in

როგორ შევარჩიოთ პრემიუმ-კლასის მაცივარი?

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები მისი ყოველდღიური გამოყენებისა და მოვლის სიმარტივე, მოხერხებულობა, წარმადობა და საიმედოობაა. როგორც წესი, ეს მახასიათებლები დღეს ყველაზე იაფფასიან მოდელებსაც კი აქვს. თუმცა, მათგან განსხვავებით, პრემიუმ-კლასის ტექნიკა სხვა არაერთი უპირატესობითაც გამოირჩევა, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. დღეს კონკრეტულად პრემიუმ-ხარისხის მაცივრის შესახებ ვისაუბრებთ.

გააზრებული მართვა

ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას სამუშაო პარამეტრების მოხერხებული ცვლილება მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. როგორც წესი, პრემიუმ-კლასის მაცივრები აღჭურვილია კარზე ან მის ზემოთ განთავსებული სენსორული ეკრანებით, რომელთა წყალობითაც შეგიძლიათ, მოწყობილობის მუშაობა ერთი შეხებით გააკონტროლოთ. გარე ღილაკების არარსებობა საშუალებას გაძლევთ, თავიდან აიცილოთ მრავალი პრობლემა, რომლებიც მათი გაფუჭების ან ღილაკზე თითის შემთხვევითი დაჭერისას წარმოიქმნება. შედარებით თანამედროვე მოდელები „ჭკვიანი სახლის“ სისტემასაც უკავშირდება, ასე რომ, გაგრილების პარამეტრების ცვლილებას მობილურიდან და კომპიუტერიდანაც შეძლებთ.

ენერგორესურსების ეკონომიური მოხმარება

ენერგორესურსების დაზოგვა და გარემოს მოფრთხილება თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. მაღალი ხარისხის მაცივრების დაპროექტებისა და წარმოების პროცესში ეკოლოგიურ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამას ადასტურებს მაღალი ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი ის დონეები, რომლებიც ელექტროენერგიის დაბალი მოხმარებით გამორჩეულ ძვირადღირებულ მოდელებს ენიჭება. ვინაიდან საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროენერგიის 30%-ზე მეტს მაცივარი მოიხმარს, ენერგოეფექტურობა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

მაღალი კლასის მაცივრების კიდევ ერთი უპირატესობა იზოლირებული კუპეებია, რომლებიც ტენიანობის კონტროლირებადი დონითაა აღჭურვილი. ასეთ განყოფილებებში პროდუქტების ნედლი სახით შენახვისთვის შესაბამისი პირობებია. მათში მოთავსებული ბოსტნეული, ხილი, რძისა და ზღვის პროდუქტები არა მარტო სიქორფეს, არამედ ვიტამინებსა და მინერალებსაც ინარჩუნებს.

კარგად ორგანიზებული შიდა სივრცე

ძვირადღირებული მოწყობილობებს გამძლე თაროები და უჯრები აქვს, რომელთა დასამზადებლადაც ძირითადად ნაკაწრებისადმი მდგრადი პლასტმასა, გამაგრებული მინა, ქრომირებული ალუმინი და ნატურალური ხე გამოიყენება. საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია შიდა პალატის სივრცის ორგანიზებაც. საამისოდ პრემიუმ-კლასის მოდელები სხვადასხვა სიმაღლეზე რეგულირებადი თაროებით, მოძრავი უჯრებით, მრავალფეროვანი დამჭერებითა და სადგამებითაა აღჭურვილი.

დამატებითი კომფორტი

მაცივრის ყოველდღიური მუშაობის სრულყოფისთვის მწარმოებლები პრემიუმ-კლასის მოდელებს სხვა არაერთ სასარგებლო ფუნქციასაც სძენენ. ასეთებია:

  • სიგნალიზაციის სისტემა, რომელიც მოწყობილობის გაუმართაობის, ღიად დატოვებული კარის ან შიდა ტემპერატურის მატების შესახებ გატყობინებთ.
  • კარის სისტემა, რომელიც უსაფრთხო დაკეტვას უზრუნველყოფს.
  • ფილტრაციის ტექნოლოგია, რომელიც შიდა სივრცეში უსიამოვნო სუნის გავრცელებას გამორიცხავს.
  • ჩამონტაჟებული განათება, რომელიც მაცივრის შიდა სივრცის უკეთ აღქმაში გეხმარებათ.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ბუნებასთან მჭიდრო კავშირით შექმნილი სახლი იაპონიაში

ბავშვობაში აღმოჩენილი საყვარელი პროფესია – ინტერვიუ მეგი დევაძესთან