in

ინდივიდუალიზმით გამორჩეული ინტერიერი ლონდონში

Banner M2
Banner M2

„ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ სახლი 1930-იანი წლების ტიპური შენობასავით გამოიყურება და არანაირ წარმოდგენას არ გვიქმნის ინტერიერზე. ეს ძალიან სახალისოა და მნახველის დიდ ინტერესს იწვევს“, — აღნიშნავს კეტი გლეისტერი, ინტერიერის დიზაინის სტუდია „K&H Design“-ის თანადამფუძნებელი.

უიმბლდონის ულამაზეს ქუჩაზე, გორაკზე მდებარე სახლი კეტიმ ათი წლის წინ შეიძინა. მანამდე იქ ერთი ქალბატონი ცხოვრობდა, რომელიც 1936 წელს, სახლის აშენებიდან მალევე, დაიბადა და რვა ათეული წლის შემდეგ იქვე გარდაიცვალა.

სახლის გარემონტებას შვიდი წელი დასჭირდა. შენობას ახალი სივრცე დაემატა, რომელმაც, სხვებთან ერთად, სამზარეულოს პრობლემაც მოაგვარა. „მომცრო სამზარეულო მხოლოდ გაზქურისა და ნიჟარისთვის იყო საკმარისი. ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოსაყენებლად გარაჟში მიწევდა გასვლა“, – იხსენებს კეტი.

ახალი სივრცე სავსეა სახასიათო დეტალებით, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს მეპატრონის სურვილს, შეექმნა ინდივიდუალიზმით გამორჩეული ინტერიერი. გრძელი სასადილო მაგიდა როზი ტათამმა ყვავილებით მოხატა, მოაჯირისა და ანტრესოლისთვის ფისოვანი სამკაულები კი მარგიტ უიტიგმა დაამზადა.

ტერაცოს სამზარეულოს ზედაპირის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც კეტი თავის ქალიშვილს მალიორკაზე ეწვია. საბოლოოდ, შეიქმნა სივრცე, რომელიც კერძების მოსამზადებლად და დროის მხიარულად გასატარებლად იდეალური ადგილია.

სახლის ზედა სართულები ფერად, კომფორტულ ოთახებს უკავია. მეორე სართულზე განთავსებულია საოჯახო ოთახი, რომელიც წიგნების თაროებით სავსე კაბინეტში გადის, წინა მხარეს კი მისაღებია. კეტის ყველა ორიგინალური და სახასიათო დეტალის შენარჩუნება სურდა, მათ შორის – ხის იატაკისაც. ამის მიუხედავად, უარი თქვა 1930-იანი წლების ბუხარზე. „მიყვარს ეპოქისეული შტრიხები, მაგრამ, ვინაიდან ეს გამორჩეული გეორგიანული ან ვიქტორიანული შენობა არ არის, რაღაცებზე უარის თქმა მომიწია“, — განმარტავს ის. მისაღებ ოთახში ახლა თანამედროვე, მომხიბვლელი ბუხარია.

კეტის თქმით, დიზაინში სწორი ან არასწორი არ უნდა არსებობდეს. K&H Designის მიზანია, ნამდვილი სახლები შევქმნათ; ისეთი სივრცეები, რომლებიც მართლაც უნიკალური და ინდივიდუალიზმით გამორჩეული იქნება. ჩემი სახლი სწორედ ამ იდეის განხორციელების მაგალითია“.

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ლამინატის იატაკის შემთხვევაში დაშვებული 12 შეცდომა

პასტელური ფერებით შექმნილი ინტერიერი ყაზბეგის ქუჩაზე – შორენა ოქროპირიძის ნამუშევარი