in

„ბექაური არტი” – მუდმივი განვითარების სურვილით შექმნილი ავეჯი

ქართული ბაზარზე ავეჯის მწარმოებელი არაერთი საინტერესო კომპანიაა, რომლებიც მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ერთ-ერთი მათგანია „ბექაური არტი“, რომელიც 2014 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი მუდმივი განვითარებაა. კომპანია ყოველთვის ცდილობს, დახვეწოს არსებული სტანდარტები და ახალი, გამორჩეული დიზაინის კოლექცია შესთავაზოს დამკვეთს.

საწარმოს კონცეფციასა და მიზნებზე Homeis.ge-ს მისი დამფუძნებელი, მირიან ბექაური ესაუბრება.

გვიამბეთ თქვენ შესახებ, რატომ დაინტერესდით ავეჯის წარმოებით?

დავიბადე თბილისში 1991 წელს. ვსწავლობდი N52 საჯარო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად მაინტერესებდა ავეჯი, წარმოება; გატაცებული ვიყავი ნივთების დამზადებით. ძალიან მინდოდა, უკეთ  შემესწავლა ეს საქმე, ამიტომ თავისუფალ დროს ამ პროფესიის ათვისებას ვუთმობდი, ვცდილობდი, ამ მხრივ განვვითარებულიყავი.

2014 წლიდან, საბაზისო ცოდნის დაგროვების შემდეგ, პატარა კომპანია დავაარსე და ინდივიდუალურ შეკვეთებზე დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად მხოლოდ მეგობრებისთვის ვქმნიდი პროდუქტს. დროთა განმავლობაში მოთხოვნა გაიზარდა, რის გამოც ბიზნესის გაფართოება და ახალი თანამშრომლების აყვანა გახდა საჭირო.

რა არის „ბექაური არტის“ მთავარი მიზანი?

კომპანიის უპირველესი მიზანია მუდმივი განვითარება, რათა დამკვეთს მაღალი სტანდარტებით შესრულებული, ხარისხიანი და მრავალფეროვანი ნაწარმი შესთავაზოს. თითოეული დასაქმებული ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, წვლილი შეიტანოს კომპანიის წინსვლაში. მახსოვს, ეტაპობრივად, საჭიროებიდან გამომდინარე ვზრდიდით ფართს და ვამატებდით კადრებს. საწარმოს წარმატება ჩემი მეუღლის დიდი დამსახურებაა. მის გარეშე კომპანია ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც დღესაა.

რა მომსახურებას სთავაზობს „ბექაური არტსი“ მომხმარებელს?

ჩვენ ვქმნით ინდივიდუალური დიზაინით შესრულებულ, მაღალი ხარისხის ავეჯს. ყოველთვის სრულ თავისუფლებას ვაძლევთ დამკვეთს და სასურველ პროდუქტს სრული სიზუსტით, დათქმულ ვადაში ვუმზადებთ. ვცდილობთ, ავეჯი, ხარისხის გარდა, დიზაინითაც გამოირჩეოდეს და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო იყოს. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გამოვიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა მასალა. პირადად მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მომხმარებელთან ურთიერთობასაც, რათა თანამშრომლობის ყველა ეტაპი სასიამოვნოდ გავიაროთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება თქვენი პროდუქცია ქართულ ბაზარს და რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას ბაზარზე არსებული სხვა მოთამაშებისგან?

როგორც უკვე აღვნიშნე, ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთით ვამზადებთ, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის სურვილებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილება შეგვიძლია. ყოველთვის ვცდილობთ, დამკვეთის საჭიროებები და გემოვნება გავითვალისწინოთ და მაქსიმალური სიზუსტით შევქმნათ პროდუქტი. ვფიქრობ, სხვებისგან გამოგვარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება მომხმარებლის შეფასების მიმართ. ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ რჩევებს. როგორც წესი, ჩვენი ავეჯი დამკვეთთა ახლობლების დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლმე და ახალი კლიენტების უმეტესობაც სწორედ მათი რეკომენდაციით მოდის.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვფიქრობ, რაც არ უნდა მაღალ საფეხურზე იდგე, არ უნდა შეწყვიტო განვითარება. ვაპირებთ, კიდევ უფრო გავფართოვდეთ და გავიზარდოთ, მომხმარებელს კი გაუმჯობესებული მომსახურება და განახლებული პროდუქტი შევთავაზოთ.

როგორ დაახასიათებდით „ბექაური არტს“?

„ბექაური არტის“ დევიზია: „აცხოვრე სახლში ხელოვნება“. ჩვენთან თითოეული პროდუქტი ინდივიდუალურად იქმნება და უნიკალურობით გამოირჩევა. ყველა მათგანში გუნდის თითოეული წევრის უდიდესი შრომაა ჩადებული – დიზაინერიდან ხელოსნამდე. ერთობლივი მუშაობით ვცდილობთ, განსაკუთრებული, ყველასაგან გამორჩეული ავეჯი ვაწარმოოთ, რათა მომხმარებლის კმაყოფილება და ნდობა დავიმსახუროთ.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

კომპანიები საქართველოდან, რომლებიც თქვენი სახლის უსაფრთხოებაზე იზრუნებს

კერძო სახლი კოჯორში – ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი