კრწანისში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის პროექტზე, ელენე პაპიაშვილისა და ლიზა ხუნდაძის ხელმძღვანელობით, ინტერიერის დიზაინის სტუდია „WOM “-მა იმუშავა. ბინის საერთო ფართობი 175 მ2-ია. დამკვეთს სურდა, ბინა მყუდრო და მცხოვრებთა ხასიათზე მორგებული ყოფილიყო. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ სივრცე, უხვი ბუნებრივი განათების წყალობით, ნათელი გამოსულიყო. ბინას უნდა ჰქონოდა სამი საძინებელი ინდივიდუალური სველი წერტილებით. ამასთანავე, სამზარეულო და სასტუმრო ოთახი ისე უნდა გამიჯნულიყო, რომ ერთმანეთთან კავშირი არ დაეკარგა.
დასახული მიზნის მისაღწევად, უპირველესად, დიზაინერებმა სივრცე ფუნქციების მიხედვით დაყვეს, რათა ოჯახის თითოეულ წევრს დამოუკიდებელი, სრულყოფილი კუთხე ჰქონოდა.
საპროექტო სამუშაოების შედეგად, ბინაში განთავსდა სამი საძინებელი ინდივიდუალური სველი წერტილებით, რომელთაგან ერთ-ერთს ტერასაც აქვს. სივრცეში გათვალისწინებულია სტუმრებისთვის განკუთვნილი ერთი სველი წერტილი. სასტუმრო ოთახი და სამზარეულო ერთმანეთისგან მოძრავი ტიხრითაა გამიჯნული, რაც სივრცის მარტივად გარდაქმნის საშუალებას იძლევა. სასტუმროსა და სამზარეულოს საერთო ტერასაც აქვს. ბინაში განლაგებულია დამატებითი ზონები – საგარდერობო და ტექნიკური ოთახები.
გაერთიანებული მისაღები და სასადილო თბილ ტონებშია გადაწყვეტილი. იატაკზე, ჭერსა და კედლებზე არსებული ბეტონი ხის დეტალებით და ავეჯსა და სანათებზე გამოყენებული თეთრი აქცენტებით არის დაბალანსებული. ტელევიზორის კუთხე, რომელიც ოჯახის წევრების თავშეყრის ადგილია, მყუდრო მოსასვენებელ სივრცეს ქმნის. ოთახში თვალშისაცემია კონტრასტული წითელი ფერი, რომელიც მაგიდებშია გამოყენებული.
სასტუმრო ოთახიდან მოძრავი ტიხრით სამზარეულო ზონაში გავდივართ, სადაც წამყვანია ხის მასალა. იგი ოთახის ხასიათს განსაზღვრავს. მრავალფეროვნებისა და ფერადოვნების მისაღწევად, სამზარეულოს ზედაპირი ცისფერი ფილებისგან დამზადდა. ფილები იატაკის დეკორს ჰარმონიულად ერწყმის. აქვეა მოთავსებული მინიმალისტური სტილის პატარა სასადილო კუთხე, რომლის ფანჯრიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.
სისადავე შენარჩუნებულია საძილე ზონაშიც, რომელშიც მშვიდი და სასიამოვნო გარემოა შექმნილი. განსაკუთრებული მიმზიდველობით ხასიათდება სარკესთან მდგარი ფერადი კონსოლი, რომელსაც ინტერიერში ორიგინალური აქცენტები შემოაქვს.
სააბაზანოები საუცხოო სტილით გამოირჩევა. მათში ვხვდებით თეთრ, მწვანე, შავ, ყვითელ და ნარინჯისფერ ტონალობებს, რომლებიც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.
პროექტის ავტორების აზრით, ბინის ხასიათს კედლის სხვადასხვა ტექსტურა – ბეტონი, ხის პანელები და თეთრად დაბურული მინის ვიტრაჟები განაპირობებს. მონოლითური ბეტონის კედლები და ჭერი ძირითადად სივრცეებში არსებული სახითაა შენარჩუნებული. გამორჩეულია დიზაინერების მიერ დაგეგმარებული ტიხრები, რომლებსაც მომრგვალებული კუთხეები აქვს და ხის პანელებით არის დაფარული.
ინტერიერში გამოყენებულია MDF-ის დაშპონილი პანელები, თეთრი დაბურული მინა, სარკეები, ავეჯის ძირითადი ნაწილი კი, სკამებისა და რბილი ავეჯის გამოკლებით, ადგილობრივ საწარმოებში, შეკვეთითაა დამზადებული.
„WOM“-ის მიერ დაპროექტებული ბინის თითოეული ზონა ინდივიდუალიზმით გამოირჩევა და სახასიათო განწყობას ქმნის. მყუდრო და სასიამოვნო გარემო მაცხოვრებლების სურვილებს სრულად აკმაყოფილებს.
პროექტის ავტორები: ელენე პაპიაშვილი, ლიზა ხუნდაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: „WOM“
გამოყენებული მასალა:
იატაკის საფარი: „luxor“
აბაზანის ფილები: „VitrA“
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის