in

მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები – თინათინ ძირკვაძის რჩევები

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევა ერთ-ერთი რთული, დამღლელი და შრომატევადი პროცესია. ამ დროს უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. სივრცის მოწყობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ კედლებზე, ჭერსა და იატაკზე, რომლებიც ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს. სტილისა და ვიზუალური მხარის გარდა, მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევის დროს არაერთ ტექნიკურ პარამეტრზეც უნდა ვიფიქროთ, რომელთა შესახებ დღეს ინტერიერის დიზაინერი, თინათინ ძირკვაძე გვესაუბრება.

იატაკი

ინტერიერის მოწყობისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორი იატაკის შერჩევაა, რომელიც სივრცის ესთეტიკურ მხარეს განსაზღვრავს და მის მყუდროებას განაპირობებს. დიზაინერის თქმით, საცხოვრებელში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხის იატაკის გამოყენებაა. შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის, ფორმისა და ზომის იატაკი შეარჩიოთ. მაგალითად, ფიცრული იატაკი შედარებით სქელი ხისგან იწყობა და სახლს ვინტაჟურ იერს ჰმატებს, თუმცა, იდეალურად სწორ ზედაპირს არ იძლევა, რის გამოც იატაკქვეშა გათბობას ვერ დაამონტაჟებთ. მასიური პარკეტის შემთხვევაში, რომელიც სხვადასხვა წყობისაა, იატაკქვეშა გათბობას 60%-იანი ეფექტურობით გამოიყენებთ. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ზეთით დაფარული იატაკი მოსავლელად ოდნავ რთულია: მას ყოველწლიურად სჭირდება განსაკუთრებული მასალით დამუშავება, რათა ხემ ერთიანი იერსახე შეინარჩუნოს. ლაქით დაფარვის შემთხვევაში, ის უფრო გამძლეა, თუმცა, ბოლომდე კარგავს ბუნებრივი, ნედლი ხის იერსახეს.

სამშრიანი პარკეტის არჩევისას მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ის დამუშავებული ხის ანათალია, რომელიც ნაკლები ღირებულების ხის შრეებზეა დამაგრებული. პროდუქტი სამი შრისგან შედგება და ქარხნულადაა დამუშავებული. ამასთანავე, იატაკქვეშა გათბობის გამოყენების თვალსაზრისით, 80-85% ეფექტურობით ხასიათდება და მისი მოვლაც გაცილებით მარტივია.

დიზაინერი არ გვირჩევს ლამინატის გამოყენებას, რადგან ის ხის უხარისხო იმიტაციაა, თუმცა, თუ ლამინატის გამოყენება გიწევთ, უმჯობესია, მაღალი ხარისხის ევროპული ნაწარმი შეარჩიოთ, რათა მავნე ნივთიერებებისგან თავი დაიცვათ. შეძენისას გაითვალისწინეთ, რამდენი უნიკალური პრინტი აქვს კოლექციას (ანუ რამდენ ფილაში მეორდება ერთნაირი პრინტი). უნიკალური პრინტის სიმრავლის შემთხვევაში, უკეთეს ვიზუალს მიიღებთ. ასევე, სასურველია, ნაკლებად დატვირთული ნახატი შეარჩიოთ, რადგან ხის იმიტაცია ყველაზე მარტივად ნახატის გამეორებით ამოიცნობა.

ფილები და კერამოგრანიტი

ბაზარზე ფილების მრავალფეროვანი არჩევანია. ვხვდებით მინიმოზაიკებს, კვადრატულ ფილებს, აგურის ზომის ფილებს. ფილის ტექნიკური მახასიათებლების დადგენა სტილის მიხედვითაც შესაძლებელია. მაგალითად, თუ აბაზანისა და სამზარეულოსთვის აგურის ტიპის ფილები გსურთ, კერამიკის გამოყენება აჯობებს, ხოლო თუ შესასვლელსა და გარე სივრცეში ერთიანი იატაკის შექმნას აპირებთ, უმჯობესია, მაქსიმალურად დიდი ზომის რეტიფიცირებული ფილები შეარჩიოთ.

