in

სტუდიოს ტიპის გეგმარების ძირითადი პრინციპები – თინათინ ძირკვაძის გიდი

დიზაინის მოყვარულებს თანამედროვე ინტერიერში ხშირად გვინახავს სტუდიოს ტიპის გეგმარება, რომელშიც სამზარეულო და მისაღები ზონა გაერთიანებულია. ასეთი გეგმარება, ძირითადად, მცირე ფართის საცხოვრებლებში გამოიყენება, თუმცა ხშირად გვხვდება დიდ სივრცეებშიც. ეს იმიტომ, რომ იგი საკმაოდ მიმზიდველ, პრაქტიკულ მოდელად ითვლება, რომელიც გვეხმარება, დავზოგოთ ფართი და ერთდროულად ვისარგებლოთ მისაღებითა და სამზარეულოთი.

დღეს დიზაინერი თინათინ ძირკვაძე სტუდიოს ტიპის გეგმარების შესახებ Homeis.ge-ს მკითხველს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის გეგმარების ერთ-ერთი მთავარი სირთულე გაერთიანებული სივრცის ნაწილების შეხამებაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ხმაურსა და სუნზე, რომლებიც საკვების მომზადებას ახლავს.

იმისათვის, რომ ამ მოდელმა გაამართლოს, საჭიროა დიზაინის რამდენიმე პრინციპის გათვალისწინება.

სამზარეულო ტექნიკის განლაგება  

პროფესიონალი გვირჩევს, ტექნიკის შერჩევისას მაქსიმალურად დავმალოთ დიდი ზომის საყოფაცხოვრებო დანადგარები. მაგალითად, გამოვიყენოთ ჩასაშენებელი მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი სპეციალური პანელით დავფაროთ.

„სამზარეულოს კეთილმოწყობისას ეცადეთ, სწორად შეარჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაგალითად, შეიძინეთ ისეთი ღუმელი და მიკროტალღური, რომლებიც ერთმანეთს უხდება და ერთიანად თავსდება პანელში. ასევე, შეგიძლიათ, დაფარული სათავსო სამზარეულოს ავეჯის ზედაპირზევე მოაწყოთ, რომელზეც სხვადასხვა ყოველდღიურ, მოზრდილ ტექნიკას განათავსებთ“, – გვეუბნება თინათინი.

სამზარეულოს გეგმარება 

აუცილებელია, სწორად განვსაზღვროთ სამზარეულოს ადგილი. იმისათვის, რომ მისაღებ ზონაში ხმაურმა და კერძების სუნმა არ შეგვაწუხოს, უმჯობესია, სამზარეულო ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს, გამჭოლი ან პირდაპირი განიავების ზონაში მოვათავსოთ.  გამწოვის შეძენისას მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ სწორი სიმძლავრე და დანადგარი შესაბამის სიმაღლეზე დავამონტაჟოთ, რათა ეფექტურად იმუშაოს. ხმაურის თავიდან ასარიდებლად, გირჩევთ, მისაღები ზონა სამზარეულოსკენ ზურგით მდგომი ავეჯით გამოყოთ. მაგალითად, კვადრატული ფორმის ოთახში, სასურველია, დივანი სამზარეულოსკენ ზურგშექცევით დადგათ, მართკუთხა, გრძელ ოთახში კი – სამზარეულო და დივანი ერთ კედელზე მოათავსოთ. ერთმანეთის მოპირდაპირედ დაპროექტებული სამზარეულო და მოსასვენებელი ზონა გეგმარების ყველაზე ცუდი ვარიანტია, რომელიც არცთუ ისე კომფორტულ გარემოს ქმნის.

სტილის შერჩევა  

თინათინი გვიხსნის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შესაბამისი სტილის შერჩევა და სამზარეულოსა და მისაღები სივრცის დიზაინის კონცეფციის წინასწარ განსაზღვრა: „საერთო სივრცის დიზაინზე მუშაობისას შეგიძლიათ, მთლიანი სივრცე ერთ სტილში გააერთიანოთ: გაიმეოროთ ფერები, მასალა, მთლიან ზონაზე ერთი იატაკი გამოიყენოთ, ან პირიქით – ორი განსხვავებული გარემო შეუხამოთ ერთმანეთს და ფერადი სამზარეულო სადა მისაღებს დაუკავშიროთ, შეარჩიოთ იატაკის საინტერესო გადაბმა და გამორჩეული სივრცე შექმნათ“.

სივრცის მობილურობა  

დიზაინერის თქმით, უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი ზონის მისაღებად საჭიროა, გაერთიანებული სივრცე მობილური გავხადოთ. ამის მიღწევა მოძრავი ტიხრებით, მეტალის, ხის ან ფერადი ჩარჩოთი შეიძლება. თუკი ზონების მკვეთრად გამიჯვნა გსურთ, საამისოდ დაბურული მინის ტიხრის ან დამატებითი ტექსტილის გამოყენებას გირჩევთ. ასეთი დეტალები, პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, ესთეტიკურადაც გაამდიდრებს ინტერიერს.

რომ შევაჯამოთ, იმ შემთხვევაში თუკი პროფესიონალის დახმარებით, სწორად დააპროექტებთ სივრცეს, სტუდიოს ტიპის გეგმარება ნამდვილად მაქსიმალურ მყუდროებას შეგიქმნით სახლში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

2023 წლის ტენდენციები — გაზაფხულის 5 ყველაზე მოდური ფერი ინტერიერში

7 ადგილი თბილისში, სადაც წიგნის სათავსოს შეიძენთ