in

ხმისა და სითბოს იზოლაცია – რა ღირს მასალა ქართულ ბაზარზე და როგორია მისი მონტაჟის სპეციფიკა?

ხმისა და სითბოს იზოლაციის გათვალისწინება რემონტის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი დახმარებით გაცილებით კომფორტული გარემო იქმნება. სპეციალური მასალის გამოყენებით, სითბოს დანაკარგი მაქსიმალურად მცირდება, ხმა კი იხშობა, რაც სახლს მეტ მყუდროებას სძენს. თუ ხმისა და სითბოს იზოლაციის გაკეთებას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია, ეს რემონტის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას მოახერხოთ, რათა შემდგომ ჭერის ჩამოშლა, იატაკისა და კედლების დაზიანება თავიდან აირიდოთ. დღეს ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალის მონტაჟის მნიშვნელობასა და ძირითად მახასიათებლებს გაგაცნობთ.

რა უპირატესობა აქვს სახლში ხმისა და სითბოს იზოლაციას?

უზრუნველყოფს კომფორტს – ხმისა და სითბოს იზოლაციის დახმარებით ინტერიერში სასურველი ტემპერატურა ნარჩუნდება. გარდა იმისა, რომ ზამთარში სითბოს დანაკარგი მაქსიმალურად მცირდება, ზაფხულობით სახლი გადახურებისგან დაცულია, რისი წყალობითაც ნებისმიერ სეზონზე ინტერიერში სასიამოვნო, მყუდრო გარემო იქმნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხმისა და სითბოს იზოლაცია ხელს უშლის ობის წარმოქმნას, რაც ჯანსაღი და უსაფრთხო სივრცის გარანტიაა.

ახშობს ხმაურს – საიზოლაციო მასალა ძალიან ეფექტურია ხმის დასახშობად. ეს განსაკუთრებულად კომფორტულია მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს, რადგან საგრძნობლად მცირდება როგორც გარედან შემოსული, ისე – შიგნიდან გასული ხმაური.

ამცირებს კომუნალურ ხარჯს – ხმისა და სითბოს იზოლაციის წყალობით, სითბური ენერგია არ იკარგება, თბილი ჰაერის მასები გარეთ არ გაედინება, შესაბამისად, სახლში სასურველი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ამის გამო გათბობის ქვაბი ნაკლები დატვირთვით მუშაობს, რაც კომუნალურ გადასახადებს ამცირებს და თქვენს თანხას ზოგავს.

რისგან მზადდება ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის საჭირო მასალა და როგორ მონტაჟდება? 

ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის ძირითადად მინერალური ბამბა, ქვაბამბა და პოლიეთილენის მასალა გამოიყენება. კომპანია „ჰოლდინგ გენოვაციის“ თანამშრომლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ უკეთესია პოლიეთილენის მასალა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სპეციალური ალუმინის ფოლგითაა დაფარული. პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, აალების შემთხვევაში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს და ეფექტური საშუალებაა ნესტის წინააღმდეგ.

მისი გამოყენება შეიძლება ჭერზე, ლამინატის, პარკეტის, ხის იატაკისა და ქვიშაცემენტის მოჭიმვის ქვეშ, თაბაშირ-მუყაოს ტიხრებს შორის ან კედელზე.

„ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის გამოყენებული პოლიეთილენის მასალა საკმაოდ ეფექტურია. ჭერისთვის უმჯობესია ორმხრივად ფოლგიანი პოლიეთილენი გამოიყენოთ, რადგან ფოლგა დამატებით ირეკლავს გარედან შემოსულ თბოენერგიას, რითაც ზაფხულში სახლს გადახურებისგან იცავს, ზამთარში კი თბილ ტემპერატურას ინარჩუნებს. კედლებზე, ცალი მხრიდან, ფოლგიანი მასალა გამოიყენება. პოლიეთილენის ფორმატის განთავსებით კედლებზე, ჭერსა და იატაკზე 40-45% თბოენერგია უკან ბრუნდება. ხმის დახშობის კოეფიციენტის მიხედვით, 1000 Mhz-ზე 28 დეციბელი იხშობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 6-7-ჯერ მცირდება“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ არსებობს სამი ზომის პოლიეთილენის ფორმატი, ფასი კი მათ სისქეზეა დამოკიდებული. 3, 5 და 8 მმ. სისქის მოდელების ღირებულება 1 მ2-ზე 8 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი 20 ლარია.

რაც შეეხება მონტაჟს, თუ მასალა ხის ფაქტურაზე თავსდება, სტეპლერით მაგრდება, განსხვავებულ ფაქტურაზე კი წებოვანი და არაწებოვანი პოლიეთილენის მასალა გამოიყენება. წებოვანს დამატებით აღარ სჭირდება წებო, რის გამოც მისი მონტაჟი მარტივია: კედლებზე – გალესვის შემდეგ, თაბაშირ-მუყაომდე, იატაკზე კი – პარკეტის/ლამინატის ქვეშ. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ უშუალოდ იატაკის საფარის ქვეშ დამონტაჟებისას უმჯობესია 3 და 5 მმ. სისქის პოლიეთილენი გამოვიყენოთ, რადგან 8 მმ. სისქის შემთხვევაში, იატაკი დრეკადი ხდება. 8 მმ. სისქის მასალის გამოყენება, რომელიც იატაკის მოხვეწამდეა რეკომენდებული, 1 მ2-ზე 100 კილოგრამის დაწოლას უძლებს. აღსანიშნავია, რომ სამივე ფორმატი თხელია, რის გამოც დიდ ადგილს არ იკავებს, ეს კი დამატებით კომფორტს ქმნის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის საკმაოდ ეფექტური პოლიეთილენის მასალაა. მისი მონტაჟი შესაძლებელია კედლებზე, ჭერსა და იატაკზე. შედეგად, სითბოს დანაკარგი მაქსიმალურად მცირდება, არასასიამოვნო ხმაური კი იხშობა. გარდა ამისა, საიზოლაციო მასალის მონტაჟი საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ გადასახადებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Musubi House — მონოლითური ბეტონის სახლი ჰავაიზე

10 ინსტაგრამ ანგარიში ხელმისაწვდომი დეკორატიული იდეებისთვის