დიზაინერი გვიხსნის: „ფილები, რომლებსაც გვერდები დამუშავებული აქვს, შეიძლება დავაგოთ ერთმანეთთან ნაკლები ღარით, 1-2 მმ-ზე, ამომვსების გათვალისწინებით. ეს ერთიანი მასალის ეფექტს ქმნის. ყველაზე გამძლე და მედეგი ფილა კერამოგრანიტია, რომელშიც წყლის შეღწევადობის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი. ფორმატის მიუხედავად, ის საკმაოდ გამოსადეგია იატაკქვეშა გათბობის შემთხვევაშიც და მყუდრო, თბილ, სასიამოვნო სივრცეს ქმნის“.

ბეტონი

ინტერიერში ბეტონის გამოყენება უფრო და უფრო მოდური ხდება. დიზაინერი გვირჩევს, ამ მასალის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორს მივაქციოთ ყურადღება:

„იატაკზე ბეტონის გამოყენებისას აუცილებელია მისი მოპრიალება და ლაქით დაფარვა, რათა სითხის შეწოვა გამოირიცხოს. უმჯობესია, მაღალი სიმყარის ბეტონი გამოიყენოთ, ღარები დააყენოთ და იდეალურად დაამუშაოთ, რათა ბზარების გაჩენა თავიდან აიცილოთ. აუცილებელია ჭერსა და კედელზე გამოსაყენებელი ბეტონის დამუშავება და, სპეციალური წებოსა და ხსნარების მეშვეობით, მისი სიმყარის გაზრდა, რათა მასალა სუსტი და ფშვნადი არ იყოს. აჯობებს, ამ სამუშაოების შესრულება სპეციალისტს მიანდოთ, რადგან ბეტონი ბევრ ტოქსიკურ მინერალს შეიცავს და მასთან მუშაობა საფრთხილოა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, დასამუშავებლად მაღალი ხარისხის ნივთიერებები შეარჩიოთ, რომლებიც გარემოს არ დააზიანებს“. 

კედელი/ღებვა

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ კედლების დასამუშავებლად და სასურველი ეფექტის მისაღებად შეგვიძლია სხვადასხვა ტექნიკა გამოვიყენოთ: უბრალო ღებვა, ტექსტურული ღებვა, კედლის დეკორატიული პანელები, შპალერი, მიკრობეტონი, ლაიმვოში (კედლის დაფარვის დეკორატიული საშუალება, რომელიც კედელს ცარცისებრს ხდის და ხავერდოვან იერს აძლევს). კედლის ღებვისას აუცილებელია მისი წინასწარ დამუშავება, რათა მიკრობზარები არ გაჩნდეს. ნესტიანი სივრცეებისთვის უმჯობესია, ნესტგამძლე საღებავი შეირჩეს. მაგალითად, დეკორატიული კედელი ბუნებრივი ფერებითა და ტექსტურით ხასიათდება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნესტგამძლეა. შპალერის შერჩევისას, სასურველია, დიდი ზომის მასალა გამოიყენოთ. ლაიმვოში კი ძალიან ბუნებრივ და მიმზიდველ ეფექტს ქმნის.

მოსაპირკეთებელი მასალის სწორად შერჩევა, საბოლოოდ, ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს და მყუდრო, მიმზიდველ გარემოს ქმნის. შესაბამისად, მის შეძენამდე, სასურველია, სპეციფიკურ დეტალებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

„თითოეულ მოსაპირკეთებელ მასალას განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლები აქვს, ამიტომ შეეცადეთ, ეს ნიუანსები დიზაინის დასრულებამდე, წინასწარ გაითვალისწინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი“, – გვირჩევს თინათინ ძირკვაძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფერადი ავეჯის გამორჩეული ხაზი – TS group-ის კონცეფცია

სხვადასხვა სტილის სინთეზით შექმნილი სახლი საგურამოში – ნანიკო ჯორბენაძის ინტერიერი