in

სახლი დიღომში ორიგინალური დიზაინ ობიექტებით – „იდააფ არქიტექტორების“ ნამუშევარი

დიღომში მდებარე სახლი „იდააფ არქიტექტორების“ მორიგი ნამუშევარია, რომლის საერთო ფართობი 260 კვ. მ-ია, ნაკვეთის ფართობი კი 540 კვ. მ-ს შეადგენს. „სახლი დიღომში“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. მართალია, უბანი აქტიურად ვითარდება, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ მშენებარე პროექტია, ქალაქის ინფრასტრუქტურას დროებით მოკლებულია.

ზღვის დონიდან 456 მეტრზე მდებარე სახლის მიმდებარე ტერიტორია დაბალი, ერთბინიანი სახლების დაბალანსებული განაშენიანებით ხასიათდება; მას  მჭიდროდ განლაგებული მრავალბინიანი კორპუსების ზონა ესაზღვრება. სახლის ვრცელი ვიტრაჟებიდან კარგად ჩანს მთაგორიანი ლანდშაფტები და მიმდინარე ურბანული პროცესით გამოწვეული განაშენიანების სიმჭიდროვე.

საცხოვრებლის არქიტექტურა მარტივ გეომეტრიულ ფორმებს ეფუძნება, რომელშიც კვადრატული კონტურის ფასადებს მსგავსი ფორმის ვიტრაჟები ერწყმის. ღია ფერის ფასადი და მისი სწორხაზოვნება ნაგებობის დინამიკურობას განსაზღვრავს. სახლი ეზოს ორ ნაწილად ყოფს, რაც სხვადასხვა ტიპის საოჯახო აქტივობისთვის იდეალურ სივრცეს ქმნის და საცხოვრებელს ხმაურისგან იცავს. აღსანიშნავია ფასადზე გამოყენებული ტრავერტინის ქვა და ვიტრაჟებზე დამატებული ალუმინის დეკორატიული, თეთრი კანტები, რომლებიც სახლის არქიტექტურულ ხასიათს უსვამს ხაზს.

ინტერიერი ერთ უწყვეტ სივრცეს ქმნის. მთავარი შესასვლელი ზედა სართულზე ამავალ კიბესთან და საერთო ოთახთანაა დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, სამზარეულოსა და სასადილოს მიმდებარედაა განთავსებული. მეორე სართულზე საძინებელი ზონა მდებარეობს, სამი საძინებლითა და ერთი სამუშაო ოთახით, დამხმარე სათავსოები კი მიწისქვეშა სართულზეა განთავსებული. სართულებზე ჰაერის ცირკულაცია ერთხაზოვანი კიბის საშუალებით ხდება, რომელიც სახლს მთელ სიგრძეზე მიუყვება. საცხოვრებლის ერთიანობას  მუქი და ღია ტონების კომბინაციაც განსაზღვრავს. მასალად გამოყენებულია ბუნებრივი ქვის, ხის, მიკროცემენტისა და კერამიკული ფილების ტექსტურა.

მოზრდილი ზომის მისაღები ოთახის ავეჯი ბუხრისა და თაროების პირდაპირაა განთავსებული. პაოლო პივას მიერ „B & B Italia“-სთვის შექმნილი მაგიდის – „Alanda Coffee Table“ – სიპრიალე დეკორატიული პანელების მარმარილოს ზედაპირს აბალანსებს და გარემოს აცოცხლებს. ხის მასალის სიჭარბე ინტერიერს სიმყუდროვეს ანიჭებს და ნაცრისფერ კედლებს ახალისებს. ოთახი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ყურადღება გამახვილებულია ავეჯზე, რომელიც სივრცეს უცხო, ორიგინალურ, თვალისმომჭრელ იერს სძენს.

 

მარმარილოს ქვა სამზარეულოს კედლებსა და მოზრდილ კუნძულზეა გამოყენებული, რაც კონტრასტს ქმნის მუქ კარადებთან. ღია ფერის მარმარილოსა და ხის მუქი ავეჯის ერთიანობით სამზარეულოს საინტერესო იერსახე ეძლევა.

სამზარეულოს მოპირდაპირედ განთავსებულია სასადილო სივრცე,რომელშიც ხის ტექსტურა დომინირებს. ორივე ზონის მოზრდილი ვიტრაჟებიდან მწვანე ეზო და ქალაქის ურბანული გარემო ჩანს.

მეორე სართულის საძინებლების კედლები ღია ფერისაა. ოთახში გამოყენებულია ხის მასალა, რისი წყალობითაც, ჰარმონიული, მშვიდი დასასვენებელი სივრცე იქმნება.

ინტერიერის ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური დიზაინითაა დამზადებული. აღსანიშნავია ნანა ზაალიშვილის მიერ შექმნილი მუხის ბენჩი – „აგური“, რომელიც დივნის უკანაა მოთავსებული, შავი ფერის მომცრო მაგიდა – „ელემენტი“ და მისაღებ ოთახში მდგარი ხის ორი სკამი, სახელწოდებით „W“.

“აგური”
“ელემენტი”
მოდელი “W”

„სახლი დიღომში“ ორიგინალური ინტერიერითა და უჩვეულო ავეჯით გამორჩეული ადგილია. ესაა დეტალებზე აქცენტირებით შექმნილი მიმზიდველი ინტერიერი, რომელიც, ესთეტიკური მომხიბვლელობის გარდა, მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროსაც გვთავაზობს.

პროექტის ავტორი: “იდააფ არქიტექტორები”

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

საძინებელი ვარდისფერი აქცენტებით – იდეები შთაგონებისთვის

ქართველი ჟიური European Awards of Architectural Heritage Interventions 2023-ზე