in

ლამინირებული იატაკი – ოპტიმალური სისქე, კლასი და ფასები ქართულ ბაზარზე

მნიშვნელოვანია, რემონტის პროცესში იატაკი სწორად შეარჩიოთ, რადგან მის გარეშე ფუნქციურ, მყუდრო და სრულფასოვან სივრცეს ვერ მიიღებთ.

თანამედროვე ბაზარი იატაკის საფარის არაერთ სახეობას გთავაზობთ. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი ლამინირებული იატაკია, რადგან მოსახერხებელი და, ამავე დროს, დაბალფასიანი პროდუქტია. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ლამინატის მასალაც განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად, იმისათვის, რომ  საფარი ინტერიერს ზუსტად მოარგოთ და პროდუქტმა დიდხანს და ხანგრძლივად გაძლოს, მასალა სწორად უნდა შეარჩიოთ.

იატაკის საფარისა და ტექნიკის შოურუმში „გერმანული სახლი“ გვეუბნებიან, რომ ლამინირებული იატაკი ერთმანეთისგან სისქისა და კლასის მიხედვით განსხვავდება. სწორედ ამ კომპონენტების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს შესაბამისი პროდუქტი.

„არსებობს 8 მმ., 10 მმ., 12 მმ. სისქისა და 31, 32, 33 კლასის ლამინატები. ჩვენს შოურუმში თითოეული მათგანი სერტიფიცირებულია და წარმოებულია მხოლოდ გერმანიასა და საფრანგეთში. მასალა ეკოლოგიურად სუფთაა, 95% ხეს შეიცავს და ნესტგამძლეობით ხასიათდება“ , – აღნიშნავენ კომპანიაში.

ლამინირებული იატაკის სისქე ხმის იზოლაციის დონესა და მასალის სიმყარეზე მიუთითებს. მაგალითად, სქელ ლამინირებულ იატაკზე სიარულისას ხმაური ნაკლებია,ზედაპირი კი კარგად უძლებს მძიმე ობიექტის დავარდნას. ამასთან, საფარი მარტივი დასაგებია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სისქე გარანტირებულ ხარისხს არ ნიშნავს. ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, რომ მთავარი ხარისხიანი დაფარვა და დაპრესვის კოეფიციენტია, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დაბალფასიანი თხელი ლამინატიც ხარისხიანი იყოს.

რაც მეტია დაპრესვის კოეფიციენტი, ლამინატი მით უფრო ხარისხიანია. დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი 62-დან  86-მდე მერყეობს. დაპრესვის კოეფიციენტის ნახვა მომხმარებელს პროდუქტის ტექნიკურ მონაცემებში შეუძლია.

კომპანიაში სისქეების მახასიათებლებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საცხოვრებელი სახლისთვის ყველაზე ხელსაყრელია 10 მმ. სისქის ლამინატის გამოყენება.

მომხმარებელს ვურჩევთ, 8 მმ-ზე ნაკლები სისქის ლამინატი არ გამოიყენოს, რადგან ნაკლებად გამძლეა და სიარულის დროს უსიამოვნო ხმას გამოსცემს. საცხოვრებელი სახლისთვის უმჯობესია, 10 მმ. სისქის ლამინატი შეიძინოთ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, პროდუქტის შერჩევისას სივრცეში ფილების/გრანიტის არსებობაც გაითვალისწინოთ, რათა დაგების დროს საფარის სიმაღლეები ერთმანეთს არ ასცდეს და სწორი, თანაბარი ზედაპირი მიიღოთ“.

„გერმანულ სახლში“ აცხადებენ, რომ კლასი მაჩვენებელია, რომელიც ლამინატის გამძლეობას განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია კლასი, მასალა მით უფრო გამძლეა. მაგალითად, ისეთ არცთუ ისე დატვირთულ სივრცეში, როგორიც საძინებელია, 31 კლასის ლამინატის დაგებაა რეკომენდებული; 32 კლასი შედარებით მაღალი დატვირთვის მქონე ზონებისა და კომერციული ფართებისთვის გამოიყენება; 33-ს კი ძირითადად მაღალი დატვირთვის ადგილებში იყენებენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ ლამინატის  გამძლეობა დამოკიდებულია მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ გარანტიის პერიოდსა და მის სწორ მონტაჟზე.

შოურუმში წარმოდგენილი, გერმანიასა და საფრანგეთში წარმოებული ნესტგამძლე, ეკოლოგიურად სუფთა, ანტისტატიკური და ანტიბაქტერიული ლამინატის ფასი 1 მ2-ზე  25 ლარიდან იწყება (სისქე: 8 მმ.) და, სისქისა და კლასის მიხედვით, 95 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება მონტაჟის ფასს, მისი ღირებულება დამოკიდებულია დაგების წყობის სირთულეზე. ლამინირებულ იატაკს სწორი, ე. წ. ინგლისური და ფრანგული ტიპის ნაძვისებური წყობით აგებენ. სირთულის მიხედვით, მონტაჟის საშუალო ფასი 1 მ2-ზე 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

5 მიზეზი „Elica“-ს გამწოვის ასარჩევად

თეთრ პალიტრაში გადაწყვეტილი სკანდინავიური სტილის ბინა სხვენში