სახლში სააბაზანო გამორჩეულ ადგილს იკავებს. სხვა ოთახებისგან განსხვავებით, მისი მოწყობისას რიგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. სააბაზანო ოთახი სახლის ის ზონაა, რომელშიც ყოველდღიურად დროის დიდ ნაწილს ვატარებთ და საკუთარ თავზე ზრუნვისა და განმარტოების საშუალება გვეძლევა. მისი იერსახე მთლიანი სახლის ესთეტიკას განსაზღვრავს. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დღეს ინტერიერის დიზაინერი ნინო გოგილიძე აბაზანის გეგმარების ძირითად პრინციპებს გაგვაცნობს.
„სახლში ყველა სივრცე მნიშვნელოვანია, თუმცა სააბაზანო ოთახი საზოგადოებრივ თუ ინდივიდუალურ შენობებში მაინც ყველაზე მთავარი ზონაა. ის, საშუალოდ, შენობის საერთო ფართობის 5-10%-ს იკავებს. ამ ოთახის ყოველი სანტიმეტრი ფუნქციურად ძალიან დატვირთულია და კომპაქტურად არის მოწყობილი“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
ვენტილაციის გათვალისწინება
დიზაინერის თქმით, სააბაზანო ვენტილირებული იყოს, რადგან წყლის ხშირი აორთქლება ნესტთან გამკლავების საუკეთესო გზაა. შესაბამისად, ჯანმრთელი და უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად ვენტილაციის გათვალისწინება აუცილებელია. ამასთანავე, თუ სათავსს ბუნებრივი განათებისა და განიავების საშუალება აქვს, განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის ადამიანს.
ტემპერატურის განსაზღვრა
ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, ცივი სეზონის პერიოდში სააბაზანო 2-3 გრადუსით უფრო თბილი იყოს, ვიდრე დანარჩენი ოთახები.
„თუ სააბაზანო ოთახში იატაკის გათბობას მოაწყობთ, ბევრად მოსახერხებელ სივრცეს შექმნით, რადგან, გარდა იმისა, რომ ფეხშიშველიც თბილად იგრძნობთ თავს, ძირს მოხვედრილი წყლის წვეთებიც ბევრად მალე აორთქლდება, ვიდრე მხოლოდ კედლის გათბობის პირობებში. თუმცა, კედლის გათბობის უგულებელყოფა არ ღირს, რადგან არანაკლებ სასიამოვნოა საშრობზე დაკიდებული აბაზანის ხალათის მოცმაც. ასევე, თბილი ტემპერატურა ნესტისა და ობის გაჩენისგან გიცავთ და უსაფრთხო ზონას ქმნის“, – გვიამბობს ნინო გოგილიძე.
სააბაზანო ოთახის მდებარეობა
ჩვეულებისამებრ, საერთო მოხმარების აბაზანები მთლიანად იზოლირებულია დანარჩენი ნაწილებისგან. ჩვენი რესპონდენტის თქმით, უმჯობესია, თუ სააბაზანოს კარი არ გამოჩნდება, განსაკუთრებით, მისაღები და სამზარეულო ოთახებიდან. თუმცა, ბოლო პერიოდში, საკმაოდ მოდურია სააბაზანო ზონისა და საძინებლის გაერთიანება. ასეთი გეგმარება სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში ხშირად გვხვდება. ასეთი სინთეზი ძალიან საინტერესო, დახვეწილ იერს სძენს ინტერიერს, ამიტომ დიზაინერი გვირჩევს, მსგავს გადაწყვეტილებების არ შევუშინდეთ.
სააბაზანოს გეგმარება
„სააბაზანო ოთახი, ყველა სიკეთესთან ერთად, საუკეთესო გარემოს ქმნის განმარტოებისთვის. საამისოდ ცალკე გამოყოფილი ფუნქციური სივრცე, ჩვეულებრივ, არ გვხვდება. აბაზანის გამოყენება ამ მიზნით იდეალური გადაწყვეტილებაა“, – გვეუბნება ნინო.
გეგმარებისას გასათვალისწინებელია სააბაზანო ოთახის ფართობი, მისი კონფიგურაცია და კანალიზაციის დგარის მდებარეობა. სასურველია, სააბაზანო იზოლირებული იყოს და 4 მ2-ზე ნაკლები სიდიდე არ ჰქონდეს, რათა სივრცეში თავისუფლად გადანაწილდეს ოთხი ფუნქციური ზონა – უნიტაზისთვის, საშხაპისთვის, ხელსაბანისა და სარეცხი მანქანისთვის. ფართის დაზოგვის მიზნით, კარგი იქნება, თუ სარეცხ მანქანას სხვა ზონაში განვათავსებთ და ისეთ კარს დავამონტაჟებთ, რომელიც გარეთა მიმართულებით გაიღება. ეს მეტ თავისუფალ სივრცეს შექმნის. ამასთანავე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ აბაზანის აქსესუარებს შორის მანძილზე, რათა ამა თუ იმ მოწყობილობის მოხმარება უსაფრთხო და მოსახერხებელი იყოს.
დიზაინერის თქმით, აბაზანა ბევრს ამბობს მცხოვრებთა სისუფთავესა და გემოვნებაზე, ამიტომ მის კეთილმოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა აბაზანა არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულებით გამოიყენოთ, არამედ ვიზუალურადაც გაამდიდროს სახლი.
„ვფიქრობ, ეს პატარა, მაგრამ საოცრად საჭირო სივრცე ყველაზე მეტს ამბობს შენობაში მცხოვრები ადამიანების ხასიათზე, ცხოვრების სტილზე, კულტურასა და გემოვნებაზე. მეტიც, საზოგადოებრივ ჰიგიენურ კუთხეებზე დაკვირვებით შთაბეჭდილება იქმნება მთლიანი ქვეყნის კულტურაზე. როგორც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერი ანტონიო ლუპი იტყოდა, ესაა „MORE THAN BATHROOM“, ანუ „მეტი, ვიდრე სააბაზანო“. აქედან გამომდინარე, გირჩევთ, ამ კუთხეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, – აღნიშნავს ნინო გოგილიძე.