ნაკვეთის თანამედროვრე სტილში მოპირკეთებისას არ დაივიწყოთ ღობის შესახებ, ვინაიდან ისიც ასევე უნდა მოერგოს საერთო სტილისტიკას. მისი გონივრულად გამოყენების შემთხვევაში ის დიზაინის დახვეწილ ელემენტადაც შეიძლება მოგვევლინოს და ღობე ნაკვეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქცენტად იქცეს. “კონტემპორარი სტილისთვის” მთავარია სწორი და შესატყვისი მასალა შეირჩეს. გთავაზობთ, ღობის მოდური და თანამედროვე მასალების მოკლე მიმოხილვას.
ფიბროცემენტის დაფა
ფიბროცემენტის დაფა, ანუ ბოჭკოვანი ბეტონი, გარე მოპირკეთების თანამედროვე მასალაა, რომელიც მშვენივრად მიესადაგება ღობეს. ის არსებობს როგორც ტექსტურით, რომელიც ხის იმიტაციას ახდენს, ასევე გლუვი ზედაპირით – ბოჭკოვანი ბეტონის ეს ვარიანტი, შესაძლებელია ნებისმიერ ფერში შეიღებოს.
ბეტონი
ნედლი ბეტონით მოპირკეთებული ღობე ნაკვეთს ინდუსტრიალურ სახეს მისცემს და მწვანე გარემოში მშვენიერ ფონად გამოდგება. მაგრამ იმისათვის, რომ ბეტონი ელეგანტურად და არა ღარიბულად, გამოიყურებოდეს, ის თბილი ტონების ხის მასალას უნდა შევუფარდოთ (მაგალითად იატაკის საფარი ტერასაზე ან ქუჩის ავეჯი).
კორტენის ფოლადი
ეს ფოლადი, ჟანგიანი პატინით, თანამედროვე „რასტიკის“ მსგავსი სტილის ნაკვეთებისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება. ეს ნათელი მასალა როგორც ცალკე მდგომ კომპოზიციებში, ასევე მთლიანი ღობის როლშიც საინტერესოდ გამოიყურება ( სასურველია ის დიდი ფართობის ნაკვეთებში გამოიყენოთ).
გოფრირებული ლითონი
საკმაოდ ბიუჯეტური ხერხია იმისთვის, რომ ნაკვეთს თანამედროვე სტილის დასრულებული სახე მივცეთ. გოფრირებული მეტალი თქვენს ექსტერიერში, მოსაწყენი და უბრალო არ იქნება. გოფრი ნაკვეთის მცენარეებისა და სხვა აქცენტებისათვის შესანიშნავ ფონს წარმოადგენს.
შუშის ფილები
ნაწრთობი, გლუვი შუშის ფილები თქვენს პრივატულობას დაიცავს და დამატებით მზის შუქს გაატარებს. ის ბიუჯეტური ვარიანტი არ არის, თუმცა ბრწყინვალედ გამოიყურება, განსაკუთრებით ფოლადის ჩარჩოში, რომელიც სიმტკიცეს მატებს შუშის ფილას.
რკინის ლარტყა
უბრალო ლითონის ლარტყები თანამედროვე ელეგანტური ღობის შექმნაში დაგეხმარებათ. ასეთი ღობე არა მხოლოდ საიმედოობითა და გამძლეობით, არამედ საინტერესო და უჩვეულო გარეგნობითაც გამოირჩევა. ის ვიზუალურადაც კი იცვლის თავის გარეგნობას და ნახევრადგამჭვირვალე მთლიან ზედაპირად იქცევა. ნამდვილი „არტ-ობიექტი“, რომელიც თავის ფუნქციოურობასაც არ კარგავს.
არმატურა
კიდევ ერთი ვარიანტი მათთვის, ვისაც პრივატულობის საკითხი ძალიან არ აღელვებს- არმატურაა. ასეთ ღობეში სქელი და გრძელი არმატურა განლაგებულია დაახლოებით 15-20 სმ-ზე ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხოლო ქვემოთ, დამატებითი სიმტკიცისა და მთელი კონსტრუქციის საიმედოობისთვის, ბეტონია დასხმული.
გაბიონები
გაბიონი – ეს მავრთულების თავისებური საკანია, რომელიც ბუნებრივი ქვის მასალითაა შევსებული. ადრე გაბიონების კონსტრუქციები გავრცელებული იყო ფორტიფიკაციული ნაგებობების სახით, დღეს კი ისინი ნაპირის გასამაგრებლად და ასევე ლანდშაფტურ დიზაინში გამოიყენება (მაგალითად, ტერასების მოწყობის დროს). გაბიონებისგან გაკეთებულ ღობეს საკმაოდ საინტერესო გარეგნობა აქვს.
ხის ფიცრები
და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული და კლასიკური ვარიანტი – ღობე ხის ფიცრებისგან, რომლებიც განლაგებულია ერთმანეთის მიყოლებით. იმ შემთხვევაში თუ ასეთ ფიცრებს არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად განათავსებთ, ღობის თანამედროვე და ელეგანტურ ვერსიას შექნით.