in

მილანის დიზაინის კვირეულზე ქართველმა დიზაინერებმა საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს

დიზაინის სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მოვლენა – მილანის დიზაინის კვირეული – 18-23 აპრილს გაიმართა. კვირეული მოიცავდა „Salone del Mobile“-ის პროგრამას და მილანის სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენილი გამოფენებისა და ინსტალაციების სერიას.

მილანის დიზაინის კვირეულის ისტორია 1961 წლიდან იწყება და მიზნად ისახავს ავეჯისა და დიზაინის სექტორის პოპულარიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დიზაინის სამყაროს წლის მთავარ მოვლენას დამთვალიერებლისა თუ მონაწილის სტატუსით სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ხელოვანი სტუმრობს. წელს გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა: ღონისძიებას არაერთი ქართველი ხელოვანი დაესწრო, რამდენიმე მათგანმა კი საკუთარი ნამუშევრებიც წარადგინა.

კვირეულის მიმდინარეობისას Isola Design Gallery-ში გამოიფინა „Idaaf Architects“-ის ნამუშევარი – მაგიდა „წვეთი“. ეს არის ბუნებრივი კატასტროფის შედეგად წაქცეული ხისგან დამზადებული სკულპტურა, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა. გამოფენაზე, რომლის მთავარი თემა მეტაფიზიკით იყო შთაგონებული, წარმოადგინეს დამოუკიდებელი დიზაინერებისა და სტუდიების მიერ დამზადებული უნიკალური საკოლექციო ნივთები. წლევანდელი გამოფენის სახელწოდებამ – „Nothing Happens if Nothing Happens“ – ხაზი გაუსვა განსხვავებული ქვეყნების დიზაინსა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროთი შთაგონებულ ნამუშევრებს.

„Idaaf Architects“-ის დამფუძნებელი, ნანა ზაალიშვილი, მილანის დიზაინის კვირეულთან დაკავშირებით თავის გამოცდილებასა და ემოციებს გვიზიარებს: „წელს მილანის დიზაინის კვირეულზე პირველად მივიღეთ მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდიისთვის. ვინაიდან საავტორო ავეჯის აქტიური წარმოება დავიწყეთ, გვინდა, არქიტექტურული კომპანიის გარდა, დიზაინის სტუდიის სახელითაც გვიცნობდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ჩართული ვიყოთ საერთაშორისო გამოფენებში, რასაც მომავალშიც აქტიურად ვგეგმავთ“. 

მილანის დიზაინის კვირეულის მიმდინარეობისას „RoGUILTLESSPLASTIC“-ის კონკურსის ფინალში „NS Product“-ის გუნდმა ინსტალაცია სახელად “Bring me Flowers” წარადგინა. „RoGUILTLESSPLASTIC“-ი საერთაშორისო პროექტია, რომელიც დიზაინის დახმარებით ახალ სიცოცხლეს ანიჭებს პლასტმასისა და სხვა სახის ნარჩენებს. „NS Product“-ის დამფუძნებელი ნინი ჭანტურია გვიყვება, რომ პროექტი, სახელწოდებით „Bring me Flowers“, მიზნად ისახავდა, საზოგადოებისთვის უკეთ გაეცნო ის ზიანი, რომელსაც პლასტმასის გამოყენება გარემოს აყენებს. თვალსაჩინოებისთვის საკვლევ ობიექტად შეირჩა სასაფლაოები, სადაც უმრავლესობას ყვავილები პლასტმასის შეფუთვით მიაქვს. „ინსტალაციის ყვავილებისთვის გამოყენებულია იგივე შესაფუთი მასალა, რომელსაც თაიგულის მოსამზადებლად იყენებენ. უკვე პლასტიკის ყვავილებისგან აწყობილი კომპოზიცია, სანაგვე პარკში მოვათავსეთ, რათა ვიზუალურად მიგვემსგავსებინა სასაფლაოს ბუნკერებში გადაყრილ თაიგულებს. ვფიქრობთ, ყვავილები პლასტმასის გარეშე უფრო ლამაზია. ამის გააზრება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა საკმარისი იქნება, რათა მცირედი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვასა და გადარჩენაში“, – აღნიშნავს ნინი ჭანტურია.

ინსტალაციის გარდა, საკონკურსო ნამუშევარში წარმოდგენილი იყო კვლევის ტექსტურ ნაწილთან ერთად, თბილისის სხვადასხვა სასაფლაოზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალაც. წარმოდგენილი კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ყვავილის სილამაზე რამდენიმე დღეში ქრება და რჩება მხოლოდ პლასტიკის შეფუთვა.

„აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება, შეიძლება ითქვას, გამოწვევა იყო ჩვენთვის, მით უმეტეს, თუ თემის არაორდინალურობას გავითვალისწინებთ. შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმო პროექტის კონცეფციის იდეური ნაწილის განმარტებას და ინსტალაციაში სწორ ინტერპრეტაციას. ძალიან მოულოდნელი და, ამავდროულად, სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ფინალში მოვხვდით. კონკურსში მონაწილეობით საინტერესო გამოცდილება მივიღეთ, უფრო სიღრმისეულად გავეცანით სხვადასხვა ქვეყნიდან კონკურსანტების მიდგომას აღნიშნული პრობლემისადმი, ინოვაციურ კვლევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართულობას პლასტიკით დაბინძურებასთან ბრძოლაში. გვიხარია, რომ ჩვენმა პროექტმა საერთაშორისო ჟიურის დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა. შემფასებლებს შორის იყვნენ კონკურსის ორგანიზატორი – როსანა ორლანდი (Rossana Orlandi) და  არქიტექტურული ონლაინპლატფორმის, „deezen“-ის აღმასრულებელი დირექტორი – ბენედიქტ ჰობსონი (Benedict Hobson)“, – გვიყვება ნინი.

„Alcova“-ს გამოფენაზე კიდევ ერთმა ქართულმა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „DesignBureau“-მ წარადგინა ნამუშევარი, რომელიც კოლექციასა და ინსტალაციებს მოიცავდა. გარდა იმისა, რომ არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის პროექტებშია ჩართული, „DesignBureau“ ექსკლუზიური პროდუქციის შექმნაზეც აქტიურად მუშაობს. წლევანდელი ნამუშევარიც, რომელიც პირველად მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგინეს, სტუდიის ათი წლის იუბილეს ეძღვნება. იგი შთაგონებულია მადამ ბოზარჯიანცის პიროვნებით, რომელიც XX საუკუნის გამორჩეული ფემინისტი ქალი გახლდათ. „DesignBureau“-ს სტუდია სწორედ ბოზარჯიანცების აშენებულ სახლში მდებარეობს, ამიტომაც შემოქმედებით გუნდს განსაკუთრებით უნდოდა, ამ თემაზე საინტერესო პროექტი შეექმნა.

კომპანიის დამფუძნებელი, ნია მგალობლიშვილი, გვიამბობს: „გვინდოდა, ახალი პლატფორმა გაგვეკეთებინა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მადამ ბოზარჯიანცის სახელთან და მისი შთაგონებით შესრულებულ კოლექციის ობიექტებს წარმოადგენდა. ამიტომ შევქმენით გალერეა, რომელშიც ეს უნიკალური პიროვნება ინტერიერის დიზაინის საშუალებით გამოიხატა. ნამუშევრები შთაგონებულია იმ გამორჩეული სივრცით, რომელშიც ყოველდღიურად თავად გვიწევს მუშაობა. თითოეული ხარვეზი თუ სიძველის ეფექტი კოლექციაში ავსახეთ, დიზაინში გარდავქმენით და საინტერესო  პროდუქტად ვაქციეთ. ძალიან სასიხარულო იყო, რომ სწორედ მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში წარვადგინეთ გალერეა და საკმაოდ დადებითი შეფასებაც დავიმსახურეთ. მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა სტუდიასთან  თანამშრომლობას და ერთობლივი კოლექციების შექმნას“.

მოდის, დიზაინისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისა და მოყვარულთათვის მილანის ყოველწლიური დიზაინის კვირეული უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კვირეულზე შეხვდებით სხვადასხვა ბრენდის, სტუდიისა და დიზაინერის საინტერესო, მრავალფეროვან კოლექციებს, რომლებიც არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შთაგონების წყარო.

ქართველი დიზაინერი, რუსა თუმანიშვილი, რომელიც წლებია, მილანის დიზაინის კვირეულს ესწრება, ყველა დამწყებ დიზაინერსა და ხელოვანს ღონისძიების მონახულებას ურჩევს: „ეს არის მთავარი დღესასწაული და მოვლენა დიზაინერებისთვის. მილანის სხვადასხვა ადგილას, საინტერესო შოურუმებსა და გალერეებში არაერთ გამოფენასა და ინსტალაციას შეხვდებით, გაეცნობით უცხოელი დიზაინერებისა და სტუდიების ნამუშევრებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი იდეა გამოარჩევს და კონკრეტულ შეტყობინებას გამოხატავს. ეს კი ყოველთვის დიდი შთაგონების წყაროა შემოქმედისთვის. სწორედ ამიტომ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ყოველთვის ვურჩევ მილანში ჩასვლას და ამ არაჩვეულებრივი გამოფენის მონახულებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩემ მსგავსად, აღაფრთოვანებთ“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ნეოკლასიკური სტილის ვილა ცხვარიჭამიაში – ანი მაჭავარიანის ნამუშევარი

საღებავი თუ შპალერი — რომელი ჯობია და რატომ?