ინტერიერი სწორად შერჩეული ფერებით იქმნება, რომლებიც სახლის მთავარ ხასიათს განსაზღვრავს. ფერი სივრცეს იერსახეს უცვლის და მას უფრო მომხიბვლელად და საინტერესოდ აქცევს. გასათვალისწინებელია, რომ განათება ფერების განსხვავებულად აღქმას განაპირობებს. ესთეტიკური ფუნქციის გარდა, მას შეუძლია სივრცის მოცულობა გაზარდოს ან დააპატარაოს. ამის გამო, არც ისე ნათელი, მომცრო ოთახებისთვის ფერის შერჩევა საკმაოდ პრობლემური საკითხია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიზაინერის დახმარების გარეშე, თავად ზრუნავს ინტერიერზე. დღეს სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
დიზაინერი რუსა თუმანიშვილი გვირჩევს, მთავარი ყურადღება განათებას მივაქციოთ, რადგან ფერთა აღქმას სწორედ ის განსაზღვრავს: „ბუნებაში ფერი თავისთავად არ არსებობს, ის სხივის გარდატეხის შედეგად წარმოიქმნება, შესაბამისად, განათების გარეშე ვერ აღიქმება. თითოეული ფერი განსხვავებული განათების პირობებში სხვადასხვანაირად გამოიყურება. თუ სახლი შედარებით ბნელია, ის ფუნქციური ზონების შესაბამისად უნდა გავანათოთ. ამ დროს უმჯობესია, თბილი განათება გამოვიყენოთ, რომელსაც უფრო სასიამოვნო გარემოს შექმნა შეუძლია“.
ღია ფერების გამოყენება
რუსა გვიხსნის, რომ არცთუ ისე ნათელ ინტერიერში უპირატესობა ღია ტონალობებს უნდა მოვანიჭოთ, რადგან მუქი ფერი ოთახს კიდევ უფრო ჩააბნელებს და სივრცესაც დააპატარავებს. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ნებისმიერი ღია ტონის, მაგალითად, მწვანის ან ზეთისხილისფრის, ასევე, მონოქრომული დიზაინის შერჩევა. ეს ყველაფერი, განათებასთან ერთად, სივრცეს ვიზუალურადაც გაზრდის.
მუქი ფერის გამოყენება მხოლოდ აქცენტის სახით
დიზაინერის თქმით, ფერების შერჩევამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას ნიშნავს ძირითადი და მეორადი ფერები და ამის გათვალისწინებით შევარჩიოთ კონკრეტული ტონალობა. უმჯობესია, არცთუ ისე ნათელი, მომცრო სივრცეების მუქი ფერებით გაფორმებას მოვერიდოთ, თუმცა, აქცენტის სახით ისინი შეიძლება აქსესუარებზე, ავეჯზე, დიზაინობიექტებზე გამოვიყენოთ. მკვეთრ ტონებს, მაგალითად, წითელსა და აგურისფერს, ინტერიერში კონტრასტი და მრავალფეროვნება შემოაქვს, ამიტომ მათი მცირე დოზით გამოყენება დასაშვებია.
გეგმარება
თუ სახლი დაპროექტებული ჯერ არ არის, სივრცის გასაზრდელად კარგი გადაწყვეტილება იქნება ოთახის არასტანდარტული ფორმით დაგეგმარება. ოთხკუთხედისგან განსხვავებული ფორმა ოთახს ვიზუალურად ზრდის.
კატალოგის შერჩევა
დიზაინერი გვირჩევს, ნაკლებად განათებულ სივრცეში კონკრეტული ღია ტონის გრადაციები შევახამოთ.
„კატალოგიდან ავიღოთ ნებისმიერი ორი ან სამი ფერი (ღიადან მუქისკენ), მაგალითად, მწვანე, ლურჯი და ყვითელი. შევარჩიოთ თითოეულის მესამე ტონალობა. უმჯობესია, ტონები არ ავურიოთ და სამივე შემთხვევაში მესამე ნომერს მივანიჭოთ უპირატესობა, რათა სივრცე უფრო ჰარმონიული გამოვიდეს. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ ერთი ფერის რამდენიმე გრადაციას შევაზავებთ. მაგალითად, მე-2, მე-3 და მე-4 ტონების სინთეზი იდეალურ ეფექტს იძლევა“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.
როგორც რუსა ამბობს, შავ ფერს ინტერიერში არასოდეს იყენებს, რადგან დამთრგუნველად მიაჩნია, თუმცა, მის სხვადასხვა ტონს, ასევე მუქ ნაცრისფერს, მის პროექტებში ხშირად შეხვდებით. დიზაინერის თქმით, სუფთა თეთრის გამოყენება მაინცდამაინც სასურველი არ არის, რადგან შედარებით მელანქოლიური და ნაკლებად საინტერესო ფერია. უმჯობესია, საძინებელში წყლის ფერების გამოყენებას მოვერიდოთ და უპირატესობა ცოცხალ, ნეიტრალურ ტონებს მივანიჭოთ.
როგორ შევარჩიოთ სწორი ელფერი?
ამ კითხვით ჩვენ „კაპაროლს“ მივმართეთ. კომპანიის წარმომადგენელი გვირჩევს, ნაკლებად განათებულ ადგილებში ღია ფერები გამოვიყენოთ, რათა სივრცე ვიზუალურად არ დაპატარავდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა განათების პირობებში თითოეული ფერი განსხვავებულად აღიქმება, ამიტომ „კაპაროლის“ შოურუმში შეგიძლიათ, ისინი სპეციალური აპარატის საშუალებით მოსინჯოთ, რომელშიც ოთხი სხვადასხვა ტიპის ნათურაა განთავსებული და სასურველი ფერი მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ.
კომპანიაში გვირჩევენ, მხოლოდ კატალოგის ფერების მიხედვით არ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან, შესაძლოა, კონკრეტული ფერი კედელზე განსხვავებულად გამოჩნდეს, მით უმეტეს, სხვადასხვა განათების პირობებში. ამიტომ, აჯობებს, თავდაპირველად მცირე მონაკვეთი სასურველი ფერით შეღებოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.
„კაპაროლში“ არცთუ ისე განათებული სივრცეებისთვის შესაფერის რამდენიმე ტონს გვირჩევენ: „შედარებით ბნელი სივრცეებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ ღია ფერის ტონალობები, მაგალითად, Mocca 16, რომელიც ღია ვარდისფერი ტონია. მასზე ღიაა Mocca 18, რომელიც ინტერიერში სინათლეს შეიტანს; განწყობის შესაქმნელად კარგი იქნება ღია ნარინჯისფერი Havanna 18-ის გამოყენებაც. Graphit 16 და Graphit 18 ღია ნაცრისფერი ტონალობებია, რომლებიც ღია კრემისფერ Muskat 18-თან სინთეზით სასიამოვნო გარემოს შექმნის“.
ვფიქრობთ, მოცემული რჩევები არცთუ ისე განათებული სივრცეების სწორად მოწყობასა და დადებითი გარემოს შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ.