in

შუშის ტიხარი – მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ფასები

თანამედროვე დიზაინში შუშის ტიხარს დიდი უპირატესობა ენიჭება და აქტიურადაც გამოიყენება. იგი საკმაოდ მოსახერხებელი და პრაქტიკული ელემენტია, რომელიც სივრცეებს მიჯნავს და გაერთიანებული ოთახის ზონებს ერთმანეთისგან გამოყოფს. გარდა ამისა, ტიხარი ვიზუალურად ზრდის სივრცეს და ბუნებრივი განათების დამატებით წყაროსაც ქმნის, რადგან შუშა სინათლის კარგი გამტარია.

ინტერიერში შუშის ტიხრის გამოყენებას არაერთი უპირატესობა აქვს:

მარტივად ყოფს სივრცეებს ფუნქციის შესაბამისად – შუშის ტიხარს ხშირად იყენებენ გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოში, როდესაც ორი ფუნქციურად განსხვავებული ზონის ერთმანეთისგან გამოყოფა სივრცის ერთიანობის დაურღვევლად სურთ. ამ შემთხვევაში შუშის ტიხარი მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა – იგი ზონებსაც მიჯნავს და სახლს ესთეტიკურადაც ამდიდრებს.

კარგი საშუალებაა ხმაურის შესამცირებლად – შუშის ტიხრის დახმარებით შეგიძლიათ, ხმაური მნიშვნელოვნად შეამციროთ, განსაკუთრებით, სტუმრიანობის დროს. თუ თქვენს ღია, გაერთიანებული სივრცეში მუდმივად ხალხმრავლობაა, რის გამოც ხმაური გაწუხებთ, ტიხარი თქვენს პრობლემას საგრძნობლად შეამსუბუქებს.

ინტერიერს უფრო მიმზიდველსა და მდიდრულს ხდის – ტიხარი იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ ინტერიერი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ. გარდა ამისა, მისი დახმარებით, ოთახს ბუნებრივი სინათლით აავსებთ.

შუშის ტიხრის მახასიათებლები და ღირებულება:

მინის ტიხრის ღირებულებისა და მონტაჟის სპეციფიკის გასარკვევად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ვიტრაჟული ტიხრების მწარმოებელ კომპანია „Loft Design“-ს მივაკითხეთ. მისი დირექტორი, შალვა იახტნიშვილი, გვიხსნის, რომ არსებობს ვიტრაჟული ტიხრის ორი სახეობა – ფოლადისა და ალუმინის კონსტრუქციით. ალუმინის ფირფიტები შედარებით დაბალი ხარისხისაა და მას ძირითადად ვიზუალური ეფექტის მისაღებად იყენებენ. მისგან განსხვავებით, ფოლადის მასალა სიმტკიცით გამოირჩევა და დაზიანების მიმართ მტკიცეა. გარდა იმისა, რომ რკინა ქარხნული გზით, თერმული მეთოდით მუშავდება და ხარისხიანია, ვიზუალურადაც ბევრად სჯობს ალუმინის კონსტრუქციას.

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ, ალუმინთან შედარებით, ფოლადის კონსტრუქციას მეტი წონა აქვს, რის გამოც საწარმოში მასალას შუშით მაქსიმალურად ამსუბუქებენ. ექსპერტის თქმით, შუშის შესაბამისი სისქე 4 მმ-ია. გამონაკლისის სახით, იყენებენ 6 მმ. სისქის მქონე მინასაც.
„გავრცელებულია აზრი, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო თხელია მინა, მით უფრო მსხვრევადი და დაბალხარისხიანია. ჩვენს კომპანიაში ასე ნამდვილად არ არის. მინა ინდივიდუალურად ჯდება თითოეულ დანაყოფში. მისი ერთი მხარე არ მუშავდება, გლუვია. ამგვარად ჩასმული მინა სრულიად უსაფრთხოა და არაერთი უპირატესობაც აქვს“, – გვიხსნის შალვა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ინდივიდუალურად დამონტაჟებული მინა ამსუბუქებს კონსტრუქციის წონას და დაზიანების შემთხვევაში, ძირს არ ვარდება. იგი საგანგებო წებოთია დამუშავებული. ზიანდება მინის მხოლოდ ნაწილი და არა – მთელი კონსტრუქცია, რის გამოც მისი შეცვლა მარტივი და იაფია.

Loft Design“-ში მომხმარებელს ურჩევენ, ფოლადისგან დამზადებული ტიხრები მხოლოდ ინტერიერში გამოიყენონ. ექსტერიერში მონტაჟისას ვიტრაჟზე კონდენსატი ჩნდება, რადგან რკინას არ აქვს სითბოს დამჭერი შიდა კამერები. გარეთ – ცივი, სივრცეში კი თბილი ტემპერატურის არსებობა კონდენსატის წარმოქმნას უწყობს ხელს, რაც, საბოლოოდ, პრობლემებს ქმნის.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, მონტაჟისას მნიშვნელოვანია, დამკვეთმა წინასწარ შეისწავლოს გაყვანილობის სისტემა იატაკსა და კედელში, რათა მონტაჟისას არ დააზიანოს. ნახვრეტი არ უნდა გაკეთდეს დაახლოებით 20 სმ. რადიუსზე. ასევე, თუ კედლები და კარი თაბაშირმუყაოთია დამუშავებული, აუცილებელია, შუშის ტიხრის დამონტაჟებამდე წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია.

ფოლადის კონსტრუქციის ტიხარი გამოსაღები კარით 380 ლარი ღირს, გასაგორებელი კარით კი – 420 ლარი 1 კვ.მ.-ზე. ფასი დამოკიდებული არ არის დანაყოფების რაოდენობაზე, დიდი დანაყოფების შემთხვევაში ნაწრთობი მინა გამოიყენება, რაც ხარჯებს აბალანსებს, პატარა დანაყოფების შემთხვევაში კი – სტანდარტული, უწრთობი, თუმცა მდგრადი მინა. თუმცა საბოლოო ფასი განისაზღვრება მინის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც ცვალებადია –  არსებობს 20, 30, 100, 150 ლარიანი მინის ფირფიტები, რაც ტიხრის ღირებულებას ზრდის. თბილისის მასშტაბით მომსახურებისას მასალის ღირებულებაში მონტაჟის ფასიც შედის, ქალაქგარეთ კი ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება.

გარეკანის ფოტო: ოთო გორდელაძე 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მშვიდი სკანდინავიური სტუდიოს ტიპის ბინა შვედეთში

ინდივიდუალური ხასიათით შექმნილი საოფისე ფართი ნუცუბიძის ქუჩაზე – სტუდია „SAMI_“-ის ნამუშევარი