in

პასტელური ფერებით შექმნილი ინტერიერი ყაზბეგის ქუჩაზე – შორენა ოქროპირიძის ნამუშევარი

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 146 კვ. მ. ფართობის ბინა ინტერიერის დიზაინერ შორენა ოქროპირიძის ნამუშევარია, რომელიც საინტერესო კონცეფციით გამოირჩევა. დიზაინერის თქმით, პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა მაქსიმალურად პრაქტიკული საცხოვრებელი გარემოს შექმნა იყო ახალგაზრდა წყვილისთვის, რომელსაც გამორჩეული, ნათელი გარემო სურდა. ამავდროულად, სახლის მომავალი მაცხოვრებლები უპირატესობას ანიჭებდნენ მაღალი ხარისხის მასალას, რაც დიზაინერისთვისაც პრიორიტეტული აღმოჩნდა, ამიტომ ინტერიერზე მუშაობისას თითოეულ ელემენტს დიდი ყურადღება მიექცა.

სივრცეში გამოყენებულია პასტელური ფერები, ავეჯისა და დეკორის სახით კი შემოტანილია ფერადი აქცენტები. ბინაში ბუნებრივი განათება უხვად აღწევს, რადგან ოთახები და აივანი სამხრეთის მხარესაა. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, დიზაინის შემუშავების დროს  შთაგონების მთავარი წყარო სწორედ მზიანი გარემო აღმოჩნდა. დამკვეთსაც ამ უპირატესობის ხაზგასმა სურდა. შედეგად, დიზაინში თბილი და ჰარმონიული ფერები ჭარბობს, ხოლო ინტერიერს თანამედროვე, საინტერესო იერსახე აქვს. აქ ოჯახის თითოეული წევრი თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს.

შორენა ოქროპირიძის თქმით, ინტერიერში ყველაზე ეფექტური ნეიტრალური ფერების საინტერესო ფორმებთან შერწყმაა. დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით, ბინის დიზაინი მინიმალისტურ სტილში გადაწყდა, რათა სივრცეს სიმსუბუქე შეენარჩუნებინა და ზედმეტად არ გადატვირთულიყო. თუმცა, შესაბამისმა ავეჯმა და დეკორმა სახლს განსაკუთრებული აქცენტები და ინდივიდუალიზმი შესძინა.

გაერთიანებული მისაღები, სასადილო და სამზარეულო სივრცე ნაზი, მსუბუქი და ნათელია. ინტერიერში მოხვედრისთანავე იგრძნობა დადებითი ატმოსფერო და სასიამოვნო განწყობა. თეთრი დივანი და ნარინჯისფერი სავარძელი ერთმანეთს შესანიშნავად ეხამება და კომფორტულ მოსასვენებელ კუთხეს ქმნის, ღია ხისფერი იატაკი კი თბილ ატმოსფეროს განაპირობებს. ყურადღებას იქცევს ორიგინალური დიზაინის ტელევიზორის მაგიდაც, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს.

ჭერზე დამონტაჟებული ოქროსფერი განათებები ინტერიერს ამრავალფეროვნებს და მასში მდიდრული ელემენტები შეაქვს.

კონტრასტული ფერები ჭარბობს სამზარეულოშიც, სადაც სალათისფრისა და მუქი მწვანე ტონალობის საინტერესო შეხამებას ვხვდებით. დომინანტური თეთრი აბალანსებს ფერთა გამას, რითაც სისადავე შემოაქვს ინტერიერში.

ბავშვის ოთახში კარგადაა გამოხატული მისი მფლობელის სურვილები, ამიტომაც საკმაოდ საინტერესო, სასიამოვნო სივრცე იქმნება. ამ ზონაში ცისფერი ტონალობა ჭარბობს, რომელიც ინტერიერს სიმშვიდით ავსებს. საძინებლის მიმზიდველი კარადები საკმაოდ დიდი მოცულობისაა, რის გამოც სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული.

მეორე საძინებელშიც სასიამოვნო განწყობა სუფევს, რაც ნათელი ფერებითა და აქსესუარებით მიიღწევა. ოთახი ისეა დაგეგმარებული, რომ დასასვენებელი და სამუშაო კუთხეები გაერთიანებულია.

საერთო სააბაზანო საკმაოდ ორიგინალურია. აქაც ვხვდებით მწვანე აქცენტებსა და განათების საინტერესო გადაწყვეტას, რაც, საბოლოოდ, ინტიმურ და სიმშვიდის მომგვრელ ატმოსფეროს ქმნის.

მთავარი საძინებელი ელეგანტური და დახვეწილია. დომინანტური ლურჯი ფერი ოთახს მიმზიდველობას სძენს, განათების სწორ გადანაწილებას კი ინტერიერში მყუდროება შემოაქვს.

პროექტი შორენასთვის განსაკუთრებულია, რადგან დამკვეთი მას ბოლომდე ენდო და შედეგად, ინტერიერი თავდაპირველი ჩანაფიქრის შესაბამისი გამოვიდა. ბინა ყოველდღიური ცხოვრებისთვის იდეალურია, რაც სათავსოების საკმაო რაოდენობითა და სივრცეების ეფექტური გადანაწილებით მიიღწევა. სივრცის გამორჩეულობას ისიც განაპირობებს, რომ ინტერიერში თანაბრადაა გათვალისწინებული უფროსებისა და ბავშვების ინტერესები და გემოვნება. ეს არის ადგილი, რომელიც შესვლისთანავე თავს „შინ“ გაგრძნობინებთ.

პროექტის ავტორი: შორენა ოქროპირიძე

ინტერიერის დიზაინ სტუდია: Interior Design by Shorena Okropiridze

ავეჯი – „კასტელო“, „დიზაინ ავენიუ“, “archidea”,  “ლინეა იტალია”

განათება – „moooi“ -„დიზაინ ავენიუდან“ 

მაგიდა და სკამები – „Calligaris“

საწოლი – „B&B“  (მაღაზია „კასტელო“) 

შემრევები – „veneto“

აბაზანის ფილები – „ნიუ დიზაინი, კერამა მარაცი

კედლის პანოები ნიუ დიზაინიBN Walls

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ინდივიდუალიზმით გამორჩეული ინტერიერი ლონდონში

რა უნდა გავითვალისწინოთ პრემიუმ-კლასის ტექნიკის შერჩევისას?