ინტერიერის დიზაინში მწვანე ფერი ხშირად გამოიყენება. უპირველესად იმიტომ, რომ ეს ტონი ბუნებასთან სიახლოვის განცდას აჩენს, რაც ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ამავე დროს, მწვანე ინტერიერს აცოცხლებს და მასში მრავალფეროვნება შემოაქვს. დღეს Homeis.ge-ს რჩეულ პროექტებს გაგაცნობთ, რომლებშიც მწვანე ფერი დომინირებს.
ბინა ფისტასფერი კედლებითა და მკვეთრი აქცენტებით ზემო ვაკეში
სალომე მეტრეველის ინტერიერი მწვანე ფერის სიჭარბით გამოირჩევა. ფისტასფერი კედლები ბინაში განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. ღია მწვანე ტონალობა სივრცეს აცოცხლებს, უფრო ნათელსა და სასიამოვნოს ხდის ინტერიერს და მასში სიმყუდროვე შემოაქვს. კედლების გარდა, აქცენტირებულ მწვანე გვხვდება ჭურჭელსა და დიზაინობიექტებზეც, ასევე – მცენარეების სახით. აღსანიშნავია, რომ მწვანე ჰარმონიულად ერწყმის ხის მასალას, რაც ბუნებასთან სიახლოვეს უსვამს ხაზს.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
ჰარმონიული ქაოსი მე-14 სართულზე
ხელოვან მუსია ქებურიას ინტერიერი მცენარეების სიუხვითა და მწვანე ფერის დომინანტურობით გამოირჩევა. მეპატრონემ ბინის დიზაინზე თავად იზრუნა და ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო. სახლის მფლობელის მხატვრობასთან სიახლოვე ბინის იერსახეზეც აისახა და ფერადი, მრავალფეროვანი ქაოსისა და ჰარმონიის საინტერესო სინთეზი შექმნა. თითქმის ყველა ზონაში, კედლებზე, ავეჯზე, დიზაინობიექტებზე, აქსესუარებსა თუ ნახატებზე, მწვანე ფერის განსხვავებული ტონალობებია გამოყენებული. მაგალითად, მისაღებში განთავსებული დიდი, კომფორტული, ღია მწვანე ტახტი იდეალურად ესადაგება მწვანე კედელს, რომელიც ნახატებითაა გაფორმებული; სამზარეულოს კედელს, რომელიც ამავე ტონალობის მუქი მწვანე ფილებითაა მოპირკეთებული, ჰარმონიულად ერწყმის სასადილოს მწვანე სკამები. საბოლოოდ, დომინანტური მწვანე ფერით საკმაოდ ორიგინალური ინტერიერი იქმნება.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
სიცოცხლით სავსე ინტერიერი შატბერაშვილის ქუჩაზე
ლიკა ევგენიძის სახლი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მწვანე ფერი ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივ გამწვანებაზე, რომელიც თითქმის ყველა ზონაში გვხვდება; თვალშისაცემია მისაღებში განთავსებული დიდი, ფუმფულა, ღია მწვანე დივანი, რომელიც მთავარ აქცენტს ქმნის და ოთახის ხასიათს განსაზღვრავს. განსხვავებული მწვანე ტონალობა გვხვდება სამზარეულოშიც, რომელიც ამ ზონას განსაკუთრებულად უხდება და ჰარმონიულად ერწყმის თეთრ და ყავისფერ ფერთა გამას.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
ბინა კარტოზიას ქუჩაზე
ბინა, რომელიც კარტოზიას ქუჩაზე მდებარეობს, ნინი რეხვიაშვილს ეკუთვნის. განსაკუთრებული ზონაა მცირე ზომის სამზარეულო, რომელიც დომინანტური მწვანე ფერითაა გაფორმებული. სამზარეულოს ავეჯზე ღია მწვანე ფერი იდეალურად მოჩანს, რაც ოთახს ნათელ, სასიამოვნო იერს სძენს. სამზარეულოს კუთხეში ვხვდებით განსხვავებული მწვანე ტონალობის სკამებსა და ფარდას. სამზარეულოს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული კარადა ასევე მწვანე ფერისაა, რაც ოთახის მთლიანობას უსვამს ხაზს. ჰარმონიულობის მისაღწევად, მწვანე ფერი გამოყენებულია კარებსა და შემოსასვლელში მდგარ სათავსოზეც.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
ბინა ჯიქიაზე
ახალგაზრდა წყვილის ბინაზე, რომელიც ჯიქიაზე მდებარეობს, ინტერიერის დიზაინერმა თამარა წითლიძემ იმუშავა. ინტერიერს მთავარ ხიბლს აქცენტირებული მწვანე ფერი სძენს, რომელიც სხვადასხვა ზონაში დეტალების სახით მეორდება. ოთახშორისი კარი ღია სალათისფრადაა შეღებილი, რაც სივრცეს აცოცხლებს და სასიამოვნო განწყობას ქმნის. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ყვავილის სალათისფერი ქოთანი, რომელიც სარკის დიზაინს ძალიან უხდება. საძინებლის ერთ-ერთი კედელი მთლიანად ღია მწვანე ფერითაა შეღებილი, რასაც ოთახში სიმშვიდე და ჰარმონიულობა შემოაქვს. მწვანე დეტალებს ვხვდებით აბაზანაშიც, სადაც მწვანე ფილები და სააბაზანოს კარი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
პატარა ბინა მინდელის ქუჩაზე
მომცრო ზომის მიუხედავად, მინდელის ქუჩაზე მდებარე ბინა საკმაოდ მოსახერხებელია, საინტერესო დიზაინი კი მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. მეპატრონემ თითოეულ დეტალზე დამოუკიდებლად იმუშავა და ყველა სირთულეს თავად გაუმკლავდა. ინტერიერში მოხვედრისთანავე მნახველს ბუნებასთან სიახლოვის განცდა უჩნდება, რაც სიმწვანის ხაზგასმით მიიღწევა. ბინაში ჭარბობს ბუნებრივი გამწვანება; ყურადღებას იქცევს აგურის კედელი, რომელიც მწვანედაა შეღებილი; თვალშისაცემია საბავშვო საძინებლის ერთ-ერთი კედლის შპალერიც, რომელიც მწვანე მცენარეებითაა მოხატული და ოთახის ხასიათს განსაზღვრავს. მეორე საძინებლის კედლები მუქ მწვანე ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელსაც ამავე ტონალობის ფერები ჰარმონიულად ერწყმის.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
მანსარდის ტიპის ბინა ჭავჭავაძის გამზირზე
ჭავჭავაძეზე მდებარე ეს გამორჩეული ბინა მნახველს ტროპიკულ სამყაროში ამოგზაურებს. ეს ეფექტი დომინანტური მწვანე ფერით მიიღწევა. მისაღებ ოთახს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ბუნებრივი გამწვანება ანიჭებს. საკმაოდ მოზრდილი, კომფორტული დივანიც მწვანე ფერისაა. მწვანე ფერი მეორდება სკამებსა და სხვადასხვა აქსესუარზეც, რაც, საბოლოოდ, ჰარმონიულ, მშვიდ გარემოს ქმნის.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
მონოქრომული სტილის ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე
პროექტი საკმაოდ საინტერესო, დახვეწილი და გემოვნებიანია. მასში მწვანე ფერი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მისაღებ ოთახში განთავსებული მწვანე ტახტი მყუდრო, კომფორტულ გარემოს ქმნის და სივრცეს საოცარ მომხიბვლელობას სძენს. მუქ მწვანე ტონალობაში გადაწყვეტილი ავეჯი იდეალურად ერწყმის ღია კედლისა და იატაკის ფერს და ინტერიერში კონტრასტული ელემენტები შემოაქვს. დივანს ეხმიანება სამზარეულო ზონაც, სადაც სამზარეულოს წინსაფარი მწვანე ფილებით არის მოპირკეთებული. ბინაში არსებული გამწვანება გარემოს აცოცხლებს, აქსესუარებზე, სააბაზანოსა და სარკეზე გამოყენებული მწვანე ფერი კი სახლს დახვეწილ იერს ჰმატებს.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
სხვადასხვა სტილის სინთეზით შექმნილი სახლი საგურამოში
ნანიკო ჯორბენაძის ინტერიერი, რომელიც ორიგინალურობითა და საინტერესო ვიზუალით გამოირჩევა, მეპატრონემ თავად შექმნა. დომინანტური მწვანე ფერი სახლის ხასიათს განსაზღვრავს და მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. შემოსასვლელში მდგარ მუქ მწვანე ტახტს ოთახში კლასიკური აქცენტები შემოაქვს. ამავე ტონალობაში გადაწყვეტილი სამზარეულო ინტერიერის გამორჩეული ნაწილია. დიზაინში უპირატესობა მუქ ტონებს ენიჭება, რაც სივრცეს სოლიდურ და ინდივიდუალურ იერს ანიჭებს.
იხილეთ პროექტი დეტალურად.
რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის