი კორპორაცია ICR-ში და მათი ყველა რესტორნისა თუ მაღაზიის დიზაინზე ვიმუშავე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ბაზარზე არსებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს საფუძვლიანად გავეცანი.
2021 წელს ჩემს ბიძაშვილთან, სოფო კარიაულთან ერთად საკუთარი კომპანია, „N. S. Kariauli Studio“ დავაარსე. ერთად მუშაობა ბევრად საინტერესო აღმოჩნდა. უფრო დიდი პროექტებით დავინტერესდით, ვიმუშავეთ სასტუმროებისა და კერძო სახლების დიზაინზე, რა დროსაც მასალის ჩამოტანა და პროექტის სრულად მართვა მოგვიწია.
ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის მინდოდა აკადემიური ცოდნის მიღება და ეს ოცნებაც ავისრულე. შარშანწინ მილანის იედის უნივერსიტეტში მაგისტრატურის 1-წლიან კურსზე დაფინანსება მოვიპოვე და 42 წლის ასაკში დიზაინის დედაქალაქში ჯადოსნური თვეები გავატარე. ამ პროგრამამ საშუალება მომცა, გავცნობოდი ახლებურ მიდგომებს, დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს. მიღებულ გამოცდილებას დღეს საქართველოში, ჩემს კომპანიაში ვიყენებ.
როგორ დაახასიათებდით თქვენს შემოქმედებით პროცესს?
შემოქმედებით პროცესში შთაგონებას იმ ადამიანებისგან ვიღებ, რომლებისთვისაც სივრცე იქმნება. დიზაინის შექმნაში მათი ემოციები და ის ასოციაცია მეხმარება, რომელსაც კონკრეტული პიროვნება ჩემში აღძრავს. შთაგონება, შესაძლოა, უბრალო საგანი ან წინადადებაც გახდეს. თითოეული პროექტი რაღაც ძალიან დიდის დასაწყისია და ყოველთვის ახალ სამყაროში მამოგზაურებს. მეც დიდი ენთუზიაზმით ვეშვები ამ თავგადასავალში. მგონია, რომ ჩემს ხელწერას საქმისადმი დამოკიდებულება და დამკვეთთან ურთიერთობა განსაზღვრავს. ვფიქრობ, თუ საქმეში ჰარმონია და სიყვარული არ ჩადე, პროექტი წარმატებული ვერ იქნება.
რის გამოხატვას ცდილობთ თქვენი პროექტებით?
მგონია, რომ ჩემი ნამუშევრები სიმყუდროვითა და კომფორტულობით გამოირჩევა. ყოველთვის ვცდილობ, დამკვეთი კარგად გავიცნო და მისი მოთხოვნები გავითვალისწინო, განსაკუთრებით, თუ საქმე პირად სივრცეს ეხება. მნიშვნელოვანია, სწორად აღვიქვა მეპატრონის შინაგანი სამყარო და ცხოვრების წესი. მუშაობის პროცესში ხშირად იმდენად ვუახლოვდები დამკვეთს, რომ მეგობრებიც კი ვხდებით. რაც შეეხება საზოგადო სივრცეებს, ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნებთან ერთად, ტენდენციებისა და კონკრეტული სფეროს სტანდარტების გათვალისწინებაც მიწევს. მგონია, რომ ინტერიერი კონკრეტულ ადამიანზე უნდა იყოს მორგებული, ამიტომ ვცდილობ, თითოეული პროექტი ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდეს.
ყველა ნამუშევარში დიდ ენერგიას ვდებ, ამიტომ ძალიან მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის. განსაკუთრებით მინდა „TWO SIDE“-ის დიზაინი გამოვყო, რადგან ჩემი პირველი მასშტაბური პროექტია. გამორჩეულია რესტორანი „ტაბლაც“, რადგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის ქართული რესტორანია. მინდა ასევე აღვნიშნო: „ვარშტაინერი“, „ჩეხური ლუდის სახლი“, „ბიარ თაიმი“, „ვარძია რეზორტი“, სასტუმრო „ბიოგრაფი“ და რესტორანი „დერგი“.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
„N. S. Kariauli“-ში ახლა რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, მათ შორისაა სასტუმროსა და რესტორნის დიზაინი, კერძო სახლები და ბინები. ახლახან დავასრულეთ რამდენიმე მაღაზიის დიზაინზე მუშაობაც. გამოცდილებასთან ერთად, იზრდება ჩვენი კომპანიაც: ახალ-ახალ კონტაქტებს ვამყარებთ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ სივრცეს და დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკას?
ვფიქრობ, ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. არაერთი წამყვანი დიზაინერი გახდა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც საკმაოდ საინტერესო პროექტები იქმნება, თუმცა ტექნოლოგიურად იმდენად სწრაფად ვითარდება ეს სფერო, რომ მნიშვნელოვანია, არ ჩამოვრჩეთ პროცესს და მეტი ხელმისაწვდომობა გვქონდეს მსოფლიო სტანდარტებთან. ასევე, სექტორის განვითარებისთვის კარგი იქნებოდა პროფესიონალების ჩამოყვანა და ახალი თაობისთვის მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება. სტილის თვალსაზრისით ისეთი არეულობაა დღეს სამყაროში, რომ საქართველოშიც რთულია ერთი კონკრეტული კონცეფციის გამოყოფა. მიუხედავად ამისა, შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ინტერიერში წამყვანია კლასიკური, ლოფტის ელემენტები და მოდერნის სტილი (თუმცა, მაინც დასაზუსტებელია, ვინ რას გულისხმობს ამა თუ იმ მიმდინარეობაში).
რაც შეეხება დამკვეთთან ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ დიზაინერების მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ დაიხვეწა: დღეს მეტად ენდობიან პროფესიონალის რჩევასა და გადაწყვეტილებას. თუმცა, უცხოელი დამკვეთისგან განსხვავებით, ქართველს უნდა, ბოლომდე დარწმუნდეს მასალის ხარისხში და თავად მოიაროს ყველა მაღაზია. საზღვარგარეთ პირიქითაა: თუ დიზაინი დაადასტურეს, აღარ ერევიან პროცესში.
ნათია, რა არის თქვენს პროფესიაში მთავარი და რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს?
უპირველესად, ახალგაზრდა დიზაინერებს მივულოცავდი, რომ ისეთი პროფესია აირჩიეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს, რთული საქმეა. თუმცა, თუ გიყვარს ეს სფერო, სირთულეებისაც არ გეშინია, მზად ხარ მუდამ ისწავლო რაღაც ახალი – გახდე ფსიქოლოგიც, დიპლომატიც, მშენებელიც და თავგადასავლების მუდმივი მაძიებელი. თუ ეს გაინტერესებთ, სწორ ადგილას ხართ. როდესაც პროექტს ასრულებ და იღებ შედეგს, რომლითაც ყველა კმაყოფილია, ხვდები, რომ ამისთვის ღირს ყველა სირთულის გადალახვა: ნერვიულობა, დაუღალავი შრომა და უძილო ღამეებიც.
ავტორი: მეკო მეტრეველი
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი