დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელმაც ხეზე მუშაობისადმი ბავშვური ინტერესი განავითარა, დახვეწა და დროსთან ბრძოლის საშუალებად აქცია. ზუკა ნემსაძემ ამ სულისკვეთებით დააარსა კომპანია „სუხე“, რომელიც ქართველ მომხმარებელს ნატურალური ხისგან დამზადებულ ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს. ბრენდი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვითარდება, გზის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გავლილია, მტკიცე საფუძველი ჩაყრილია, წინ კი დროის დამარცხების მიზანია მისაღწევი.
„სუხეს“ იდეის რეალობად გარდაქმნის, ბრენდის სახელწოდების შექმნისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად დამფუძნებელს ვესაუბრეთ.
როგორ გაჩნდა და განვითარდა ბიზნესის იდეა?
ხეზე მუშაობისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. გარკვეულ ეტაპზე კი საშუალება მომეცა, თუნდაც მოყვარულის დონეზე, მაგრამ მაინც შემექმნა ნივთები. შემდეგ უკვე ამ საქმიანობას პროფესიულად მივუდექი — დღეს შეკვეთებს ვიღებ და საკუთარი ბიზნესი მაქვს. შეიძლება ითქვას, იდეა ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, თავისთავად გაჩნდა. კერძო სახლში ვცხოვრობ, რომლის ეზოშიც პატარა სახელოსნო მოვაწყვე და იქ ვმუშაობდი. უკვე ნახევარი წელია, რაც „სუხე“ გაფართოვდა: ჩემი მეგობრის დიდ სახელოსნოს მე და მისი გუნდი ერთად ვიყენებთ.
განვითარებაში გამოცდილი დურგლები დამეხმარნენ, რომელთა შეგირდიც ვიყავი. მათ მუშაობაზე დაკვირვებამ და ღირებულმა რჩევებმა საჭირო პრაქტიკული გამოცდილება მომცა და ხელობის საფუძვლები შემასწავლა. ხეზე მუშაობას საკმაოდ დიდი საფრთხეები ახლავს, რომელთა გამო მეც არაერთხელ დავზიანებულვარ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჯეროვანი გამოცდილების მიღება და სამუშაო წესების ცოდნა. ნებისმიერი მსურველი ამ დანადგარების გამოყენებას ვერ შეძლებს: როდესაც უზარმაზარ მბრუნავ დანასთან სულ რაღაც ორი სანტიმეტრი გაშორებს, ერთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
მოგვიყევით, როგორ შეიქმნა ბრენდის სახელწოდება.
არ მინდოდა ინგლისურის ან სხვა რომელიმე უცხო ენის ლექსიკის გამოყენება — რატომ უნდა მოვიქცე ასე, როდესაც ჩვენი ენა ასეთი მდიდარია? სახელწოდება საქმემ მიკარნახა, რადგან ყველაფერი, რასაც ვამზადებ, მთლიანად ხისგან შედგება. ხშირად დამკვეთებიც მეკითხებოდნენ: „ეს სულ ხეა?“ როდესაც სიტყვებს შორის ეს კავშირი „დავიჭირე“, სახელწოდებაც თავისთავად გაჩნდა.
რა იყო ხელშემწყობი და პირიქით, ხელშემშლელი ფაქტორები კომპანიის განვითარების საწყის ეტაპზე?
დამაბრკოლებელი გარემოება იყო ის, რომ პატარა სახელოსნო გვქონდა, რომელიც თანამედროვე დანადგარებით არ იყო აღჭურვილი, შესაბამისი სახელოსნოს მოწყობა კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ხელშემწყობ ფაქტორებად, უპირველესად, საქმის მიმართ ჩემს სიყვარულსა და იმ უნარებს მივიჩნევ, რომლებიც მუშაობისას აღმომაჩნდა. ვფიქრობ, ხეზე მუშობა რთულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც სიყვარული არ ამოძრავებს.
როგორია თქვენი შემოქმედებითი ფილოსოფია?
ხეზე მუშაობისადმი სიმპათიის გარდა, ის, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის დროსთან ბრძოლის საშუალებაა — მინდა, ჩემმა ნამუშევარმა ჩემზე გაცილებით დიდხანს იარსებოს. ამგვარი ფიქრი ერთი უძველესი კარადის ყურებისას დამებადა, რომელიც ჩვენს სახლს განსაკუთრებულ მშვენიერებას სძენდა. იმ მომენტში ღრმა მადლიერება ვიგრძენი იმ უცნობი ადამიანის მიმართ, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ შექმნა რაღაც, რამაც დროს გაუძლო და ჩემამდე მოაღწია.
რა მასალით მუშაობთ და რა ტიპის პროდუქციას აწარმოებთ?
ვიყენებ ძვირფას, ნატურალურ, მასიურ ხეს, რომელსაც ქიმიურად არასდროს ვამუშავებ, რადგან ეს მასალის შეურაცხყოფად მიმაჩნია. ხის დამუშავებისას ჩემი ატრიბუტები ზეთი და ცვილია.
„სუხე“ მომხმარებელს ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს, დაწყებული კარადებიდან, ტელევიზორის კონსოლებამდე. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალური შეკვეთით, ისე საკუთარი სურვილიდან გამომდინარე. ეს უკანასკნელი ჩემთვის პრიორიტეტია. შეკვეთით მუშაობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ამ დროს დამკვეთთან მუდმივი ურთიერთობა გიწევს, რათა თითოეული დეტალი მის სურვილსა და საჭიროებას მოარგო.
ზოგადად, ვცდილობ, ის დიზაინი, რომელიც ერთხელ იქმნება, აღარ განმეორდეს — ყოველთვის ახლისა და განსხვავებულისკენ ვისწრაფვი. შეიძლება ითქვას, ამ მიზანს ვასრულებ კიდეც: დღემდე იდენტური დიზაინი არასოდეს შემიქმნია.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის „სუხე“ უნიკალური?
მიმაჩნია, რომ ყველაფერი ის, რაც ინდივიდუალური ხედვით იქმნება, თავისთავად უნიკალურია. „სუხეს“ განმასხვავებელი მთავარი ნიშანიც, ალბათ, ეს არის. ჩემი მიზანია, შევქმნა საკუთარი ხედვით და არა – სხვების მიბაძვით. რა თქმა უნდა, კოლეგების შრომას დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, მათ არასოდეს ვეჯიბრები, რადგან, ვფიქრობ, იმდენად კეთილშობილურ და მადლიან საქმეს ვაკეთებთ, რომ ასეთი დამოკიდებულება სრულიად შეუფერებელია.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის