1936 წელს აშენებული ეს მშვენიერი სახლი არქიტექტორებმა — დარსი ბრადელმა და ჰამპრი დინმა დააპროექტეს. 1942 წელს კრისტოფერ ჰუსემ ჟურნალ Country Life-ში საცხოვრებელი აღწერა, როგორც „გეორგიანული სტილის მქონე თანამედროვე სახლი“. აქ მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობდა მანამ, სანამ მას ხუთი წლის წინ შეიძენდა წყვილი, რომელსა სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
უძრავი ქონების კონსულტანტმა RedBook Agency-მ წყვილს ინტერიერის დიზაინერი — ჰენრი ფიცვილიამ-ლეი გააცნო, რათა მას Stedman Blower Architects-თან ერთად სახლის რენოვაციაზე ემუშავა. პირველ სართულზე ოთახები გადაკეთდა, მათი განლაგება შეიცვალა და ელეგანტური ენფილადა შეიქმნა. ზედა სართულზე კი ახლა ცხრავე საძინებელს საკუთარი აბაზანა აქვს.
ინტერიერის დიზაინერის მიზანი იყო ოჯახური სახლის შექმნა, რომელიც ძალიან მკაცრი, ზრდასრული ან მყვირალა არ გამოჩნდებოდა. სინამდვილეში, სახლი თითქმის ისე გამოიყურება, თითქოს მეპატრონეებმა ის მემკვიდრეობით მიიღეს ძალიან მოდური ნათესავისგან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა ეკლექტიკურ ავეჯს, წყვილმა კი ამ ელეგანტურ ნაზავს საკუთარი ნივთები დაამატა.
ინტერიერზე დაკვირვებისას შეამჩნევთ, რომ დიზაინერს მრავალი განსხვავებული ფერის გამოყენება არ აშინებს, პირიქით, იგი ამ გადაწყვეტის საშუალებით ოთახებში საუცხოო ატმოსფეროს ქმნის. ხალისიანი ფერები, განსხვავებული ფორმის ავეჯი, წიგნები, ხელოვნების ნიმუშები, პრინტები და დიდი ფანჯრებიდან შემოსული ბუნებრივი განათება სახლს სიცოცხლით აღსავსეს ხდის. ეს არის მრავალფეროვანი სივრცე, რომელში მოწყენაც ძალიან რთულია.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახლი სავსეა განსაკუთრებული მცირე დეტალებით, როგორიც არის, მაგალითად, კიბის თავზე დახრილ ჭერში არსებული ფანჯარა, სასადილო ოთახში შესასვლელი ლურჯი ფერის ორმაგი კარები მინის ჩანართებით, რომლებიც რესტორნის სამზარეულოს კარებს მოგაგონებთ და ა. შ. ეს ყველაფერი სივრცეს უნიკალურს და დასამახსოვრებელს ხდის.
მთავარი ცვლილება, რომელიც ზედა სართულზე განხორციელდა იყო მთავარი საძინებლის გადაქცევა დამოუკიდებელ ოთახად ორი სველი წერტილით და ორი გასახდელი ოთახით, რაც მიღწეული იქნა მეზობლად მდებარე პატარა საძინებლის გადაკეთებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საბავშვო საძინებელი, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ ზღაპრულ სამყაროში მოხვდით.
საბოლოო შედეგი არის ის, რომ სახლმა საუცხოო რენოვაცია განიცადა. ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ნათელია, რომ ეს საოჯახო სახლია. ოთახები მოცულობითია და სიახლის შეგრძნებას ტოვებს, რაც კონტრასტს ქმნის მინდვრების ხედთან, რომელიც სახლის აშენების შემდეგ უცვლელი დარჩა. სინამდვილეში, ინტერიერის დიზაინერის წყალობით, სტუმრებს შეუძლიათ დაიჯერონ, რომ მეპატრონეებმა მართლაც მემკვიდრეობით მიიღეს ეს სახლი ძალიან კარგი გემოვნების მქონე ნათესავებისგან.