in

რა არის თვითსწორებადი იატაკი და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე?

რემონტის დროს იატაკის ხარისხიანი და სწორი მოპირკეთება მისი მდგრადობისა და სიმტკიცის გარანტიაა. იატაკის საფარი ინტერიერში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და სივრცის პრაქტიკულ და ესთეტიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს.

რაც უნდა ხარისხიანი პარკეტი, ლამინატი თუ ვინილი შეარჩიოთ, საფარი მალევე დაზიანდება, თუ ზედაპირი შესაბამისად არ იქნება დამუშავებული. ამ პრობლემის გადასაწყვეტად თვითსწორებადი იატაკის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია.

რა არის თვითსწორებადი იატაკი და რა მიზნით გამოიყენება? 

თვითსწორებადი იატაკის ტექნოლოგიის დახმარებით გლუვი, სწორი და მყარი ჰორიზონტალური ზედაპირი მიიღება, რომელიც სასურველი იატაკის დასაგებად აუცილებელია. ამასთანავე, ის ასწორებს ბზარებს, სხვადასხვა დეფექტს და იდეალურ საფარს ქმნის.

არსებობს ორი ტიპის თვითსწორებადი იატაკი – ცემენტის ბაზაზე დაფუძნებული და პოლიმერული.

ცემენტის თვითსწორებად იატაკს პარკეტის, ლამინატის ან ფილის დაგებამდე ზედაპირის გასასწორებლად იყენებენ. ის სპეციალურ დანამატებს შეიცავს. მისი სისქე 5 მმ-დან 3-4 სმ-მდე მერყეობს. ამ ტიპის იატაკის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ 24 საათში შრება და მასზე სიარული შეიძლება. თუმცა, ბოლომდე გამოსაშრობად 4-5 დღე სჭირდება. ცემენტის თვითსწორებადი იატაკი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია სარემონტო სამუშაოებში. იგი მშრალი ფხვნილის სახით იყიდება და წყალში გაზავებით მზადდება.

პოლიმერული თვითსწორებადი იატაკი არ საჭიროებს შემდგომ მოპირკეთებას და იატაკის საბოლოო ფენად გამოიყენება. თავის მხრივ, ის ორ სახეობად იყოფა – პოლიურეთანის და ეპოქსიდურ იატაკად. პოლიურეთანი შედარებით რბილი და ელასტიკურია. მას ძირითადად დეკორატიული ფუნქცია აქვს. წყალგაუმტარი ეპოქსიდური იატაკი კი მექანიკური ზემოქმედების მიმართ უფრო მდგრადია.

როგორ მონტაჟდება თვითსწორებადი იატაკი და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე?

თვითსწორებადი იატაკის დაგებამდე აუცილებელია ზედაპირი გასუფთავდეს და გრუნტით დამუშავდეს, რათა იატაკის მოჭიმვასა და თვითსწორებად მასას შორის მაღალი შეჭიდულობა იყოს. ბზარების არსებობის შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე ეს ადგილები ეპოქსიდური წებოცემენტით იფარება და თვითსწორებადი ცემენტის იატაკის მასა ისხმება. იატაკის გაშრობის შემდეგ შესაბამისი იატაკის საფარი იგება.

სამშენებლო მასალების კომპანია „Bona Georgia“-ში თვითსწორებადი იატაკის მნიშვნელობაზე, მისი მასალისა და მონტაჟის ფასზე გვესაუბრებიან.

„ცემენტის ბაზაზე დამზადებული თვითსწორებადი იატაკი იდეალური საშუალებაა უსწორმასწორო იატაკის დასამუშავებლად. ეს ბაზა აუცილებელია იატაკის საფარის დაგებამდე მომზადდეს, რათა შემდგომი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. თვითსწორებადი იატაკის მასა 1-16 მმ. სისქემდე შეგიძლიათ დაასხათ და ზედაპირი იდეალურად სწორი გახადოთ. აღნიშნული მასალა ჩვენთან 25-კილოგრამიან შეფუთვაში იყიდება, რომელიც 6 ლიტრ წყალში იხსნება. მისი საშუალო ფასი 90 ლარიდან იწყება. რაც შეეხება მონტაჟის ღირებულებას, 1 მ2-ზე 10-15 ლარამდე მერყეობს. მონტაჟის ფასი დამოკიდებულია სივრცის ფართობსა და იატაკის სისწორეზე. თუ იატაკი ძალიან დასამუშავებელია და განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო, ფასი იზრდება“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

10 ადგილი თბილისში, სადაც გასაბერ აუზს შეიძენთ

“ახალი ნათება” — სანათების კომპანია 90-იანი წლების უშუქო საქართველოდან