დღეს მცხეთის რაიონში, სოფელ წეროვანში მდებარე სახლზე გიამბობთ, რომლის საერთო ფართობი 230 კვ. მ-ია, ეზოს ფართობი კი 1000 კვ. მ-ს შეადგენს. მისი მფლობელი მაიკო ივჩენკოა, რომელიც 21 წელია, კომუნიკაციების სფეროში, მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში შეხება ჰქონდა ინტერიერის დიზაინთან, რადგან ხშირად აფორმებდა ოფისისა თუ ღონისძიებების დეკორაციებს, რაიმე განსხვავებულისა და კრეატიულის მოფიქრება კი ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, 8 წლის წინ წეროვანში მიწა შეიძინა, რომლის ადგილმდებარეობითაც მაშინვე მოიხიბლა: „ეს ადგილი თბილისთან ძალიან ახლოსაა. თანაც, მისი უმთავრესი უპირატესობა ისაა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია ხოლმე – თვალუწვდენელი სივრცე, რომლის წყალობითაც, წინ ვერაფერს აგიშენებენ. ამიტომაც მომეწონა ის ასე ძალიან“.
სახლის დაპროექტება და დაგეგმარება მაიკოს მეგობრებმა, არქიტექტორებმა –დავით დოლიძემ და სოფო გასვიანმა ითავეს, მშენებლობას კი მისი ძმა, მშენებელი გიკა ცინცაბაძე ხელმძღვანელობდა. შედეგად, სახლი განსხვავებული არქიტექტურული დაგეგმარებით აშენდა: კონსტრუქციაში არ არის გამოყენებული ბოძები, რომლებიც ხედს დააუშნოებდა, შესაბამისად, სახურავიც არასტანდარტულია. მთავარი აქცენტი სივრცეზეა გაკეთებული, რათა მიდამო ინტერიერის ყველა ადგილიდან მაქსიმალურად ჩანდეს. აღსანიშნავია, რომ ეზოში გასვლა ყველა ოთახიდანაა შესაძლებელი.
სახლის მეპატრონემ ინტერიერის დიზაინერის დახმარების გარეშე შექმნა საკმაოდ საინტერესო, მიმზიდველი და კომფორტული სივრცე. როგორც მაიკო გვიყვება, თავდაპირველი გეგმაც სწორედ ეს იყო: „გვინდოდა, სახლი კომფორტული, თბილი და განსხვავებული ყოფილიყო. ფერებიც ამის მიხედვით შევარჩიე. ინტერიერისთვის განვსაზღვრე ინდუსტრიული მიმართულება და ხის მასალით, წიგნებით, ნახატებითა და სხვადასხვა ნივთით დავტვირთე, რამაც სივრცეს განსაკუთრებული იერი მიანიჭა“.
სახლში შესვლისთანავე იგრძნობთ სიმშვიდესა და მყუდროებას, რასაც სიძველისა და თანამედროვეობის უჩვეულო სინთეზი განაპირობებს. გაერთიანებული მისაღები, სასადილო და სამზარეულო, ერთი მხრივ, დამოუკიდებელ, ფუნქციურ ნაწილებად იყოფა, მეორე მხრივ კი, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მუქი იატაკი და ნაცრისფერი კედლები ხის ფაქტურითაა დაბალანსებული, სხვადასხვა აქსესუარი და ფერადი დიზაინ-ობიექტი კი ზონას აცოცხლებს. ძველებურ კარადასა და სკამებს ინტერიერში საინტერესო აქცენტები შემოაქვს და მას ესთეტიკურად ამდიდრებს; ოთახის შუაგულში დაგებულ ხალიჩა თბილ ატმოსფეროს ქმნის, ნახატები კი მას მეტ ორიგინალურობას სძენს.
განსაკუთრებულ ყურადღებას სამზარეულოს აგურის კედელი იქცევს, რომელიც ბუნებრივად ერწყმის დიზაინის კონცეფციას და სიძველის ეფექტს კიდევ უფრო ამძაფრებს. სამზარეულო საკმაოდ კომპაქტურია. მართალია, ჭურჭელი ღია სათავსოებშია განთავსებული, მაგრამ ამის გამო უსიამოვნო გარემო არ იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ფართობი მაქსიმალურად ათვისებულია, სიმსუბუქე და ჰარმონია მაინც შენარჩუნებულია.
საძინებელში სადა და მშვიდი ატმოსფერო სუფევს. კედელზე გამოყენებული განსხვავებული ტონალობა – ცისფერი – ოთახს ახალისებს, პოსტერები კი სივრცეს აცოცხლებს. საბოლოოდ, დასვენებისთვის იდეალური – კომფორტული და მინიმალისტური გარემო იქმნება.
განსხვავებული სტილი გვხვდება სველ წერტილებში, სადაც ბეტონის კედლები პოსტერებითა და ნახატებითაა გაფორმებული, რაც ზონას ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.
აივანზე მოწყობილია დასასვენებელი სივრცე, სადაც თავისუფალი დროის გატარება და ლამაზი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი. ეზოში არსებული აუზი კი ჰარმონიულო დასვენების გამრავალფეროვნების კიდევ ერთი საშუალებაა.
თავისი უჩვეულო არქიტექტურითა და გეგმარებით სახლი დანახვისთანავე იქცევს მნახველის ყურადღებას, ხოლო სიძველის ეფექტით შექმნილი, განსხვავებული ინტერიერი საოცრად მშვიდ, ჰარმონიულ, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სახლი გასაყიდად არის გამოტანილი და მისი ღირებულება 350 000 დოლარს შეადგენს.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის