თანამედროვე სველი წერტილები სანტექნიკითა და მრავალი კომუნიკაციითაა აღჭურვილი. მილები და ღია მრიცხველები არც ისე მიმზიდველად გამოიყურება, ამიტომ ბევრი ადამიანი მათ კედელში მალავს. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საინსპექციო ლუქების დაყენება. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
რისთვის გვჭირდება საინსპექციო ლუქი?
სააბაზანოში თავმოყრილია კანალიზაციისა და წყლის მილები, ასევე, გაყვანილობა ელექტრომოწყობილობებისთვის კვების წყაროს უზრუნველსაყოფად. ინტერიერი რომ არ დაუშნოვდეს, სასურველია, ისინი დაილუქოს. ამისათვის კომუნიკაციებს კედელსა და იატაკში მალავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დაფარული მილები დროდადრო უნდა შემოწმდეს. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციის დროს აუცილებელია, ისინი მარტივად ხელმისაწვდომი იყოს. საამისოდ იყენებენ საინსპექციო ნიშნებს, რომლებსაც ლუქებით ნიღბავენ. მათი უმეტესობის დიზაინი მოპირკეთებასთანაა შერწყმული. ეს შეიძლება იყოს ფილები, პანელები, შეღებილი თაბაშირმუყაო და ა. შ. ასეთ მოდელებს უხილავი ლუქები ეწოდება. ამავე მიზნით შეგიძლიათ ფარული კარადაც დაამონტაჟოთ, რომელშიც სარეცხ საშუალებებსა და სხვა ნივთებსაც შეინახავთ.
პროდუქტის მახასიათებლები
ლუქის დიზაინი მის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ის შეიძლება განთავსდეს იატაკზე, კედელზე ან ჭერზე. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც წესი, იგი ჩარჩოსა და კარისგან შედგება. ჩარჩო ღიობში ჯდება, რის შემდეგაც კარი მონტაჟდება. ჩარჩო შეიძლება ფიქსირებული ან რეგულირებადი იყოს. პირველ შემთხვევაში მის პარამეტრებს ვერ შეცვლით, ამიტომ უნდა შეარჩიოთ ზუსტად ის ზომა, რომელიც ღიობს დაფარავს. რეგულირებადი ჩარჩოების სასურველ ზომაზე მორგება შესაძლებელია. არსებობს მოდელები ჩარჩოს გარეშეც — ისინი მაგნიტური ფირფიტების გამოყენებით მონტაჟდება, დანარჩენი ნაწილები კი წებოთი ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არც ისე მოსახერხებელი ვარიანტია.
საინსპექციო ლუქების ტიპები
გამოსაღები. ასეთ შემთხვევაში კარი ანჯამების დახმარებით იღება. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ერთი, ასევე, ორი კარი. უკანასკნელი ვარიანტი დიდი ღიობებისთვის გამოიყენება.
გასასრიალებელი. ამ შემთხვევაში კარი ჯერ წინ იწევა, შემდეგ კი გვერდით გადადის. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მექანიზმის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც კარის გადასაადგილებლად საკმარისი სივრცეა. თუმცა, როგორც წესი, გამოსაღები სისტემის მონტაჟისთვის მეტი თავისუფალი ადგილია საჭირო, რის გამოც მცირე სივრცის პირობებში გასასრიალებელი მექანიზმი უფრო ხშირად გამოიყენება. დახურვისთვის, შესაძლოა, მაგნიტები ან გორგოლაჭიანი საკეტები გამოიყენოთ.
მოსახსნელი. ამ სისტემას არ გააჩნია გაღების მექანიზმი და ანჯამები. ლუქის საფარი ჩარჩოს ეყრდნობა. ასეთი გადაწყვეტა ყველაზე ხშირად იატაკისთვის გამოიყენება, თუმცა მისი კედელზე დამონტაჟებაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, როგორ დამაგრდება ლუქი ჩარჩოზე — ეს შეიძლება გაკეთდეს ხრახნების ან მაგნიტების საშუალებით.
განსხვავებები მონტაჟის მეთოდის მიხედვით
ღია. ეს არის ლუქი ლითონის ან პლასტმასის კარით. ამ მოდელებისთვის ყველაზე ხშირად გამოსაღები მექანიზმი გამოიყენება. ასეთი ლუქები ძალიან შესამჩნევია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, მათი კედლის ფერში შეღებვა ან შპალერით დაფარვაა. თუმცა ეს ხერხი პრობლემას ბოლომდე ვერ აგვარებს, რადგან ლუქი ნებისმიერ შემთხვევაში გამოჩნდება.
დაფარული. ამ შემთხვევაში ლუქი მოპირკეთებას ერწყმის. მისი უხილავი კარი იმგვარად მონტაჟდება, რომ კედლისთვის გამოყენებული მოსაპირკეთებელი მასალით დაიფაროს. ჩარჩოსა და კარს შორის არსებული ცარიელი სივრცე მინიმალურია, ამიტომ ლუქი სრულიად უხილავია.
სხვადასხვა მასალა
პლასტმასა. იგი ყველაზე ეკომონიმურია. მასალა ტენიანობისადმი მდგრადი და საკმარისად ძლიერია, ამასთან, არ კოროზირდება. მისი სუსტი მხარეა ნაკლები საიმედოობა მძიმე მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენებისას. მაგალითად, პლასტმასის ზედაპირის ფილებით დაფარვა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა თაბაშირმუყაოსთვის ეს სავსებით მისაღებია. გარდა ამისა, შესაძლოა, ღია მონტაჟის გამოყენებისას თეთრი ზედაპირი დროთა განმავლობაში გაყვითლდეს.
ლითონი. ეს მასალა პლასტმასაზე ბევრად გამძლეა. ფოლადი უძლებს მძიმე დატვირთვას, არ დეფორმირდება და დიდხანს მოგემსახურებათ. იგი ტენიანობის მიმართ მდგრადი არ არის, ამიტომ მისი ზედაპირი ანტიკოროზიული საშუალებით მუშავდება. თუმცა, ზოგჯერ ამის გაკეთება საერთოდ არ არის საჭირო. ალუმინის მოდელების ნესტიან ოთახებში დამონტაჟება სრულიად უსაფრთხოა.
როგორ შევარჩიოთ ფილების ქვეშ მოთავსებული ლუქის ზომები?
უპირველესად, უნდა განსაზღვროთ ღიობის ზომა. ის უნდა იძლეოდეს მილების ან მრიცხველების არა მხოლოდ შემოწმების, არამედ მათი შეკეთებისა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოცვლის შესაძლებლობასაც. სხვადასხვა ტიპის ლუქებისთვის ზომების შერჩევის მეთოდი ძირითადად მსგავსია, თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.
მოსახსნელი მოდელი
- გაზომეთ ღიობის გვერდები.
- განსაზღვრეთ მოპირკეთების განლაგება. დათვალეთ ფილების რაოდენობა, რომლებიც ღიობის დასაფარად იქნება საჭირო.
- გამოთვალეთ კარის მინიმალური ზომები. ამ შემთხვევაში საფარი ჩარჩოს მინიმუმ 2 მმ-ით შეიძლება გასცდეს.
- განსაზღვრეთ ფილების მაქსიმალური ზომები. ამ შემთხვევაში მოპირკეთება ჩარჩოს მაქსიმუმ 50 მმ-ით შეიძლება გასცდეს.
- შედეგების გათვალისწინებით შეარჩიეთ სასურველი მოდელი.
მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ ლუქის მდებარეობა და ყურადღება გაამახვილოთ მოპირკეთების განლაგებასა და ფილებს შორის არსებული გადაბმების სიგანეზე. ამის გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა, ფილების გაჭრა მოგიწიოთ, რაც არც ისე სასურველია.
გამოსაღები ან გასასრიალებელი მოდელი
- გაზომეთ ღიობი.
- განსაზღვრეთ მოპირკეთების განლაგება და ზომები.
- გამოთვალეთ ღიობის დასაფარად საჭირო ფილების რაოდენობა.
- გამოთვალეთ კარის მინიმალური ზომა. საფარი ჩარჩოს მაქსიმუმ 5 მმ-ით შეიძლება გასცდეს.
- განსაზღვრეთ ფილების მაქსიმალური ზომა. ანჯამების მხრიდან ფილა შეიძლება ჩარჩოს მაქსიმუმ 50 მმ-ით გასცდეს. ანჯამების მოპირდაპირე მხარეს ეს შეიძლება სიგანის ან სიმაღლის მესამედს (მაქსიმუმ 70 მმ-ს) შეადგენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსპლუატაციის დროს პროდუქტის დაზიანების რისკი იზრდება.
საინსპექციო ლუქი, საკეტით ან მის გარეშე, ნებისმიერი სააბაზანოსთვის აუცილებელი ელემენტია. იგი გეხმარებათ, დაფაროთ მრიცხველები და მილები ან მოაწყოთ ისეთი სათავსო, რომელიც ოთახის დიზაინის მთლიანობას არ დაარღვევს.