ცხვარიჭამიაში მდებარე კერძო ვილის დიზაინი ანი მაჭავარიანს ეკუთვნის. ვილის საერთო ფართობი 310 მ2-ია. პროექტის მიზანი იყო, სრულად გათვალისწინებული ყოფილიყო დამკვეთის სურვილები, საჭიროებები და გემოვნება. მეპატრონის მოთხოვნით, ინტერიერი და ექსტერიერი იმგვარად დაპროექტდა, რომ მარტივად გარდაქმნადი ყოფილიყო, რადგან ვილა, იმის გარდა, რომ საცხოვრებლად გამოიყენება, სხვადასხვა ღონისძიებასაც (მათ შორის, ქორწილებს) მასპინძლობს.
ვილის პირველი სართული მოიცავს დერეფანს, დიდ მისაღებ ოთახს, იზოლირებულ სამზარეულოს, სველ წერტილს, საუნის ოთახს, ტერასასა და გრილის ზონას. ტერასა ეზოსა და აუზის ტერიტორიას უერთდება. მეორე სართული, მფლობელის სურვილით, დერეფნის სისტემითაა დაპროექტებული და 6 საძინებელს მოიცავს, მათ შორის, 2 მთავარ საძინებელს და სველ წერტილს. ბუნებრივი სინათლე ამ სართულის ყველა ოთახში უხვად აღწევს.
ვილის დიზაინი ნეოკლასიკური სტილითაა შთაგონებული და ფუნქციურობითა და გემოვნებით გამოირჩევა. ამგვარი ინტერიერისთვის დამახასიათებელია მონოქრომული და ნეიტრალური ფერები, რომლებიც თბილ, მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. კონცეფცია ემყარება სიმარტივისა და მდიდრულობის ერთგვარ ნაზავს, რომელიც სხვადასხვა ტიპის განათებითა და სადა ფერების კომბინაციით მიიღწევა. ინტერიერში გვხვდება თეთრი, რძისფერი, კრემისფერი, ყავისფერი ტონალობა, მასალად კი გამოყენებულია ხე, მინა და მარმარილო, რაც სივრცეს ბუნებრიობას სძენს. შერჩეული ავეჯი ელეგანტურობით, სიმსუბუქითა და დახვეწილი დეკორატიული ელემენტებით გამოირჩევა.
მისაღები, რომელიც სასადილო ზონასთანაა გაერთიანებული, მასშტაბურობითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ღია ყავისფერ კედელზე განთავსებული მოლდინგები ოთახს დახვეწილობასა და ელეგანტურობას სძენს; თეთრი, კომფორტული დივანი ინტერიერს მყუდროებას მატებს, დიდ სასადილო მაგიდას კი ერთგვარი პომპეზურობა შემოაქვს. გაერთიანებულ ზონას საოცარ მომხიბვლელობას ანიჭებს დეკორატიული ყვავილებით გაფორმებული ბუხარიც, რომელიც თბილ, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის; განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჭერზე დამონტაჟებული სხვადასხვა ტიპის განათება, რომელიც ინტერიერს ბევრად უფრო მიმზიდველსა და შთამბეჭდავს ხდის.
კიბესთან არსებული ხის სათავსო და კარი სივრცეს ამრავალფეროვნებს, კედლის მწვანე დეკორს კი ოთახში განსაკუთრებული აქცენტები შემოაქვს.
სამზარეულო მინიმალიზმით გამოირჩევა. აქ მისაღები სივრცის ფერთა გამა და ხასიათი მეორდება. ფანჯარასთან დამონტაჟებული ავეჯი სასიამოვნო აურას ქმნის. ჭურჭელი დახურულ სათავსოებშია შენახული, რის გამოც სამზარეულო გადატვირთული არაა, სივრცე კი გაცილებით დიდი ჩანს.
მწვანის, ღია ყავისფრისა და კრემისფრის ნაზავს ვხვდებით მეორე სართულზეც. ეს ტონები, სწორად დამონტაჟებული განათების წყალობით, კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამოიყურება.
საძინებელი ოთახი მეტად სადაა. მუქი ხაკისფერი კედლები ჰარმონიულად ერწყმის საწოლის დიზაინს და საინტერესო ვიზუალს ქმნის. გარდერობი შუშითაა გაფორმებული. ეს გამჭვირვალე ელემენტი სივრცეს მეტ დახვეწილობას სძენს. ინტერიერის სხვა ნაწილების მსგავსად, განათებას აქაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს.
ვილის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია მყუდრო, მოსახერხებელი, მიმზიდველი სააბაზანო ოთახი, რომელიც ოქროსფერი დეტალებით, თეთრისა და ყავისფრის ნაზავითაა შექმნილი. სააბაზანო ფანჯარასთანაა მოწყობილი, რის გამოც ეს ზონა ბუნებრივი სინათლით უხვად ივსება.
დიზაინერ ანი მაჭავარიანის თქმით, ინტერიერი სიმსუბუქითა და სისადავით გამოირჩევა, ამავდროულად კი, მდიდრულობისა და ელეგანტურობის ელემენტებსაც შეიცავს. ღია ფერების კომბინაცია, მონოქრომული შტრიხები და ბუნებრივი მასალა, საერთო ჯამში, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, დეკორატიულ განათებას კი სივრცეში მეტი მომხიბვლელობა და დახვეწილობა შეაქვს.
პროექტის მთავარი დიზაინერი: ანი მაჭავარიანი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: AchitectureAM
ფოტოგრაფი: Gogaphotographer
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის