in

ველური ბუნებით შთაგონებული ბინა ლისის მიმდებარედ – ელიზაბეტ ლეფსის ინტერიერი

დღეს Homeis.ge კიდევ ერთ საინტერესო სახლს გაგაცნობთ, რომელიც ელიზაბეტ ლეფსს ეკუთვნის. პროფესიით ფსიქოლოგმა პანდემიის დროს სოციალურ ქსელებში ფსიქოლოგიური შინაარსის ვიდეოების გაზიარება დაიწყო. იმავე პერიოდში მისმა საქმრომ, ლევანმა, რომელიც პროფესიით los დეველოპერია, აპლიკაცია შექმნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ აპლიკაციის პოპულარობა გაიზარდა და პლატფორმას არაერთი კომპანია დაუკავშირდა რეკლამის განსათავსებლად. მას შემდეგ გვერდი ჩვენი რესპონდენტისთვის უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა.

ლიზიმ სამაგისტრო საფეხურზე სწავლა მალევე შეწყვიტა, რადგან საქმიანობა, რომელიც აბედნიერებდა და შემოსავლის წყაროდაც ექცა, დიდ დროს მოითხოვდა. ელიზაბეტ ლეფსის გვერდიც ამის შემდეგ უფრო მრავალფეროვანი გახდა და ჩვენი რესპონდენტიც სხვადასხვა სფეროთი დაინტერესდა, მათ შორის სახლის რემონტი და დიზაინიც აღმოჩნდა.

ბინის მფლობელებს არანაირი ცოდნა არ ჰქონდათ ინტერიერის დიზაინის შესახებ, მხოლოდ ხედვა და ინტერესები აერთიანებდათ.

„ის, რამაც რეალურად დაგვაკავშირა, კუნძულებზე, ტროპიკებსა და ველურ გარემოში მოგზაურობა იყო. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენი სახლი ველური ბუნების სტილში მოგვეწყო. ასეთი გარემო ყოველთვის გვახსენებს ჩვენი ბედნიერების უმთავრეს მიზეზს – მოგზაურობას, სიახლეს და ბუნებასთან სიახლოვეს“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

2021 წელს შეძენილი ბინის ფართობი 77,6 მ2-ია და ის ლისთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. აქ მუდმივად ჩიტების ხმა ისმის და სუფთა ჰაერია. როგორც წყვილი ამბობს, ეს ზუსტად ისეთი ადგილია, როგორზეც ოცნებობდნენ – მშვიდი, ქალაქის ხმაურს მოშორებული, მყუდრო და სასიამოვნო.

მესაკუთრეებმა ბინა მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაიბარეს და სარემონტო სამუშაოს მთელ სირთულეებთან გამკლავებამ თავად მოუწიათ.

„გვსურდა, სარემონტო სამუშაოში თავიდან ბოლომდე მიგვეღო მონაწილეობა, სამშენებლო მასალის მოძიებიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინის შემუშავებით დასრულებული. ამ სახლში ჩვენ უნდა გვეცხოვრა და გვინდოდა, თავი მშვიდად და კომფორტულად გვეგრძნო. ცხადია, სხვა ადამიანების რჩევებიც გავითვალისწინეთ. ამ პერიოდში უამრავი რამ ვისწავლეთ, საუკეთესოს ძიებაში არაერთი ხელოსანი გამოვცადეთ, არც ხარისხიანი მასალის მოპოვება აღმოჩნდა იოლი. ზაფხულის ცხელ დღეებში ორივე დავდიოდით მასალის შესარჩევად, პარალელურად კი ამ სფეროს ვეცნობოდით“, – იხსენებს ლიზი.

დიზაინის შექმნის პროცესში პროფესიონალის დახმარება არ დასჭირვებიათ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ლევანი დეველოპერია და ერთი წლით ადრე ინტერიერის დიზაინის სპეციალური პროგრამები შეისწავლა. მათი საშუალებით და ინტერნეტის დახმარებით წყვილმა სხვადასხვა დიზაინი შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ მათი იდეების განხორციელებას ზოგიერთი ხელოსანი შეუძლებლად მიიჩნევდა, ლევანი და ლიზი გამოწვევებს არ შეუშინდნენ და ყველაფერი თავიანთი სურვილისამებრ მოაწყვეს.

ინტერიერი კრემისფერი კედლებით, ჭარბი სიმწვანითა და ოქროსფერი დეტალებით შეიქმნა. გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, გარემო თავდაპირველი ჩანაფიქრის მსგავსი გამოვიდა.

ხის ელემენტების სიუხვე ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის, გამწვანება კი მას კიდევ უფრო ამძაფრებს. მიმზიდველი ავეჯითა და ორიგინალური სანათებით სახლის გამორჩეული იერსახე იქმნება. მწვანე ფერის სამზარეულო ამ ფერის დომინანტურობას ხაზს უსვამს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოდნა, რომელიც წყვილმა რემონტის პროცესში მიიღო, სოციალურ ქსელში გააზიარა. გამომწერებისთვის ეს გამოცდილება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ის ნაწილი, რომელიც საქართველოში არარსებული მასალის შეძენასა და ჩამოტანას ეხებოდა.

ინტერიერში გვხვდება მეპატრონეების მიერ შექმნილი ნივთებიც. ეს არის ლევანის მიერ დამზადებული შემოსასვლელი სივრცის სარკე და თარო და წყვილის მიერ პასტელური ფერებით შესრულებული ნახატები, რომლებიც სავარძლის უკანა კედელს ამშვენებს.

ინტერიერის გამორჩეული დეტალია ხის მასალის გამოყენება ტიხრის ნაწილში. ამ იდეის ავტორებიც ლევანი და ლიზი არიან. ტიხრის ვერტიკალური თაროები ყველა მიმართულებით მოძრაობს. სამომავლოდ მათზე ტელევიზორი განთავსდება. ტიხრის იერსახე ლამინატის ფერს ესადაგება, აქვე არსებული მცენარეები კი ველური გარემოს შეგრძნებას ამძაფრებს.

ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს სკამები, რომლებიც თურქეთიდანაა ჩამოტანილი და სივრცეს საოცრად უხდება.

სააბაზანოს გამორჩეული ატრიბუტებია ნიჟარა, რომელიც საგანგებოდ წყვილის მიერ შემუშავებული დიზაინის შესაბამისად მოიხატა და ფილა, რომელიც ზონას ამშვენებს.

„თავდაპირველად მხოლოდ მწვანე ნიჟარას ვეძებდით, თუმცა, უშედეგოდ. მოგვიანებით შემთხვევით აღმოვაჩინეთ კერამიკის სახელოსნო „ებრა“, სადაც კერამიკაზე ნებისმიერი რამის დახატვაა შესაძლებელი. მაშინვე შევარჩიეთ დიზაინი, რომელიც ოკეანესთან იყო დაკავშირებული და ფერებიც მაქსიმალურად შევუსაბამეთ ფილას. შედეგად მივიღეთ ელემენტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და უცხო დეტალია ჩვენს სახლში“.

ინტერიერში ფარდების ნაცვლად ჟალუზებია გამოყენებული, რომლებიც ხის ფერს უახლოვდება. სამომავლოდ წყვილი მაცივრის ფერის შეცვლას, აივნების მეტად გამწვანებას და სხვა არაერთ ცვლილებას გეგმავს, რომლებიც მათ საოცნებო სახლს კიდევ უფრო მყუდროს გახდის.

პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ბინა ჰარმონიულ, მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნის, რომელიც მცხოვრებთა ყოველდღიურობას ბედნიერებით ავსებს. „ვფიქრობ, სახლის დიზაინი სრულყოფილად გამოხატავს ჩემი და ლევანის ცხოვრების სტილს და ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოაჩენს: თავისუფლებას, მოგზაურობის სიყვარულს, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას, პატივისცემას და ბუნებასთან სიახლოვეს“, – აღნიშნავს ლიზი.

სარემონტო სამუშაოები: „ბრიგად არტი“

სამზარეულოს ტექნიკა: „Electrolux“, „Samsung“

ფილები: „ჯაოკენი“

კედლის საღებავი: „კაპაროლი“ (ტონი – warmweiss)

ავეჯი: „ JYSK“, „ICR HOME“

სამზარეულოს მაგიდა: „Room“

საწოლი და სავარძელი: „Lafur“

ტიხარი, კარადები, სამზარეულოს ავეჯი: „AvejiPro“

საძინებლის დეკორი: „Niani _studio“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რა შედის მებაღის მომსახურებაში და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე?

ჭერის შეფუთვა ფუნქციური მასალით – რა უნდა ვიცოდეთ