დღეს ირინა და ნინო ეგაძეების სახლზე გიამბობთ, რომელიც დაბა კიკეთში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 499 კვ. მეტრია. დები ბიზნესის სექტორში მოღვაწეობენ: ირინა ღონისძიებების სააგენტოს ხელმძღვანელობს, ნინო კი, მარკეტინგის სფეროში საქმიანობის პარალელურად, დიზაინის საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო უყვართ და ინტერიერის დიზაინზეც გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ, სახლის კეთილმოწყობა მაინც პროფესიონალებს მიანდეს და საბოლოოდ, განსაკუთრებული საცხოვრებელი შექმნეს.
„ვფიქრობთ, არასწორია, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ თავად შეძლებენ პროექტის განხორციელებას. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. დაპროექტება „Architects & Co“-ს მივანდეთ, მერაბ გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, დიზაინზე კი „Wall Design Studio“-მ, არაჩვეულებრივმა რუსა თუმანიშვილმა იზრუნა; მშენებლობასა და რემონტს „BM Group LTD“ უძღვებოდა, რომელმაც თითქმის არარეალისტური დავალება უმოკლეს დროში შეასრულა. თითოეული მათგანის წყალობით, პროექტი ერთ წელიწადში დასრულდა და სახლში გადასვლის საშუალება მოგვეცა“, – გვიყვებიან ჩვენი რესპონდენტები.
ეგაძეების სახლს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ირინასა და ნინოს თქმით, კიკეთში სააგარაკო მიწა მათმა დიდმა ბაბუამ შეიძინა და მას შემდეგ, 70 წელიწადზე მეტია, ოჯახის რამდენიმე თაობა ზაფხულს აქ ატარებს.
„ბაბუას მთავარი სურვილი ოჯახის თითოეული წევრის ერთად ყოფნა იყო, ამიტომ მიწა შვილიშვილებს თანაბრად გაუნაწილა, რისი წყალობითაც ერთ დიდ დასახლებად ვიქეცით. ის, რომ ტყის გარშემო სულ ოჯახის წევრები ვცხოვრობთ, უდიდესი ბედნიერებაა. ჩვენს ტერიტორიაზე ძველი, მწვანე ხის და ქვის კოტეჯი იდგა, რომელიც უამრავ სტუმარს იტევდა და ბევრ ბედნიერ ისტორიას ინახავდა. ბოლო წლებში სურვილი გაგვიჩნდა, კიკეთში მეტი დრო გაგვეტარებინა, პატარა კოტეჯი კი ამდენ ადამიანს ვეღარ იტევდა. მისი დატოვება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ახალი სახლის აშენება გადავწყვიტეთ. ეს ადგილი ჩვენთვის ყველაფერია – ყველა ხე, ყველა ფოთოლი და მიწის ნაგლეჯი გვიყვარს, განსაკუთრებით – ტყე, რომლითაც სახლია გარშემორტყმული, ცხოველები და სოკოზე სიარული… ახალი სახლის კონცეფცია ძველს დაეფუძნა – ზუსტად იმავე პარამეტრებსა და განლაგებას მოერგო, გვინდოდა, ის სულისკვეთება და ემოცია აქაც შეგვენარჩუნებინა და ბუნებასთან კავშირი არ გაგვეწყვიტა“, – იხსენებენ ნინო და ირინა.
როგორც დიზაინ პროექტის ავტორი, რუსა თუმანიშვილი გვიყვება, საპროექტო დავალების უმთავრესი მიზანი ძველი სახლის ატმოსფეროსა და ხასიათის შენარჩუნება, ოჯახის თითოეული წევრის მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება იყო. ამასთანავე, დიზაინერს უნდა შეექმნა მყუდრო სივრცე, რომელშიც თავს ყველა კომფორტულად იგრძნობდა.
ძველ სახლთან დამშვიდობების შემდეგ ახალი ნაგებობის მშენებლობა ნულიდან დაიწყო. თითოეული ეტაპი – პროექტირება, მშენებლობა და ინტერიერის დიზაინზე მუშაობა – დამკვეთებისთვის უდიდესი სიამოვნება აღმოჩნდა. მათი და პროექტის ავტორების იდეები დაემთხვა და მაცხოვრებლები შედეგით კმაყოფილები დარჩნენ. დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ნინო და ირინა აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამშენებლო მასალისა თუ დიზაინის დეტალების მოძიებაში.
ინტერიერში გვხვდება მასალების საკმაოდ საინტერესო კომბინაცია. იატაკზე, კედლებსა და კოლონებზე გამოყენებულია ბეტონი. ოთახების კედლები დეკორატიული ფითხითაა დამუშავებული.
სახლში შესვლისას პირველად გაერთიანებულ სამზარეულოსა და მისაღებ ზონაში ვხვდებით. ეს სივრცე ოჯახის წევრებისა და მათი სტუმრებისთვის თავშეყრის მთავარი ადგილია. საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება სამზარეულო, რომელშიც სრულად გათვალისწინებულია ერგონომიკის პრინციპები და შესაბამისად, ყველა ფუნქციური ზონა მარტივი და კომფორტული მოსახმარია დიასახლისებისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თაროები, რომლებიც არასტანდარტული ფორმისაა და ამავე ოთახში მდებარე ბუხრის დიზაინს იმეორებს.
აქვეა მისაღები და სასადილო ზონებიც, რომლებიც ერთმანეთისგან ავეჯით არის გამიჯნული და ჰარმონიულად ეხმიანება სამზარეულოს დიზაინს. აქ უხვად არის გამოყენებული ხის მასალა, რაც იდეალურად აბალანსებს იატაკის ფილების მკაცრ ხასიათს და სივრცეს მეტ სითბოს სძენს.
ინტერიერის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილია ორანჟერეა, რომელიც სასტუმროს ვესტიბიულის პრინციპით შეიქმნა და სამუშაო და დასასვენებელი კუთხის ფუნქციას ითავსებს.
სახლში სხვადასხვა სტილის გემოვნებიან სინთეზს ვხვდებით. ირინას ტერასაზე გამავალი საძინებელი ხმელთაშუაზღვის სტილშია გადაწყვეტილი, ნინოს მოსასვენებელი სივრცე კი იაპონურ-სკანდინავიური სტილითაა შთაგონებული. ამ ზონებში გამოყენებული ბერძნული ლესვის ტექნიკა კი დამკვეთების მთავარი მოთხოვნა იყო. სველი წერტილების კედლები წყალგამძლე ფითხით დამუშავდა. აქ დეკორატიული ფილები თითქმის არ არის გამოყენებული, რაც სივრცის ბუნებრიობას უსვამს ხაზს.
„არ გვინდოდა, მიწასთან კავშირი დაგვეკარგა, რადგან ეს ადგილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავიდანვე ზუსტად ვიცოდით, რა გვსურდა პრაქტიკული და ვიზუალური თვალსაზრისით. სივრცეში ბევრი სტილია ერთმანეთში შერეული, ერთი კონკრეტული მიმართულება არ აგვირჩევია. დიზაინის ბევრი კონცეფცია განვიხილეთ, ამიტომ რაც მივიღეთ ჩვენ მიერაა შექმნილი და არა რომელიმე ტრენდულ დიზაინს მორგებული, შესაბამისად, სახლი ძალიან ახლობელი, ინდივიდუალური და ორიგინალურია“, – ამბობენ ჩვენი რესპონდენტები.
მეორე სართულზე გვხვდება საერთო ზონა, სადაც პატარა ბიბლიოთეკა განთავდა. ეს მომხიბვლელი სივრცე იდეალური ადგილია განმარტოებისთვის.
გეგმარების მთავარი კონცეფცია მრავალფუნქციური სივრცის მოწყობას გულისხმობდა, რადგან, ტრადიციულად, ამ სახლში ხდებოდა ყველაფერი, მათ შორის ქორწილებიც. აუცილებელი იყო, გამართული გათბობისა და მომარაგების სისტემებს არსებობა, სტუმრებისთვის კი ღია და დახურული სივრცეები შექმნა. სახლში 10-15 ადამიანი მუდმივად ცხოვრობს, ამიტომ შესაბამისი რაოდენობის მოსასვენებელი და სამუშაო კუთხეები უნდა მოწყობილიყო. სივრცეს ასევე გააჩნია 40-მდე საძილე ზონა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაფერი გათვალისწინებულია ღამის გასათევად მოსული სტუმრებისთვისაც კი. ამას გარდა, სახლში ბევრი სველი წერტილი, სამრეცხაო, სათადარიგო სამზარეულო და საკმაოდ დიდი საწყობი განლაგდა. პირველი სართულზე დიდ გასართობ სივრცეს ვხვდებით.
ბავშვების ოთახში დამონტაჟდა ანტრესოლის სისტემა, რაც ადგილის ეკონომიის საშუალებას იძლევა და გარემოს უფრო ორიგინალურს ხდის.
ინტერიერს აცოცხლებს აქცენტების სახით შემოტანილი მწვანე ფერი, რომელიც ყველა ზონაში გვხვდება. მიუხედავად ბეტონის კონსტრუქციის დომინანტურობისა, ფერადი დეტალებითა და ჭარბად გამოყენებული ხის მასალით სახლს ფერადი, თბილი იერსახე ეძლევა, რაც საოცრად მიმზიდველ, ორიგინალურ და მყუდრო გარემოს ქმნის.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სივრცეში არსებული ძველი სახლის მაკეტი, რომელიც ირინამ დაამზადა და, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატად იქცა. ჩვენი რესპონდენტების აზრით, სახლი, რომელშიც განსაკუთრებული განწყობა სუფევს, მათი ბაბუის თავდაპირველი იდეის – ოჯახის გაერთიანების სიმბოლოა.
ძველი სახლის მაკეტი
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს დამკვეთსა და შემსრულებელს შორის იდეალური თანამშრომლობის მაგალითს, რის შედეგადაც შეიქმნა გამორჩეული პროექტი – ახალი სახლი, რომელიც ძველის ტრადიციულ ხასიათს ინარჩუნებს და სავსეა მყუდროებითა და სითბოთი.
არქიტექტურა: „Architects & Co“, მერაბ გუჯეჯიანი
დიზაინი: „Wall Design Studio“, რუსა თუმანიშვილი
მშენებლობა და რემონტი: „BM Group LTD“
ალუმინის კარ-ფანჯარა: ალუტექ ჯორჯია
ავეჯი: ლაბორატორია ჩემი სახლი, ინტერიორისმო, ფორუმი ახალი ნათებისგან, „ლუსონი“
განათება: ახალი ნათება
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის