მდგრადი განვითარების შესახებ მსჯელობა პირველად ათწლეულების წინ დაიწყო – მაშინ, როდესაც დიზაინის სფეროში ეკოლოგიის თემა გააქტიურდა. ახლა დიზაინი ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ყალიბდება: თანამედროვე დიზაინი მოწოდებულია, უზრუნველყოს ადამიანური ყოფისა და პლანეტის ჰარმონიული თანაარსებობა.
ყოვლისმომცველი ხედვა
დიზაინში მდგრადობის ცნება გაფართოვდა და ახლა ის მთლიან პროექტზეა ორიენტირებული. ამ ჭეშმარიტად ჰოლისტიკური მიდგომის მიხედვით, ვინაიდან დღეს უკვე რთულია ზღვრის გავლება დიზაინის სხვადასხვა დისციპლინას შორის, დიზაინ-ობიექტზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას მასზე მუშაობის პროცესი იძენს.
პრიცკერის პრიზის 2021 წლის გამარჯვებულმა, ნორმან ფოსტერმა, განაცხადა: „მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ქალაქები გარდავქმნათ მოსახერხებელ ადგილებად; უნდა ავაშენოთ ისეთი სახლები, რომლებიც ადამიანებს, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად, თავს ღირსეულად აგრძნობინებს“.
როდესაც მდგრადი განვითარების კონცეფციას განვიხილავთ, უპირველესად, ვფიქრობთ მასალაზე, რომლისგანაც ესა თუ ის პროდუქტი იქმნება. „ყველაზე სწორი მიდგომა მასალების რაოდენობის შემცირება და კონსტრუქციის ელემენტთა მაქსიმალური გამოყენებაა“, — განმარტავს პიერო ლისონი, რომელმაც დიზაინსა და არქიტექტურაში დაამკვიდრა ცნობილი დევიზი: „ხელახალი გამოყენება, შემცირება, გადამუშავება (Reuse, Reduce, Recycle)!“
მწარმოებელთა პასუხისმგებლობა
„Nike“-ის დიზაინის დირექტორი, ჯონ ჰოკი, ყვება, თუ როგორ ცდილობს კომპანია, შეცვალოს მიდგომა მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით:
„ჩვენ ვმუშაობთ სპორტის გასაძლიერებლად; იმ სპორტისა, რომელსაც ამ პლანეტაზე თამაშობენ ადამიანები, ამიტომ გარემოს დაცვა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ისეთ დიდ კომპანიას, როგორიც „Nike”-ია, საკმაო შესაძლებლობები აქვს საიმისოდ, რომ სისტემური ცვლილებები განახორციელოს. ჩვენ ვცვლით მასალებს, წარმოების პორცესისა და დიზაინის პრინციპებს, რასაც დროთა განმავლობაში დიდი შედეგები მოჰყვება. საკმაოდ კრიტიკულნი ვართ საკუთარი თავის მიმართ, ამიტომაც ვცდილობთ, ამ ცვლილებებით დადებითად ვიმოქმედოთ გარემოზე“.
ჯონის აზრით, დიზაინი მოიცავს ფორმას, ფუნქციას, ესთეტიკას, ემოციას და კვალს, რომელსაც ის გარემოზე ტოვებს.
მდგრადი განვითარება სოციალური საკითხია.
„სიტყვა „მდგრადობამ“ დიდი ხანია, რაც დაკარგა მნიშვნელობა, რადგან ტექნოლოგიად, „ლამაზ ნივთებად“ იქცა. მაგალითად, მზის პანელები, სინამდვილეში, სულაც არ არის მდგრადი“, — განმარტავს არქიტექტორი მარიამ კამარა. „მე მდგრადი განვითარება მესმის, როგორც „ადამიანების გადარჩენა“ [1]— ადამიანების გადარჩენით გარემოს შენარჩუნებასაც შევძლებთ“.
[1] სიტყვების თამაშია: „I like to think of sustainability in terms of ‘sustaining people’…“.
მდგრადი განვითარება, როგორც უტოპია
„MoMA“-ს დიზაინის კურატორი (1969-1975 წწ.), არქიტექტორი ემილიო ამბაზი, აღნიშნავს: „შენობა ნებისმიერ შემთხვევაში ცვლის ბუნებას და მას ადამიანის შექმნილად აქცევს. ეს გარდაუვალი მოვლენაა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ტიპის ცვლილებების შემცირება და, თუ შესაძლებელია, ხარკის გაღებაც მცენარეთა სამეფოში შეჭრისთვის“.
მდგრადი განვითარების კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელება რადიკალური აქტია. ჩვენი გადასაწყვეტია, ავირჩევთ თუ არა ამ გზას. კატალონიელი დიზაინერი, მარტი გუიქე, იუმორით აღნიშნავს: „ბრიუს სტერლინგმა ერთხელ თქვა: პლანეტის ყველაზე „მწვანე ადამიანი“ ჩემი გარდაცვლილი ბაბუაა, რომელიც ახლა, ალბათ, სასუქადაა ქცეულიო“.
წყარო: Domus
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი