in

როგორ მოვაწყოთ საბავშვო სივრცის ინტერიერი – ანუკი კუსრაშვილის რჩევები

საბავშვო სივრცის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან გარემო, რომელშიც ბავშვი ან მოზარდი დიდ დროს ატარებს, მასზე განსაკუთრებულად ზემოქმედებს. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დიზაინერები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან საბავშვო ოთახის გეგმარებას, ცდილობენ, სივრცე საინტერესოდ დააპროექტონ და პატარებისთვის მყუდრო გარემო შექმნან.

ინტერიერის დიზაინერი ანუკი კუსრაშვილი დღეს საბავშვო ოთახის გეგმარების ძირითად პრინციპებზე გვესაუბრება და ჩვენს მკითხველს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

„ბავშვისთვის განკუთვნილი სივრცის მოწყობა ყოველთვის მეტად სათუთი და საყურადღებო საკითხია. ეს უნდა იყოს მრავალფუნქციური ოთახი, რომელიც სამუშაო, სათამაშო და საძინებელ ზონებს გააერთიანებს. საამისოდ საჭიროა, თავიდანვე სწორად დავგეგმოთ და გადავანაწილოთ სივრცის ფუნქციები, შემდგომ კი, სხვადასხვა დეტალის დამატებით, სრულვყოთ“, – ამბობს ანუკი ჩვენთან საუბრისას.

ფერები

დიზაინერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ფერებს. როგორც წესი, ყველაზე ხშირად იყენებენ ორ ფერს – ლურჯს და ვარდისფერს.  რასაკვირველია, ორივე ფერი მისაღებია, მაგრამ ეს ერთგვარი სტერეოტიპული მიდგომაა, ამიტომ ანუკი თამამი ნაბიჯებისა და მეტი გამბედაობისკენ მოგვიწოდებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სხვადასხვა ფერმა სივრცე არ უნდა გადატვირთოს. სასურველია, უპირატესობა მიანიჭოთ მშვიდ, პასტელურ ტონებს. კარგი იქნება, თუ წინასწარ გაეცნობით ფერთა ფსიქოლოგიასაც, რათა ზუსტად განსაზღვროთ, რომელი ტონალობები იწვევს ბავშვებში დადებით ემოციებს.

ეკოლოგიურად სუფთა მასალა

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ საკითხში ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრესია. სამწუხაროდ, სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელ მასალებში ხშირად შეხვდებით ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, ამიტომ, ბავშვთა სივრცის მოწყობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

„ყურადღება მიაქციეთ კედლის საღებავს, რომელიც აუცილებლად ანტიალერგიული და მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ყოველთვის ეცადეთ, ბავშვების ოთახში თავი აარიდოთ მახვილკუთხიანი საგნების განთავსებას, რათა მათი უსაფრთხოება დაიცვათ. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ მრგვალ ფორმებსა რბილ ტექსტურებს“, – გვირჩევს ანუკი.

სპორტული კუთხე

დიზაინერი გვიხსნის, რომ ბოლო დროს საკმაოდ მოთხოვნადია ბავშვთა სივრცეში მცოცავი კედლებისა და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საკიდების მოწყობა, რაც ბავშვის ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს. ამგვარი კუთხის დაპროექტება ოთახს მეტ მრავალფეროვნებას ანიჭებს. თუ ფართი ამის საშუალებას გაძლევთ, კარგი იქნება, ანტრესოლების საშუალებით, ორდონიანი სივრცე მოაწყოთ. მცირე ზომის ოთახის შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მომგებიანია.

სამეცადინო ზონა

ანუკი გვირჩევს: „უმჯობესია, თუ სამედიცინო ზონას ვიზუალურად გამოყოფთ და მას ბავშვებისთვის მეტად საინტერესოდ წარმოაჩენთ, რათა იქ ყოფნა მათში სიამოვნებას და ინტერესს იწვევდეს. გირჩევთ ჩემს საყვარელ საშუალებას – კედლის დაფას, რომელსაც ხშირად სრულ კედელზე ვათავსებ. ეს საშუალებას მოგცემთ, მასზე დროდადრო ცვალოთ საინტერესო ინფორმაცია და, ნახატების დახმარებით, ბავშვები განსხვავებულ სამყაროებში ამოგზაუროთ“.

საძინებელი ზონა  

ბავშვი დღის განმავლობაში ზრდასრულ ადამიანზე მეტ ინფორმაციას იღებს, ძილი კი ამ ინფორმაციის თავმოყრისა და გააზრების პროცესია. ეს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამიტომ სივრცე მაქსიმალურად მშვიდი, კომფორტული და მყუდრო უნდა იყოს. დიზაინერი გვირჩევს, ამ ნაწილში ორი ტიპის განათება გამოვიყენოთ – ძირითადი და მიმართული, შედარებით ბნელი ნათებით. მომგებიანი გადაწყვეტილებაა ბავშვის საყვარელი ცხოველის ან გმირის გამოყენება საძინებელი ზონის კედლის ქაღალდსა და ავეჯზე, რაც მას უსაფრთხოდ, მყუდროდ და სასიამოვნოდ აგრძნობინებს თავს.

ვფიქრობთ, ამ რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ, სწორი, პრაქტიკული და საინტერესო საბავშვო სივრცე მოაწყოთ, რათა თქვენმა პატარებმა თავი კომფორტულად, დაცულად და, რაც მთავარია, ბედნიერად იგრძნონ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ 25 მაისს ახალი სერია, „პრესტიჟი“ და მისი პირველი პროექტი, „პრესტიჟი კოსტავაზე“, წარადგინა

ავეჯი კერამიკის დეტალებით – „White Studio“-ს ახალი პროექტი